მთავარისაქართველოევროკავშირის მეორე დათქმა

ევროკავშირის მეორე დათქმა

საქართველოს თავსებადობა ევროკავშირის უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკასთან

როგორია საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის უსაფრთხოებასა და საგარეო პოლიტიკასთან? – ამის შესახებ დღეს იმსჯელეს “საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის” მიერ ორგანიზებული დისკუსიის ფარგლებში.

როდესაც საქართველოს 2022 წელს კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღო, მაშინ ითქვა, რომ ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ევროკავშირისა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის აცდენა იყო.

2023 წელს კი ქვეყანას სტატუსი მიენიჭა 9 დათქმით, საიდანაც ერთ-ერთი სწორედ ევროკავშირის პოლიტიკასთან საქართველოს საგარეო პოლიტიკის დაახლოებას გულისხმობს.

„ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან საქართველოს როგორც კანდიდატ ქვეყანას მოუწევს თავისი საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებების ევროკავშირზე მორგება. ეს არის ერთ-ერთი პირობა ყველა იმ ქვეყნისთვის, რომელსაც სურს, იყოს ევროკავშირის წევრი. დღეს აქ იმისთვის ვართ, რომ განვიხილოთ, თუ როგორ მიდის პროცესი და როგორ შეიძლება მისი გაუმჯობესება“, – ამბობს ასუნსიონ სანჩეზ რუიზი, ევროკავშირის ელჩის მოადგილე საქართველოში.

რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მალევე მაშინდელმა პრემიერმა თქვა, რომ საქართველო არ შეუერთდებოდა სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

ხელისუფლებამ მაშინ ეს უსაფრთხოებისა და ეკონომიკური რისკებით ახსნა.

შემდეგ საქართველო ასევე არ შეუერთდა მთელ რიგ რეზოლუციებსა და დეკლარაციებს, რომლებიც ევროკავშირმა უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში შეიმუშავა.

„რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებამდე, ვფიქრობ, ეს არ იქნებოდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც დღესაა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ევროკავშირის ქვეყნები გაერთიანდნენ რუსეთის აგრესიისთვის პასუხის გასაცემად, ევროკავშირმა ბევრი სანქცია გამოიყენა, რომლებსაც საქართველო უნდა შეუერთდეს. ეს დარჩება მთავარ საკითხად მაინც მანამ, სანამ რუსეთის ომი უკრაინაში გაგრძელდება“,- ამბობს ტანია ბიორცელი, “ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის” დირექტორი.

პოლიტიკის ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ახლა თბილისი ცდილობს, გააუმჯობესოს თავსებადობა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან. თუმცა ამ მხრივ კვლავ ბევრი გამოწვევაა.

„ბოლო შედეგები არ არის ცნობილი, თუმცა ფაქტი არის, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საქართველო ცდილობს, გააუმჯობესოს ამ მხრივ ურთიერთობა და შესაბამისობა, თუმცა არსებობს, როგორც ხელისუფლება ამბობს გარკვეული პრობლემები, რადგან ზოგიერთ რეზოლუციასთან შეერთება წინააღმდეგობაში მოდის არაღიარების პოლიტიკასთან. აქედან გამომდინარე, სწორედ ეს არის სამსჯელო, თუ როგორ შეიძლება მოახერხოს საქართველომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ერთად, რომ ის საკითხები, რომლებშიც შესაძლოა ზოგიერთი რეზოლუცია ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, როგორ მოხდეს ამ პრობლემის გადალახვა, რომ ამან არ ავნოს საქართველოს ჰარმონიზაციას ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან“,- ამბობს კორნელი კაკაჩია, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი.

ახლა, როცა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მოიპოვა, მეტი ვალდებულება აქვს ევროკავშირის წინაშე. იმისთვის, რომ ქვეყანა ალიანსს შეერთდეს, საჭიროა, მისი პოლიტიკა თუ ღირებულებები გაიზიაროს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend