მთავარისაქართველოპრეზიდენტი კონსულტაციებისთვის პოლიტიკოსებს უხმობს

პრეზიდენტი კონსულტაციებისთვის პოლიტიკოსებს უხმობს

“გთავაზობთ, შევქმნათ მომავლის ქარტია – „ერთობის პლატფორმა ევროპისთვის“”- ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 6 თებერვალს პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა და პოლიტიკურ აქტორებს ერთობლივი პლატფორმის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდა.

„მე მზად ვარ, ამ პლატფორმის ჩამოყალიბებაში ჩემი პასუხისმგებლობა ავიღო და ჩემს ადმინისტრაციასთან დავაარსო საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ევროპულ პრიორიტეტებზე ყველა კონკრეტულ შეთავაზებას მოუყრის თავს და დიალოგითა და კონსენსუსის წესით ხელს შეუწყობს ერთობლივი დოკუმენტის ჩამოყალიბებას.

ამ მიზნით მომავალ დღეებში ვაპირებ მოვიწვიო პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების დაინტერესებული პირები. ეს მიდგომა ინკლუზიური უნდა იყოს და მზად ვარ შევხვდე და მოვუსმინო ყველას,“- განაცხადა პრეზიდენტმა.

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის ამ ინიციატივას სალომე ზურაბიშვილის ოპოზიციასთან დაახლოების მორიგ ნაბიჯად მიიჩნევს. მმართველ პარტიაში ვერ ხედავენ ახალი პოლიტიკური მეტოქის ჩამოყალიბების რეალურობას და ერთ დროს მათ მიერვე მხარდაჭერილ სალომე ზურაბიშვილს პოლიტიკურ არჩევანში აკრიტიკებენ.

„ჩვენ თვეების განმავლობაში ვსაუბრობთ, რომ სალომე ზურაბიშვილი ემზადება, ფაქტობრივად, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ გადადგეს და შეუერთდეს ერთ-ერთ ბანაკს, რომელსაც ახლა თვითონ საორგანიზაციო შტაბივით აორგანიზებს და სურს, რომ რაღაც დამოუკიდებელ მოთამაშედ, ახალ ძალას წარმოაჩინოს ეს, თუმცა მისივე ნარატივი და მისივე საქმიანობა ცხადყოფს, თუ ვის ინტერესებს გამოხატავს ის. ის ადამიანები, რომელთანაც მან უკვე დაიწყო აქტიური კონსულტაცია ვერანაირად ვერ იქნება აღქმული საზოგადოებაში როგორც ნეიტრალური ძალა. ეს არიან ადამიანები, რომლებიც უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიან. შესაბამისად, ასეთი ადამიანისგან საერთოდ არ არის ინტერესი იმის შესახებ, ის ხელს მოაწერს თუ არა ირაკლი კობახიძის კაბინეტს”, – განაცხადა გივი მიქანაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დამოკიდებულება პრეზიდენტის მხრიდან მესამედ შეთავაზებულ მოწვევაზე ეკლექტურია. ძირითადი პოლიტიკური პარტიები ჯერჯერობით თავს იკავებენ ამ კონსულტაციებში მონაწილეობის მიღებაზე. ყველა პარტიას თავისი მოსაზრება აქვს. მაგალითად, ისინი ჯერ სალომე ზურაბიშვილისგან ელიან კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას. ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი გუნდის პოლიტიკურ თამაშებში საკუთარი როლის წარმატებით შესრულებაში ადანაშაულებს.

„ტყუილად აბრალებენ ყველაფერს – ბატონ ბიძინასა და “ქართული ოცნების” ორგულობას. მე არ დამრჩენია ასეთი შთაბეჭდილება, პირიქით, ქალბატონი სალომე ბატონი ბიძინას ძალიან კარგი თანამებრძოლია. შეიძლება ქართველ ხალხს ჰქონდეს სასაყვედურო ქალბატონ სალომესთან, მაგრამ ბატონ ბიძინას მეეჭვება რამე ჰქონდეს, ძალიან დიდი სიამოვნებით მონაწილეობს ის “ქართული ოცნების” სპექტაკლებში ყოველგვარი პროტესტების გარეშე”,- აცხადებს “გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია.

ოპოზიციის ნაწილი კი სალომე ზურაბიშვილს დიალოგის შეთავაზებაზე დასთანხმდა და უკვე ხვდება, მაგალითად, „ევროოპტიმისტების“ წარმომადგენელი რომან გოცირიძე.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, ვინაიდან დღეს ქვეყნის წინაშე არ არის იმაზე დიდი ამოცანა, ვიდრე ევროკავშირში გაწევრება, რასაც შემდეგ მრავალი სიკეთე როგორც ეკონომიკის, ასევე დემოკრატიის განვითარების კუთხით მოჰყვება. ჩვენ „ქართული ოცნებას” უნდა ვაიძულოთ, რომ როგორმე შეასრულოს ის 9 ვალდებულება, რომელიც არის აუცილებელი შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად, ანუ დავუახლოვდეთ უკრაინასა და მოლდოვას და ფაქტობრივად, დავიწყოთ მოლაპარაკება ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ „ქართული ოცნება” არ დათმობს იმ ბერკეტებს, რომლებიც ძალაუფლების შენარჩუნებისთვის სჭირდებათ. მაგალითად, როგორებიც არის საარჩევნო კანონმდებლობა, სასამართლო სისტემის რეფორმა და ა.შ. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტის, პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების მცდელობით „ქართული ოცნება” უნდა ვაიძულოთ, რომ რაღაც მაინც გააკეთოს. მთავარი გასაკეთებელი იქნება მას შემდეგ, რაც ამ ანტისახელმწიფოებრივ ხელისუფლებას პოლიტიკურ წარსულში გავისტუმრებთ“, – აცხადებს დეპუტატი რომან გოცირიძე.

სალომე ზურაბიშვილმა მასშტაბურად უკვე მესამედ დააანონსა პოლიტიკური ერთობის მისაღწევად კონსულტაციების ორგანიზება. როდის და რა შედეგით დასრულდება ეს მცდელობა, ჯერჯერობით უცნობია.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend