ბოლო დღეებში საქართველოში გააქტიურდა მეწყრული პროცესები, რომლებსაც უმძიმესი შედეგები მოჰყვა.
ექვს თებერვალს ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტებში დიდთოვლობით გამოწვეულ ზვავსა და მეწყერს 2 ადამიანი ემსხვერპლა. შვიდ თებერვალს, გამთენიისას, მეწყერი ჩამოწვა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში. ოთხი სახლი მოჰყვა მიწის მასაში. მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ ცხედრებს. ამ სტიქიას 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
დღეს, 8 თებერვალს, ცნობილი გახდა, რომ კვლავ ხულოს მუნიციპალიტეტში, ამჯერად სხალთის ხეობაში, ჩამოწვა მეწყერი. მიწის მასაში მოჰყვა საავტომობილო გზა და ხიდი. ეს ამბავი მსხვერპლის გარეშე დასრულდა, თუმცა 20-ამდე ოჯახს მოუწია საცხოვრებელი სახლის დატოვება.
მეწყერია სურამსა და ხაშურის მუნიციპალიტეტშიც. სოფელ ქვიშხეთში მოსახლეობა გახიზნეს. საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ 2023 წელს მომზადებული ერთ-ერთი დოკუმენტის მიხედვით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფლებში შესაძლო მეწყრული პროცესების გააქტიურება პროგნორზირებული იყო. ამავე დოკუმენტით გაცემულია რეკომენდაცია, ერთ-ერთი სოფლიდან, ობჩიდან, მოსახლეობის გაყვანის შესახებ. გარემოს ეროვნული სააგენტო ერთ-ერთ სოფელში საინჟინრო ნაგებობის რეკომენდაციასაც გასცემს. ეს დოკუმენტი არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი და ის “რადიო თავისუფლებამ” გაასაჯაროვა.