მთავარიგადაცემებითვითმხილველიგერმანიამ საემიგრაციო პოლიტიკა მკვეთრად შეცვალა

გერმანიამ საემიგრაციო პოლიტიკა მკვეთრად შეცვალა

რა დგას გერმანიაში საემიგრაციო პოლიტიკის რადიკალური ცვლილების უკან: აუცილებლობა თუ უბრალოდ პოლიტიკა?

გერმანიამ რადიკალურად გადაუხვია მიგრანტების მიმართ კეთილგანწყობით ცნობილი ე.წ. „მერკელის ეპოქის“ საიმიგრაციო პოლიტიკური კურსიდან. ასეთი მკვეთრი ცვლილების მიზეზების გასარკვევად ევრონიუსის ჟურნალისტი მონიკა პინა ბერლინში ჩავიდა.

ბევრისთვის გერმანია ემიგრაციის ქვეყანაა. აქ სამ მილიონზე მეტი ლტოლვილი და თავშესაფრის მაძიებელი ცხოვრობს – ეს ციფრი ნებისმიერი ევროპული ქვეყნის ანალოგიურ მონაცემებს აღემატება. გერმანია ემიგრანტების საოცნებო ქვეყანაა, მათ ამ ქვეყნის დასაქმების ბაზარი და ხელგაშლილობა იზიდავთ.

თუმცა გასულ წელს თავშესაფარზე მოთხოვნა 50 პროცენტით გაიზარდა, რის გამოც მიმღები სისტემა კრიზისში შევიდა. უკიდურესი მემარჯვენეები მთავრობას საყვედურობენ, რომ ის ვერ მართავს საემიგრაციო კრიზისს და ამ მოსაზრებას სულ უფრო მეტი ადამიანი ეთანხმება. ამიტომ გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ოლაფ შოლცმა  ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და საემიგრაციო პოლიტიკა გაამკაცრა.

Markus Schreiber/Copyright 2022 The AP

ტეგელი, გერმანიის დედაქალაქ ბერლინის ერთ დროს მთავარი აეროპორტი  ხელისუფლებამ 2022 წელს ლტოლვილთა ცენტრად აქცია. იმ დროს ბერლინში ყოველდღე ათასობით უკრაინელი ლტოლვილი ჩამოდიოდა. დღეისათვის მათი რიცხვი მილიონზე მეტია.

ყოფილი აეროპორტი ახლა გერმანიის ყველაზე დიდი ლტოლვილთა ცენტრია. ტეგელში ახლა  5 000-ზე მეტი ლტოლვილი და თავშესაფრის მაძიებელი ცხოვრობს. იგი რამდენჯერმე გააფართოვეს და ამჟამად 7 000 ადამიანის დატევა შეუძლია,  მაგრამ ახლა ისევ შესაძლებლობის ზღვარზე მუშაობს და ხელისუფლება ამბობს, რომ მის შემდგომ გაფართოებას აღარ განიხილავს.

2023 წელს თითქმის 300 ათასმა ადამიანმა მოითხოვა თავშესაფარი გერმანიაში, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2015 წლის შემდეგ, როდესაც გერმანიამ მილიონზე მეტი ლტოლვილი მიიღო, მათი უმეტესობა სირიიდან იყო. აქ ძირითადად თურქეთიდან, სირიიდან და ავღანეთიდან ჩამოდიან. ჩამომსვლელთა ნაკადი იმდენად დიდია, რომ ლტოლვილების ნაწილი სასტუმროებშიც კი დააბინავეს, სადაც მათი გადაღების უფლება არ მოგვცეს.

ლტოლვილთა მიღების კრიზისის გამო, ქვეყანაში მათი ინტეგრაცია სულ უფრო გართულდა, რაც ანტიიმიგრაციული რიტორიკის გაფართოებას უწყობს ხელს.  გასულ წელს კი ადგილობრივ არჩევნებში უკიდურესმა მემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელიც ემიგრაციის პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვდა, ადგილობრივ არჩევნებში ისტორიული გამარჯვება მოიპოვა.

Ebrahim Noroozi/Copyright 2024 The AP

უკვე აღდგა სასაზღვრო კონტროლი პოლონეთთან, შვეიცარიასთან და ჩეხეთის რესპუბლიკასთან. თავშესაფრის მაძიებლებს შემწეობას შეუმცირებენ.

„ლტოლვილთა მართლაც დიდი ნაკადის გამო ამომრჩევლის დიდ ნაწილს გაუჩინა განცდა, რომ ვითარებაზე კონტროლს კარგავს, პოლიტიკური დისკურსი კიდევ უფრო გამწვავდა პოპულისტური უკიდურესი მემარჯვენე პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარმატების შემდეგ,“ – განმარტავს დევიდ კიპი გერმანიის ინტეგრაციისა და უსაფრთხოების ინსტიტუტის (SWP) მიგრაციის ექსპერტი.

თუმცა იმიგრაციის მიმართ მზარდი ოპოზიციის მიუხედავად, გასულ იანვარში მილიონზე მეტი ადამიანი გავიდა ქუჩაში მთელი ქვეყნის მასშტაბით მემარჯვენეების პოლიტიკის გასაპროტესტებლად.

მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ უკიდურესი მემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“  მასობრივ დეპორტაციას გეგმავდა, რომელსაც ნეონაცისტური ელფერი დაჰკრავდა, ქვეყანაში საპროტესტო ტალღა აგორდა.  ამ დემონსტრაციის შედეგი ადგილობრივ არჩევნებზეც აისახა და პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“  ვეღარ აჯობა ოპოზიციურ კონსერვატიულ პარტიას. თუმცა გამოკითხვებში შოლცის კოალიციაში შემავალი პარტიები მაინც ბევრად ჩამორჩებიან  პარტიას „ალტერნატივა გერმანიისთვის“.

ავტორი: მონიკა პინა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend