ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა სოფელში მეექვსე ცხედარი იპოვეს. 3 პირის სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
შსს-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის გადარჩენილი და უსაფრთხო ადგილზე გადაყვანილია 1 პირი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამუშაოებში ჩართულია 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი და კინოლოგების ჯგუფი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2024 წლის 7 თებერვალს მდ. ხანისწყლის ხეობის მარჯვენა ფერდობზე კლდეზვავური ტიპის მეწყრული პროცესი გააქტიურდა.
მეწყერმა სრულად დაანგრია 4 საცხოვრებელი სახლი და ჩაკეტა მდ. ხანისწყლის მარჯვენა ფერდობზე გამავალი ცენტრალური საავტომობილო გზა.
„კლიმატური ცვლილებების ფონზე, სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ გახშირებულია სტიქიური მოვლენები, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში. კლიმატური ცვლილებები იწვევს განსაკუთრებით უხვ ნალექს, რაც მაპროვოცირებელი ფაქტორი ხდება თანმდევი სტიქიების, როგორებიც არის წყალდიდობები, წყალმოვარდნები, მეწყრები და ღვარცოფები. უხვი ნალექის მოსვლამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, უფრო მეტად დასავლეთ საქართველოში, გააქტიურა მეწყრული პროცესები, განსაკუთრებით მაღალმთიან ზონებში“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.