მთავარიევროპაუკრაინამობილიზაციის შესახებ კანონპროექტი აზრთა სხვადასხვაობას იწვევს უკრაინაში

მობილიზაციის შესახებ კანონპროექტი აზრთა სხვადასხვაობას იწვევს უკრაინაში

უკვე ორი წელია, უკრაინაში ომია და ქვეყნის მოსახლეობა არ ფიქრობს, რომ ეს ბრძოლა მალე დასრულდება.

ისინი მხარს უჭერენ ამ ბრძოლას თავისუფლებისთვის, თუმცა აქვთ კითხვები ჯარის მობილიზაციისა და მებრძოლების ჯანმრთელობისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ.

უკრაინის რადამ ახალი კანონპროექტის პირველი მოსმენა გამართა.

კანონპროექტში განსაზღვრულია ომის პირობებში ჯარში სამსახურის ვადები.

თუ კანონპროექტი დამტკიცდა, ჯარისკაცებს არანაკლებ 15-დღიანი შვებულება ექნებათ, ხოლო ტყვეობიდან განთავისუფლებულები დამატებით მიიღებენ 90-დღიან შვებულებას.

როდესაც პარლამენტარებმა ახალი კანონპროექტის განხილვა დაიწყეს, უკრაინელმა ქალებმა დემონსტრაცია გამართეს კიევში.

უკრაინელი ჯარისკაცების ცოლები, დედები და მეგობრები ითხოვენ, რომ კანონპროექტით შემოთავაზებული 36-თვიანი ვადა ფრონტის ხაზზე მებრძოლებისთვის შემცირდეს 18 თვემდე.

მათ სურთ ოჯახის წევრებს სახლში დაბრუნება და დასვენება შეეძლოთ. ისინი მხარს უჭერენ კიდევ ერთი მობილიზაციის გამოცხადებას, რათა სხვა მებრძოლებიც წავიდნენ ფრონტზე.

„ჩემი ქმარი ფრონტის ხაზზეა უკვე 2 წელია. მთელი ამ დროის განმავლობაში მას მხოლოდ 30-დღიანი შვებულება ჰქონდა. მისი დანაყოფი მხოლოდ თვენახევრის განმავლობაში გაათავისუფლეს. ჩვენი ჯარისკაცები ვიღაცამ უნდა შეცვალოს, მათ უნდა ჰქონდეთ დასვენების შესაძლებლობა. შემდეგ თუ მოისურვებენ დაბრუნდნენ ბრძოლის ველზე, შეუძლიათ დაბრუნდნენ… ომი უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ არ დავიბრუნებთ ჩვენს ტერიტორიებს“, – ამბობს ანტონინა დანილევიჩი, უკრაინელი ჯარისკაცის ცოლი.

“მე მყავს ვაჟი, ის სამი წლისაა. ჩემი შვილის ცხოვრების უმეტესი ნაწილი მამამისს სახლში არ გაუტარებია და ეს გავლენას ახდენს მასზე. ჩვენი პროტესტი არ ეხება ომის შეჩერებას. სხვებმაც უნდა მოიხადონ საკუთარი ვალი სამშობლოს წინაშე“, -ამბობს კიდევ ერთი უკრაინელი მებრძოლის ცოლი.

გასული წლის იანვარში უკრაინის პარლამენტმა გააუქმა მობილიზაციის კანონპროექტი, რომელიც ფრონტზე მეტი სამხედროს გაგზავნას ისახავდა მიზნად. მაშინ მოსახლეობაში ამ კანონპროექტმა კითხვები გააჩინა, რადგან გაწვევის ასაკი 27-იდან 25 წლამდე შემცირდა.

უკრაინის სამხედრო მეთაურობა აცხადებს, რომ მას სჭირდება 500 000 ახალწვეული, რათა გააძლიეროს ჯარები, შეცვალოს დანაკარგები და გარკვეული შვება მოუტანოს მათ, ვინც ფრონტზე 2 წელია იმყოფება.

ვალერი გორია

კიევი, უკრაინა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend