დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტის დაკავებიდან სულ რაღაც წელიწად-ნახევარში ჩარლზ III-ს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. მონარქმა მკურნალობა უკვე დაიწყო. ბუკინგემის სასახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ მეფემ დიაგნოზის გასაჯაროება სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით გადაწყვიტა და ის იმედოვნებს, რომ ეს ფაქტი სიმსივნით დაავადებულთა მიმართ საზოგადოების ემპათიას გაზრდის.
მოქალაქეები, რომლებიც ევრონიუსმა გამოჰკითხა, ამბობენ, რომ მეფის ავადმყოფობა ძალიან ადარდებთ.
„როგორც სიმსივნით დაავადებულ ადამიანს, მიხარია, რომ ამას საჯაროდ ამბობს და სხვა ადამიანებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. იმედია, ეს ამ საშინელ დაავადებაზე ცნობიერებას აამაღლებს”.
მეფე ჩარლზის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული ცნობის გავრცელების შემდეგ მონარქს მხარდაჭერას მთელი მსოფლიოდან უცხადებენ. დიაგნოზის მიუხედავად, მეფე საკუთარ კონსტიტუციურ როლს ინარჩუნებს. სასახლის ინფორმაციის თანახმად, იგი სახელმწიფო საქმეებსა და ოფიციალურ დოკუმენტებზე მუშაობას გააგრძელებს, თუმცა მედიისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრში, სავარაუდოდ, პრინცი უილიამი მოექცევა.
A statement from Buckingham Palace: https://t.co/zmYuaWBKw6
📷 Samir Hussein pic.twitter.com/xypBLHHQJb
— The Royal Family (@RoyalFamily) February 5, 2024
ბუკინგემის სასახლის განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ ჩარლზი მკურნალობის მიმართ სრულიად პოზიტიურადაა განწყობილი და მოუთმენლად ელის სრულ დაბრუნებას საჯარო მოვალეობების შესასრულებლად.
სამეფო ტახტი ჩარლზ III-მ დედოფალ ელისაბედის გარდაცვალების შემდეგ დაიკავა. 2023 წლის 6 მაისს იგი იქცა მონარქად, რომელიც დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტზე ყველაზე ხანდაზმულ ასაკში ავიდა.