მთავარისაქართველოსწრაფი ინტეგრაციის გზები - საპარლამენტთაშორისო კონფერენცია თბილისში

სწრაფი ინტეგრაციის გზები – საპარლამენტთაშორისო კონფერენცია თბილისში

სასამართლო რეფორმები და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა; საარჩევნო რეფორმები და მისი გავლენა დემოკრატიაზე; ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან – პერსპექტივები და შესაძლებლობები; მწვანე დღის წესრიგი და გენდერული თანასწორობა – ამ საკითხებსა და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაზე იმსჯელეს საქართველოს პარლამენტში 6 ქვეყნის მონაწილეობით გამართულ კონფერენციაზე.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მოწვევით, თბილისში პირველად გაიმართა კონფერენცია დასავლეთ ბალკანეთის იმ ქვეყნების მონაწილეობით, რომელთაც კანდიდატის სტატუსი უკვე მრავალი წელია აქვთ.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროინტეგრაციის კომიტეტების წარმომადგენლებმა ალბანეთიდან, ბოსნია და ჰერცეგოვინიდან, მონტენეგროდან, სერბეთიდან და ჩრდილოეთ მაკედონიიდან.

მისასალმებელი სიტყვისას ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ ყველა ქვეყნის, განსაკუთრებით საქართველოს, წარმომადგენლებს დაკისრებული რეფორმების რეალურად და არა ფასადურად შესრულებისკენ მოუწოდა. ამისთვის კი ელჩი პოლიტიკურ აქტორებს კვლავ ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდებს.

„ევროკავშირის კარი ასე ფართოდ ღია არასდროს ყოფილა. თითოეულ ქვეყანაზეა დამოკიდებული, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ეს შესაძლებლობა წინსვლისთვის. ამჟამად სრულიად განსხვავებული გეოპოლიტიკური კონტექსტია. საქართველოს აქვს უპირატესობა დასავლეთ ბალკანეთთან შედარებით. საქართველოს აქვს ძალიან ძლიერი საჯარო ადმინისტრაცია, რაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების უმეტესობაში ჯერაც აღმშენებლობის პროცესშია. ეს ნამდვილად უპირატესობაა, როდესაც საქმე ეხება ევროკავშირთან თანხვედრას, რადგანაც საქართველო შეძლებს რეფორმების დამტკიცებასა და ამოქმედებას.

დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილებიდან შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნები, რომლებიც ამ რეფორმებს ამ გზით უახლოვდებიან, უფრო სწრაფად მიაღწევენ წარმატებას, ვიდრე ისინი, ვინც კოსმეტიკურ ცვლილებებს ახორციელებენ. არ დაუშვათ შეცდომები. ეს რეფორმები ტრანსფორმაციული უნდა იყოს. არ შეიძლება იმის დავიწყება, რომ ცხრა საფეხურზე მუშაობაზე მეტია საჭირო.

ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გადადოს გვერდზე პოლიტიკური უთანხმოებები იმისთვის, რომ იმუშაონ ერთად და განახორციელონ ეს რეფორმები. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ პოლიტიკური კონსენსუსის ნაკლებობა აფერხებს გაწევრიანების პროცესს“, – თქვა ელჩმა.

სამუშაო ფორმატის დაწყებამდე კონფერენციაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და კონფერენციის ორგანიზატორმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა.

„გასული წლის ისტორიული გადაწყვეტილება ჩვენ მიერ გაწეული დიდი შრომისა და მიღწეული შედეგების აღიარება, ასევე ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. ვაცნობიერებთ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ხანგრძლივი პროცესია, რომელიც სათანადო მოთმინებასა და დიდ შრომას მოითხოვს. ამ პროცესში მნიშვნელოვანია იმ ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების შესწავლა, რომლებიც წლების განმავლობაში ამ გზას ადგანან და ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებაში ღირებული გამოცდილება დაუგროვდათ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს სახელით მათ ხაზი გაუსვეს ევროინტეგრაციის გზაზე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილების გაზიარებისა და იმავე შეცდომების არ დაშვების მნიშვნელობას.

“კარგად ვაცნობიერებთ, რომ გზა, რომელიც ევროკავშირის წევრობამდე უნდა გავიაროთ, არც სწრაფია და არც მარტივი. დასავლეთ ბალკანეთის რეგიონის ქვეყნების გამოცდილება, პროცესები, რაც მათ განვლეს და გამოწვევები, რომლის წინაშეც დგანან, ჩვენთვის საყურადღებოა”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

რა გზა განვლო დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებმა კანდიდატის სტატუსამდე და ახლა როგორია მათი მიდგომა სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების გატარებისას – ეს იყო ძირითადი კითხვები, რაც ქართველ დეპუტატებს ჰქონდათ ბალკანელ კოლეგებთან. შეხვედრაზე მყოფები თანხმდებიან, რომ ევროკავშირთან დაახლოების სწრაფი პროგრესისთვის ერთობლივი მუშაობა და დათმობებზე წასვლაა საჭირო. თუმცა ეს ქართველ პოლიტიკოსებს მმართველი და ოპოზიციური პარტიებიდან თავისებურად ესმით.

საქართველოსა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების პირველი საპარლამენტთაშორისო კონფერენცია იმ შეთანხმებით დასრულდა, რომ კანდიდატის სტატუსის მქონე 6 ქვეყანა ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ერთმანეთთან საკონსულტაციო რეჟიმში ითანამშრომლებენ. ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა ამ ექვსივე ქვეყნისთვის ახლა უნიკალურ ისტორიულ შანსს იძლევა, რათა ერთიანი ევროპული ოჯახის წევრები გახდნენ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend