მთავარისაქართველოოთხმა საპარლამენტო კომიტეტმა განახლებულ სამთავრობო გეგმას მხარი დაუჭირა

ოთხმა საპარლამენტო კომიტეტმა განახლებულ სამთავრობო გეგმას მხარი დაუჭირა

დღეს, 5 თებერვალს, ახალ სამთავრობო პროგრამასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი კობახიძის, მიერ წარდგენილი განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს მხარი დაუჭირა 4-მა კომიტეტმა გაერთიანებულ სხდომაზე.

მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს 2 თებერვალს წარედგინა. დღეიდან კი პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტი სპეციალიზაციის მიხედვით განიხილავს სამთავრობო პროგრამას და ისინი უსმენენ განახლებულ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას.

დღეს, 5 თებერვალს,  სამთავრობო პროგრამის განხილვა 4 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გაიმართა, სადაც თავდაცვის, იუსტიციის, შინაგან საქმეთა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატებს უსმენდნენ.

მეორე სხდომაზე კი დეპუტატებმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის, კულტურისა და სპორტის, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმინეს.

წარდგენილი გეგმით, სამთავრობო კაბინეტში მხოლოდ ერთ მინისტრს შეცვლიან. ახალ მთავრობაში თავდაცვის მინისტრად ჯუანშერ ბურჭულაძეს ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის.

სამთავრობო პროგრამის წარდგენისას ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ თავდაცვის ძალების განვითარების საქმეში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებას. მან გამოხატა მადლიერება საერთაშორისო ინსტიტუტებისა და პარტნიორი ქვეყნების მიმართ. გარდა ამისა, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა მმართველი პოლიტიკური გუნდის თითოეულ წევრს, განსაკუთრებით კი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.

მმართველი გუნდი კმაყოფილია წარდგენილი ცვლილებებით და ამბობენ, რომ მხარს დაუჭერენ ამ შემადგენლობას. მათი თქმით, გასულ წელს მიღებული კანდიდატის სტატუსი იმის დასტურია, რომ მთავრობა თავის საქმიანობას წარმატებით ასრულებს და მათ ყველანაირი საფუძველი აქვთ იმედი ჰქონდეთ, რომ ახალი შემადგენლობა შეძლებს ამ პროცესის იმავე წარმატებით გაგრძელებას.

რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათი დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ მთავრობის შემადგენლობა არა ხალხის, არამედ მხოლოდ მმართველი პოლიტიკური გუნდის ელიტის ინტერესებს ემსახურება. მათი თქმით, ხალხისთვის პრაქტიკული თვალსაზრისით არაფერი იცვლება წარდგენილი ცვლილებების ფონზე, რადგან დღის ბოლოს გადაწყვეტილებებს მაინც პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი იღებს.

საკომიტეტო მოსმენები ჩანიშნულია 6 და 7 თებერვალსაც.

7 თებერვალს მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ და სხვა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები ერთობლივად მოუსმენენ, ხოლო 8 თებერვალს კი ფრაქცია ,,ქართული ოცნება“ და ,,ხალხის ძალა“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend