მთავარისპორტიმსოფლიო თასი სნოუბორდ კროსში

მსოფლიო თასი სნოუბორდ კროსში

3-4 თებერვალს გუდაურში სნოუბორდ კროსის დისციპლინაში მსოფლიო თასის ეტაპები გაიმართა

მას შემდეგ, რაც საქართველომ წინა წელს ბაკურიანში უმაღლეს დონეზე უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდისა და ფრი სკის დისციპლინებში, შესაბამისად, ჩვენმა სამთო კურორტებმა მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა ზამთრის ტურიზმის მსოფლიო რუკაზე. ამჯერად მთის კურორტების მთავარი მოვლენების ეპიცენტრში გუდაური მოექცა, სადაც სამ და ოთხ თებერვალს წარმატებით ჩატარდა მსოფლიო თასის ეტაპი სნოუბორდ კროსის დისციპლინაში. 17 ქვეყნის 90 სპორტსმენი გუდაურში სპეციალურად ამ ტურნირისთვის ჩამოვიდა.

ტურნირი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. პირველ დღეს კვალიფიკაციები გაიმართა, ხოლო მეორე და მესამე დღეს უშუალოდ შეჯიბრება. პირველი დღის გამარჯვებული ქალთა შორის ფრანგი ათლეტი ქლოე ტრესპუში გახდა, ხოლო მეორე დღეს კი ბრიტანელი შარლოტ ბენქსი. კაცთა თანრიგში კი პირველობა არავის დაუთმო ელიოტ გრონდინმა და ორივე დღის გამარჯვებული კანადელი სპორტსმენი გახდა. გამარჯვებულმა ათლეტებმა ამ შეჯიბრით მნიშვნელოვანი სარეიტინგო ქულები დააგროვეს. შეჯიბრის ბოლოს დაჯილდოებაც გაიმართა.

,,დღევანდელი დღე, მართლაც, კარგი გამოვიდა. მართალია, გუშინაც მოვიგე, მაგრამ დღევანდელი დღით უფრო კმაყოფილი ვარ. ლიდერობისთვის გამარჯვება მჭირდებოდა. თავიდან კარგი სტარტი არ მქონია და ამან მოტივაცია მომცა, რომ შემდგომში საუკეთესო შედეგი მეჩვენებინა. საკუთარი თავით ძალიან ვამაყობ. გუდაური გასაოცარია, დღეს უნდა წავიდეთ, თუმცა კიდევ რამდენიმე დღეს აქ დიდი სიამოვნებით გავატარებდი’’,-ამბობს ელიოტ გრონდინი, ტურნირის გამარჯვებული.

,,გამარჯვებით ბედნიერი ვარ, ეს ჩემი გუნდის დიდი ძალისხმევის შედეგია და მადლობა მათ, რომ სჯეროდათ ჩემი. ამ შედეგისთვის დიდი ძალისხმევა ჩადეს. გუდაურში ძალიან კარგი დრო გავატარეთ, ძალიან კარგი სასრიალო ტრასაა და ბედნიერი ვარ ასეთი საოცარი ადგილის აღმოჩენით”,-ამბობს შარლოტ ბენქსი.

გუდაურში ასეთი საერთაშორისო დონის ტურნირი პირველად ჩატარდა. აღნიშნული შეჯიბრი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან დადებითად შეფასდა როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საორგანიზაციო კუთხით. ღონისძიებას საერთაშორისო მედია აშუქებდა, მათ შორის ისეთი ცნობილი სპორტული არხი როგორიცაა „ევროსპორტი“.

“გუდაურის ღონისძიების ორგანიზებით ძალიან კმაყოფილები ვართ! ორივე დღე განსაკუთრებული აღმოჩნდა. ორგანიზატორები ნამდვილი პროფესიონალები არიან, ინფრასტრუქტურაც მშვენიერია. ყველა ძალიან მონდომებული და ენთუზიაზმით სავსეა. ეს ზუსტად ის შემთხვევაა, როცა გლობალურად მოხდა კავკასიონის თეთრი მთებისა და ასევე გუდაურის პოპულარიზაცია”, – ამბობს უვე ბეიერი, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრის დირექტორი.

სნოუბორდ კროსი თავისუფალი სტილით სრიალის სახეობაა. სპეციალურად შექმნილ საშეჯიბრო ტრასაზე 4 ათლეტი ერთდროულად ეშვება და გამარჯვებულია ის სპორტსმენი, რომელიც პირველი გადაკვეთს ფინიშის ხაზს. 2006 წლიდან სნოუბორდ კროსი ზამთრის ოლიმპიური თამაშების სახეობაა. გუდაურში ჩატარებულ სნოუბორდ კროსში ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულები და პრიზიორებიც იღებდნენ მონაწილეობას.

,,გუდაურს უკვე დიდი ხანია რაც ვსტუმრობ, რადგან აქ სრიალი ძალიან მიყვარს. სანამ ჩამოვიდოდი ამ შეჯიბრის შესახებ არაფერი ვიცოდი და მინდა გითხრათ, რომ ძალიან გამიმართლა, რომ ასეთ საერთაშორისო და მაღალი დონის ტურნირს ვესწრები. ყველაფერი ძალიან კარგად არის ორგანიზებული’’, – ამბობს ტურისტი.

წლევანდელი სეზონი ბაკურიანში 22 და 23 დეკემბერს გაიხსნა, სადაც შეჯიბრი ფრისტაილში, მოგულისა და დუალ მოგულის დისციპლინებში წარმატებით ჩატარდა. 3 და 4 თებერვალს კი სნოუბორდ კროსის დისციპლინით შეჯიბრება გუდაურში გაგრძელდა, ხოლო 10 და 11 თებერვალს კი სკი კროსის მასპინძელი ისევ ბაკურიანი იქნება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend