თბილისის საქალაქო სასამართლომ აქტივისტ ნატა ფერაძეს 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა ეს გადაწყვეტილება სამების საკათედრო ტაძარში მატრონა მოსკოველის ხატისთვის საღებავის შესხმის გამო მიიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმის წარმოება დაწყებული ჰქონდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა).
ნატა ფერაძე ამბობს, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. დაკავებას კი ხელისუფლების მხრიდან პრორუსული ჯგუფებისთვის მაამებელ ქმედებას უკავშირებს.
სამოქალაქო აქტივისტი პოლიციელებმა მის საცხოვრებელ სახლში ხმაურის ფონზე დააკავეს. ვიდეოკადრები, სადაც ნატა ფერაძეს აკავებენ, აქტივისტმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა.