მთავარისაქართველოიუთუბერობა, როგორც პროფესია

იუთუბერობა, როგორც პროფესია

თურმე შეიძლება დღეს სოცმედია შენი სამსახური გახდეს – შესაძლებელია, რომ ინტერნეტში არა მხოლოდ ინფორმაცია მოიძიო, არამედ ფულიც გამოიმუშაო.

ვისთვის რა არის “იუთუბი”?

ბევრი გეტყვით, რომ “იუთუბი” დღეს უკვე მრავალი ადამიანის სამსახურია, ხოლო იუთუბერობა პროფესია. ჟურნალისტი და პლატფორმა „64-ის“ თანადამფუძნებელი გიორგი გოგუა „იუთუბის“ დადებით მხარეებზე საუბრობს: „ინტერნეტში ვიდეოს მოხმარება არის ათჯერ უფრო მეტი ვიდრე დანარჩენი სხვა ტიპის კონტენტის. ვიდეო არის მზარდად პოპულარული პროდუქტი. “იუთუბის” პლუსი ის არის, რომ როდესაც რაღაცას უყურებ, ეს პლატფორმა ამ თემის ირგვლივ სხვა საინტერესო ვიდეოებსაც გთავაზობს“.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში შეიქმნა არაერთი იუთუბ არხი, რომლებსაც ათასობით მიმდევარი ჰყავს, თუმცა ისინი შინაარსით განსხვავდება.

„ქართული “იუთუბი” დღეს ძირითადად არის გასართობი ინდუსტრია, ყველაზე კარგად რაც იყიდება, ბუნებრივია, არის გართობა. “იუთუბზე” ბევრნაირი კონტენტია პოპულარული – ტექნოლოგიის განხილვები, გაყიდვები, სპორტული და გასართობი. ხალხს უნდა ალტერნატიული საინფორმაციო წყაროები, რომლებიც განსხვავებულად და საინტერესოდ მოყვებიან ამბებს“, – გვეუბნება გიორგი.

ვაჟა გოგუა და გიორგი ქორიძე იუთუბერები არიან. ისინი აუდიტორიას გასართობ ჩანაწერებს სთავაზობენ. მათთვის იუთუბერობა პროფესია გახდა და დღეს ათასობით მიმდევარი ჰყავთ.

„პროფესია არ მქონდა და ერთადერთ პროფესიას, რომელსაც დავეუფლე იყო “იუთუბზე” კონტენტის კეთება, შემდგომ ამას მოჰყვა ანაზღაურება. თავიდან იყო, მოდი, გადავიღოთ ვიდეოები, შემდგომ ამ ვიდეოების გადაღებით განვვითარდით, დაფინანსება ვიპოვეთ, ამ დაფინანსებით კი აპარატურა ვიყიდეთ“, – ამბობს ვაჟა გოგუა.

„ისე მოხდა, რომ ემთხვეოდა ჩვენი ინტერესები ერთმანეთს და გადავწყვიტეთ ერთად გაგვეკეთებინა “იუთუბი”, დღემდე მოვდივართ ერთად“, – გვეუბნება გიორგი.

სოციალური მედია მუდმივად ვითარდება. იზრდება კონკურენცია და სულ უფრო მეტი საინტერესო მიმართულება ჩნდება. იმისათვის, რომ აუდიტორია შეინარჩუნო, დიდი ძალისხმევაა საჭირო, აპარატურის მუდმივი განახლება, ახალი თემების მოფიქრება და ა.შ.

„მე შევადარებდი “იუთუბს” ბიზნესს, თუ გინდა, რომ “იუთუბი” საქმედ და შემოსავლის წყაროდ აქციო, უნდა შეხედო როგორც ბიზნესს. თუ რა არის მოთხოვნა, რა არის გაყიდვადი. შენი შემოსავალი დამოკიდებულია ნახვების რაოდენობასა და სპონსორის ინტერესებზე, ვინც ფულს გიხდის. სამწუხაროდ, “იუთუბზე” საქართველოში მონეტიზაცია ერთი ადამიანისთვისაც კი არ იხდის ბევრს, ამიტომ დამოკიდებული ხარ სპონსორზე“. – აბობს ვაჟა გოგუა.

დამწყებმა იუთუბერებმა ბევრი დეტალი უნდა გაითვალისწინონ.

„თუ მეკითხებიან დამწყებ იუთუბერებს რას ურჩევდითო, ჯერ უნდა გადაწყვიტონ, რა უნდათ, კონტენტის კეთება თუ შემოსავალი. თუ უბრალოდ იუთუბერობა უნდათ, მთავარია დაიწყონ და გადადგან ნაბიჯი“, – ამბობს ვაჟა.

„გაერთონ რასაც აკეთებენ იმით, თუ ვერ გაერთობიან, აღარ გააგრძელებენ ორი-სამი ვიდეოს შემდეგ. თუ ცოტა სამსახიობო ნიჭი ან შესაძლებლობა გაქვს ისეთი, რომ კამერასთან მუშაობის არ გრცხვენია, იუთუბზეც გიმარტივდება საქმე“, – ასე ფიქრობს გიორგი.

და ბოლოს, რა მოაქვს იუთუბერისთვის სოციალურ ქსელში მუშაობას?

„”იუთუბი” თავისუფალი სივრცეა, შეგიძლია შენი პატარა სამყარო მოიწყო, როგორც ჩვენ მოვიწყეთ და ვართ ძალიან ბედნიერები. მეგობრები ვაკეთებთ იმას, რაც გვინდა და არ გვშია“, – ამბობს ვაჟა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend