შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი მებრძოლების წინააღმდეგ საპასუხო დარტყმების გეგმა დაამტკიცა.
დეტალები არ გავრცელებულა, თუმცა, როგორც ჩანს, შეერთებული შტატები იერიშისთვის შესაფერის ამინდს ელოდება, რათა თავიდან აიცილოს მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.
შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას, რათა თავიდან აიცილონ რეგიონში მასშტაბური კონფლიქტი. ამასთანავე, იგი პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებენ შეერთებული შტატების ინტერესებისა და ხალხის დასაცავად. ლოიდ ოსტინის თქმით, აშშ თავად გადაწყვეტს, როდის დაიწყებს მოქმედებას.
მიუხედავად იმისა, რომ აშშ ისრაელს მხარს უჭერს, ვაშინგტონი სანქციებს უწესებს ოთხ ისრაელელს, რომლებსაც პალესტინელთა დაშინება და მათზე თავდასხმა ედებათ ბრალად.
ღაზაში კი ჰუმანიტარული ვითარება კიდევ უფრო რთულდება. გაეროს პალესტინელთა დახმარების სააგენტოში განაცხადეს, რომ მუშაობა, სავარაუდოდ, თვის ბოლოს შეჩერდება.
Nowhere in📍#Gaza is safe.
Every day people continue to be displaced, forced to flee from intense fighting. There is near complete destruction of essential civilian infrastructure.
Every day is a struggle to survive. pic.twitter.com/UaVztBiF6K
— UNRWA (@UNRWA) February 1, 2024
ამავდროულად, ზოგიერთმა ისრაელელმა ღაზის სექტორში დახმარების მიწოდების შეწყვეტა მოითხოვა. გუშინ პროტესტის ნიშნად ათობით ადამიანი აშდოდში, ისრეალის ერთ-ერთ მთავარ პორტთან შეიკრიბა. საპროტესტო აქციაზე ისმოდა შეძახილები: „შეწყვიტეთ ტერორისტთა გამოკვება!“