მთავარიაზიაისრაელიისრაელის პრემიერი გატაცებულ მოქალაქეთა დაბრუნების პირობას დებს

ისრაელის პრემიერი გატაცებულ მოქალაქეთა დაბრუნების პირობას დებს

ისრაელის თავდაცვის ძალები “ჰამასთან” ქალაქის სამხრეთ და დასავლეთ ნაწილებში იბრძვიან. სამხედრო საჰაერო ძალებმა კი “ჰამასის” შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა დაბომბეს. ისრაელის 98-ე დივიზია ღაზის სექტორის სიდიდით მეორე ქალაქ ხან იუნისს უტევს.

“ჰამასმა” ორი სარაკეტო იერიში მიიტანა სამხრეთ ისრაელზე. ღაზის სექტორში ჰუმანიტარული ვითარება უარესდება. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მათ არ აქვთ საკვები და სასმელი წყალი.

“მე ოჯახი არ მყავს, არც ქმარი და არც შვილი. ვერავინ მივლის, საჭმელი არავის აქვს, არც სასმელი წყალი. მას შემდეგ, რაც ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება შეფერხდა, ვითარება გაუსაძლისი გახდა“, – ამბობს საბაჰ ალ ისავი, ღაზის სექტორის მკვიდრი.

ვაშინგტონში კი აცხადებენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პალესტინის სახელმწიფოს ჩამოყალიბებას მხარს უჭერს და მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი რეგიონში მყარი მშვიდობის დამყარება.

„მიგვაჩნია, რომ კონფლიქტის ესკალაცია არავის ინტერესებში არ შედის. ეს არ გახლავთ ჩვენთვის სასურველი სცენარი. გვჯერა, რომ ეს არც ირანის ისლამურ რესპუბლიკაში სურთ. ვაშინგტონი ერთგული რჩება 2 სახელმწიფოს პრინციპისა და თვითგამორკვევის პრინციპის. რაც გულისხმობს იმას, რომ პალესტინური სახელმწიფოს ჩამოყალიბება რეგიონში მშვიდობისკენ მიმავალი ერთადერთი სწორი გზაა“, – განაცხადა მეთიუ მილერმა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი კი პირობას დებს, რომ “ჰამასის” მიერ გატაცებულ ყველა მოქალაქეს სამშობლოში დააბრუნებს და ამ მიმართულებით ისრაელი არაფერს დათმობს.

„”ჰამასის” მიერ გატაცებული თანამემამულეების დასაბრუნებლად ძალისხმევას არ ვიშურებთ, მაგრამ ამისთვის ნებისმიერი ფასის გადასახდელად მზად არ ვართ. არსებობს წითელი ხაზები, ომს არ შევწყვეტთ, ღაზის სექტორიდან ჯარებს არ გამოვიყვანთ და ყველა დასახულ ამოცანას მივაღწევთ“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

2023 წლის 7 ოქტომბერს ისრაელსა და “ჰამასს” შორის დაწყებული ომის შედეგად უკვე დაიღუპა 27 ათასზე მეტი ადამიანი, დაჭრილია 60 ათასზე მეტი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend