მთავარისაქართველოვინ ასრულებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობას

ვინ ასრულებს პრემიერ-მინისტრის მოვალეობას

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში არ ამბობენ, ვინ ასრულებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას. ევრონიუს ჯორჯიამ ამ კითხვით მთავრობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს მიმართა, თუმცა მათ პასუხი ამ დრომდე არ დაუბრუნებიათ.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში, მის მოვალეობას პირველი ვიცე-პრემიერი ასრულებს. ამ დროისთვის მთავრობაში ორი ვიცე-პრემიერია, კულტურისა და ეკონომიკის მინისტრები – თეა წულუკიანი და ლევან დავითაშვილი.

საქართველოს მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე არ არის დაკონკრეტებული, რომელი მათგანია პირველი ვიცე-პრემიერი და რომელი მეორე, თუმცა ვებგვერდზე რიგითობას თუ შევხედავთ, მთავრობის წევრების ჩამონათვალში პირველი თეა წულუკიანის სახელი და გვარი წერია, შემდეგ კი ლევან დავითაშვილის… ამიტომ, უფრო მეტად ლოგიკურია ითქვას, რომ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თეა წულუკიანია. თუმცა ოფიციალური წყარო ამ შემთხვევაში მთავრობის ადმინისტრაცია, ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

პირველ თებერვალს კი უკვე ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ვინაობა გახდება ოფიციალურად ცნობილი. „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა რამდენჯერმე დაადასტურეს, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად განიხილება ირაკლი კობახიძე და დაადასტურეს ისიც, რომ სხვა კანდიდატი მმართველ პარტიას არ ჰყავს.

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ მმართველი პარტიის მიზანია, მთავრობა მომავალი კვირის განმავლობაში სრულად დაკომპლექტდეს და კვირის ბოლოს ქვეყანას უკვე დამტკიცებული ჰყავდეს ახალი მთავრობა.

სწორედ შალვა პაპუაშვილია ერთ-ერთი, მმართველი პარტიის იმ წევრებიდან, რომელმაც დაადასტურა, რომ ირაკლი კობახიძე განიხილება ქვეყნის ახალ პრემიერ-მინისტრად. მან ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გადასვლას ისტორიულიც კი უწოდა.

რაც შეეხება ოპოზიციას, სამთავრობო ცვლილებებზე ამბობენ, რომ არც მათთვის და არც საქართველოს მოსახლეობისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ოფიციალურად ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი, რადგან მათი თქმით, გადაწყვეტილებებს მაინც ბიძინა ივანიშვილი იღებს. ოპოზიციური პარტიების წევრების განცხადებით, პრემიერისა და პარტიის თავმჯდომარის გადანაცვლებით მოსახლეობისთვის არაფერი იცვლება.

ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან ოფიციალურად 30 იანვარს გადადგა, თუმცა მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მას ირაკლი კობახიძე შეცვლიდა. ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციას დაიკავებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend