პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელის ძალებმა ქალაქ ჯენინში იბნ სინას საავადმყოფოს პალატებში ცეცხლი გახსნა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა, რომლებიც ქალებისა და სამედიცინო მუშაკების ფორმებში იყვნენ გადაცმულები, სამი პალესტინელი მებრძოლი მოკლეს. მათი თქმით, ისინი საავადმყოფოს აფარებდნენ თავს.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ისრაელელი სამხედროები შეაჩერონ,
თავის მხრივ ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ მებრძოლები საავადმყოფოს სამალავად იყენებდნენ. ისინი ამტკიცებენ, რომ მათ დაგეგმილი ჰქონდათ თავდასხმები ისრაელელ სამხედროებზე.

საავადმყოფოს პერსონალი არ ეთანხმება ამ მოსაზრებას. მათი თქმით, სროლა ორმხრივი არ ყოფილა.
,,ისრაელელი სამხედროები საავადმყოფოში სამოქალაქო ტანსაცმლითა და ასევე ქალის ტანსაცმლით შემოიპარნენ და 3 ადამიანი მოკლეს, ასევე თავს დაესხნენ მედდას და სამედიცინო აღჭურვილობები დააზიანეს. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი მოკლულის სამედიცინო ისტორია, რაც ამტკიცებს იმას, რომ ის საავადმყოფოში ნამდვილად სამკურნალოდ იმყოფებოდა. ისრაელის არმია კი საპირისპიროს ამბობს”,– აცხადებს ვისამ სბეჰატი, ჯენინის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დირექტორი.
ჯენინში უკვე დაკრძალეს 3 გარდაცვლილი. ადგილობრივები ამბობენ, რომ ისრაელელმა სამხედროებმა მშვიდობიანი მოქალაქეები დახოცეს.
,,მუჰამედის მთავარი მიზანი თავისუფალი ცხოვრება იყო, როგორც ამ მიწაზე დაბადებული ნებისმიერი ადამიანის. მას უნდოდა, რომ მშვიდობიან გარემოში ეცხოვრა, სადაც უსაფრთხოდ იგრძნობდა თავს”, -ამბობს ვალიდ ჯალამნე, ერთ-ერთი გარდაცვლილის მამა.
ქალაქი ჯენინი, სადაც ეს შეტაკება მოხდა, ომის დაწყებამდეც ხშირად იყო ისრაელის თავდასხმების სამიზნე.