მთავარიევროპაიტალიარომში იტალია-აფრიკის ერთდღიანი სამიტი გაიმართა

რომში იტალია-აფრიკის ერთდღიანი სამიტი გაიმართა

ჯორჯია მელონის მთავრობამ გუშინ იტალიის დედაქალაქ რომში გამართულ ერთდღიან ღონისძიებაზე აფრიკასთან დაკავშირებული გეგმა წარადგინა. შეხვედრას აფრიკელი ლიდერები და ევროკავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჯორჯია მელონის თქმით,  გეგმა, რომელიც აფრიკასთან ახალი პარტნიორობის დამყარებას ისახავს მიზნად, ამბიციური და მდგრადია. ღონისძიებაზე ლიდერები სიტყვით გამოვიდნენ, გაიმართა დისკუსიები. მონაწილეებმა განიხილეს განათლების, ჯანდაცვისა და ენერგეტიკის საკითხები.

აფრიკის კავშირის კომისიის თავმჯდომარე მუსა ფაკი ამბობს, რომ უკეთესი იქნებოდა, წინასწარ გამართულიყო კონსულტაცია იტალიის მთავრობის მიერ შეთავაზებულ გეგმასთან დაკავშირებით. მისი თქმით, აფრიკა მზადაა განიხილოს წარდგენილი გეგმის განხორციელების დეტალები. მუსა ფაკიმ ასევე დაჟინებით მოითხოვს, რომ  დაპირებებს მოჰყვეს კონკრეტული ქმედებები.

იტალიის მთავრობას სურს, ეკონომიკური თანამშრომლობის წყალობით იტალია იყოს ბუნებრივი ხიდი აფრიკასა და ევროპას შორის და ამგვარად შეაჩეროს არალეგალური მიგრაცია.

დღევანდელ კონფერენციაზე გამოჩნდა, რომ იტალია მარტო ვერ იმოქმედებს. მას სჭირდება არა მარტო აფრიკულ ქვეყნებთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარება, არამედ ევროპული ინსტიტუტების მხარდაჭერაც.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია დროის ფაქტორი. გეგმის განხორციელებასა და სასურველი შედეგების მიღებას რამდენიმე წელი დასჭირდება. სწორედ ამიტომ მელონიმ უნდა უზრუნველყოს, რომ ეს გეგმა მისი მთავრობის შემდეგაც შესრულდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend