მთავარისაქართველორაღაცები მაინც იცვლება…

რაღაცები მაინც იცვლება…

31 წლის თამარ მამუჩიშვილი კორპორაცია „ეფლის“ პროდუქციის ხელოსანია. ამბობს, რომ საზოგადოების ნაწილს ჯერ კიდევ უჭირს ქალების სხვადასხვა პროფესიაში წარმოდგენა, თუმცა ნელ-ნელა რაღაცები მაინც იცვლება…

უკვე ხუთი წელია, რაც თამარ მამუჩიშვილი საქართველოში კორპორაცია „ეფლის“ პროდუქციის ხელოსნად მუშაობს. პროფესიით მსახიობი სოციალურ მედიაში აქტიურად დებს მისი ახლანდელი საქმიანობის ვიდეოებს და საზოგადოებას ხელოსნობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას აცნობს. ამბობს, რომ ამ სფეროში შემთხვევით მოხვდა, თუმცა ახლა თავისი საქმე ძალიან უყვარს.

„თავიდან ჩემი მიზანი არ ყოფილა ხელოსნობა, უბრალოდ ჩემმა ბიძაშვილმა გახსნა სერვისი, სადაც მოვედი, ადმინისტრატორად უნდა მემუშავა. რომ შევდიოდი ხელოსნების ოთახში და ვუყურებდი, ძალიან დამაინტერესა, თავიდან ხუმრობით დავიწყე უბრალოდ ტელეფონების დაშლა-აწყობა, მაგრამ იმდენად მომეწონა ეს და იმდენად დამაინტერესა, რომ გადავწყვიტე, კარგად მესწავლა და ხელოსანი გავმხდარიყავი”, – ამბობს თამარი.

31 წლის თამარ მამუჩიშვილი საქმიანობის დასაწყისშივე წააწყდა დაბრკოლებებს. ამბობს, რომ თავდაპირველად მომხმარებლები სკეპტიკურად უყურებდნენ და არ ენდობოდნენ.

თამარი პროფესიით მსახიობია და სხვადასხვა თეატრში მუშაობის გამოცდილებაც აქვს. როგორც თავად ამბობს, ეს ძალიან დაეხმარა სოციალური მედიის მართვაში, რადგან თავდაპირველად “ტიკტოკზე” აქტიურობა ვიდეოების დადებით დაიწყო.

„ზოგადად, ჩემი მიზანი სოციალურ ქსელში პოპულარობა არ ყოფილა. პანდემიის დროს როგორც ყველა ტიკტოკერმა თუ ბლოგერმა დავიწყე რაღაც ვიდეოების გადაღება, ისე უბრალოდ, ჩემთვის, ხუმრობით ვუგზავნიდი ხოლმე მეგობრებს და არ ვაპირებდი სოციალურ ქსელში დადებას, მაგრამ იმდენი მიჩიჩინა ხალხმა, რომ „დადე, დადე, დადე“ – ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა – „კარგად გამოგდის, დადე, ძალიან კარგი იქნება“ – რომ ერთხელაც, ერთ დღესაც გადავწყვიტე, ერთი ვიდეო დამედო, მაგრამ არ მეგონა, რომ ამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა”, – გვიყვება თამარი.

გამომწერთა რიცხვი “ფეისბუკზე” 70 000-ს, ხოლო “ტიკტოკზე” 30 000-ს აჭარბებს. საზოგადოების გამოხმაურების დიდი ნაწილი პოზიტიურია, თუმცა უარყოფით კომენტარებსაც ხშირად ვხვდებით. როგორც ჩანს, საზოგადოების ნაწილს ჯერ კიდევ უჭირს ქალების სხვადასხვა პროფესიაში წარმოდგენა.

„ყველაზე დიდი გამოწვევა ალბათ, ის იყო, რომ მომხმარებლები ცოტა სკეპტიკურად მიყურებდნენ, როგორც ქალ ხელოსანს არ მენდობოდნენ და რომ გავდიოდი ხოლმე მომხმარებელთან სასაუბროდ, ითხოვდნენ ხელოსანს, ვერ წარმოედგინათ, რომ მე ვიყავი ხელოსანი, უბრალოდ კონსულტანტი ვეგონე და არ მეუბნებოდნენ ტელეფონის პრობლემას, ითხოვდნენ ბიჭ ხელოსანს და რომ ვეუბნებოდი, მე ვიყავი ხელოსანი, მაინც ცოტა ეჭვით მიყურებდნენ. ნუ, საბოლოოდ კი უკვე მეუბნებოდნენ პრობლემას და ტელეფონსაც მიტოვებდნენ, მაგრამ ცოტა ყოყმანობდნენ. ახლა რადიკალურად შეიცვალა ეს სიტუაცია და პირიქით, კონკრეტულად მე მითხოვენ ხოლმე და სხვას არ უტოვებენ ტელეფონს ხშირ შემთხვევაში“.

მათ კი, ვინც ამგვარი პროფესიის ათვისებით არის დაინტერესებული, თამარი შემდეგ რჩევას აძლევს:

„მე რომ დავიწყე ვიდეოების დადება, სხვათა შორის, ძალიან ბევრს გაუჩნდა ინტერესი ამ სფეროს მიმართ. ნუ ბიჭებსაც, მაგრამ გოგოებიც ბევრი გამოჩნდა, ვინც მწერდა „ხომ არ ასწავლი პროფესიას“, „მეც მინდა შესწავლა“ და ა.შ. სამწუხაროდ, მე ამდენი დრო არ მაქვს ფიზიკურად, რომ ვასწავლო და არც რესურსი საამისოდ, მაგრამ ძალიან გამიხარდება, თუ სხვა ქალებსაც ვნახავ ამ სფეროში. რაც შეეხება გამოწვევებს, რა რჩევას მივცემდი და ერთადერთი ის შემიძლია გითხრათ, რომ მყარი ნერვები უნდა გქონდეთ ძალიან, ყურადღებიანები უნდა იყოთ ძალიან, არ უნდა გეზარებოდეთ შრომა იმიტომ, რომ ისეთი სფეროა ეს, რომ ყოველთვის ძალიან დიდ შრომას მოითხოვს, არ არის ისეთი მარტივი, როგორც შორიდან ჩანს და პლუს აუცილებლად უნდა იყოთ ორიენტირებული სიახლეებზე იმიტომ, რომ რაც ახალი ტექნიკა გამოდის, შესაბამისად, ახალი რაღაცების სწავლაც გვიწევს. ამიტომ ერთ ადგილას არ უნდა გაიყინოს არავინ და სიახლეებს ყველა უნდა აყვეს, თუ გინდათ, რომ ამ სფეროში იყოთ“.

თბილისის ქუჩებში სახელდახელო გამოკითხვის შედეგად, კითხვაზე – მობილურის გაფუჭების შემთხვევაში, ქალ ხელოსანთან მიიტანდნენ გასაკეთებლად თუ კაცთან, ასეთი პასუხები მივიღეთ.

გია მიქაია: „ვინც უფრო პროფესიონალია, ალბათ, იმასთან. აქ სქესი არაფერ შუაშია”.

სოსო წიწუაშვილი: „არ აქვს მნიშვნელობა. სულ ერთია ჩემთვის, მთავარია, კარგი სამუშაო გააკეთოს“.

მანანა ხოდელი-კინწურაშვილი: „რატომაც არა, ძალიან ბევრს ვიცნობ, ვინც ქალი ძალიან მაგრად ერკვევა. მაგას რა მნიშვნელობა აქვს“.

ლუკა გომლაძე: „სქესით არ გადავწყვეტდი, ახლა კაცი იქნება თუ ქალი, მთავარია, პროფესიონალი იყოს და კარგად გააკეთოს საქმე“.

ლალი ანდრიაძე: „რა ვიცი, როგორ არ მივიტან, თუ კარგი ხელოსანია, რატომაც არ მივიტან. მივიტან! არა, სქესს რა მნიშვნელობა აქვს, ოცდამეერთე საუკუნეა. ახლა უფრო მატრიარქატი არის მგონი, უფრო ქალებს მიჰყავთ“.

თამარს კი ისევ მიუტანეს მობილური შესაკეთებლად. იღიმის და ამბობს, რომ როგორც ჩანს, ნელ-ნელა რაღაცები მაინც იცვლება…

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend