მთავარისაქართველოხან უარი, ხან უარის მსგავსი…

ხან უარი, ხან უარის მსგავსი…

სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციები თანხმდებიან, რომ გასულ წლებთან შედარებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების თვალსაზრისით, საკანონმდებლო დონეზე გარკვეული დადებითი ცვლილებები განხორციელდა. მიუხედავად ამ ცვლილებებისა, არაადაპტირებული სამუშაო გარემო, დამსაქმებლების დამოკიდებულება და პროგრამების არაეფექტურობა შშმ პირებისთვის კვლავ პრობლემად რჩება.

მახო აზოევი ამჟამად ბავშვთა გასართობ ცენტრში მუშაობს, თუმცა როგორც ამბობს, სამსახურის დაწყება მარტივი არ ყოფილა. მას აქონდროპლაზია აქვს, დაავადება, რომელიც ახლა უკვე ყველამ იცის საქართველოში.

„სამსახურის დაწყება ყველგან მიცდია, ვერ მოვთვლი რამდენჯერ…მპასუხობდნენ – არაო, თქვენისთანასთვის სამსახური არ გვაქვსო. ვმუშაობდი სამებაში და მერე მეგობარმა დამირეკა ასეთი ცენტრი არის და მოდი, სამსახური თუ გინდაო. მეთქი, პრობლემა არ არის. როგორც კი შემოვედი, საჩემო იყო…“ – ამბობს მახო აზოევი.

მარიამ დარბაიძე 20 წელია სმენის აპარატს იყენებს და მიუხედავად იმისა, რომ ამ აპარატის დახმარებით უკვე კარგად ესმის, სამსახურის პოვნა მაინც ძალიან უჭირს. ბევრი დამსაქმებლის აზრით, პრობლემა ის არის, რომ შშმ პირთა დასაქმება დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.

„მყავს მეგობრები, რომლებიც ტელეფონებს ვერ იყენებენ. სულ მაგ დილემის წინაშე არიან – თქვან, რომ სმენადაქვეითებულები არიან, თუ არ თქვან. იმიტომ, რომ თუ იტყვიან, შესაძლოა, დამსაქმებლებმა მათ კანდიდატურას ხაზი გადაუსვან“, – ამბობს მარიამი.

როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უფლებადამცველი დავით ბიბილეიშვილი ამბობს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმებისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ შეიმუშაოს საკანონმდებლო მექანიზმები, რომლებიც კერძო სექტორს შშმ პირთა დასაქმებას დაავალდებულებს:

„სახელმწიფოს ხელში თუ არ იქნება ძლიერი მექანიზმი, რომ დაავალდებულოს კერძო სექტორი, დაასაქმოს სხვადასხვა დარღვევის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის პირი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, რაც უნდა ფიზიკური ხელმისაწვდომობისა და საზოგადოებაში დამოკიდებულებების ცვლილებაზე ვიმსჯელოთ, ცნობიერების ამაღლებაზე ვიმუშაოთ, მაინც იქნება გამოწვევები“.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის კვლევის მიხედვით, 2017-იდან 2021 წლამდე სულ 500-ამდე, 2022 წელს კი – 387 შშმ პირი დასაქმდა. სახალხო დამცველის აპარატის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნინო ვალიკოვის თქმით, ეს სტატისტიკა სახელმწიფო პროგრამების არაეფექტურობას აჩვენებს.

„ბევრი სისტემური პრობლემაა, მათ შორის ისიც, რომ ჩვენი შეფასების სამეცნიერო მეთოდიდან გამომდინარე, არ ჩანს ბევრი შშმ პირი. სისტემურ პრობლემებთან ერთად მნიშვნელოვანია ასევე მუშაობა დროებითი თუ მოკლევადიანი გადაწყვეტის გზებზე, რასაც ეს პროგრამები წესით უზრუნველყოფს. მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ორიენტირება მდგრადობაზე,შეზღუდული შესაძლებლობის პირების მუდმივ გადამზადებაზე, უწყვეტად კვალიფიკაციის ამაღლებაზე, აუცილებელია ამ პროგრამების მონიტორინგი“.

შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ასოციაცია „ანიკა“ 2017 წლიდან ახორციელებს პროგრამას სახელწოდებით „ანიკას მხარდაჭერითი დასაქმების პროგრამა“. „ანიკას“ მხარდაჭერითი დასაქმების სპეციალისტი ანუკი ჯანელიძე ამბობს, რომ შშმ პირთა დასაქმების თვალსაზრისით დადებითი ცვლილებები შეინიშნება, თუმცა არაადაპტირებული სამუშაო გარემო და დამსაქმებლის არასწორი დამოკიდებულება კვლავ გამოწვევად რჩება.

ანუკი ჯანელიძე, ასოციაცია „ანიკას“ მხარდაჭერითი დასაქმების სპეციალისტი ამბობს, რომ: „იმ კომპანიების რიცხვი, რომლებიც თანამშრომლობაზე უარს ამბობენ, 7 წლის წინანდელ გამოცდილებასთან შედარებით ბევრად შემცირდა. თუმცა დღესაც არის შემთხვევები, როცა პირდაპირ არ ეუბნებიან უარს, მაგრამ რეალურად პასუხი უარს ნიშნავს“.

მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, ბოლო წლებში ვითარება გარკვეულად გაუმჯობესდა – მახო, მარიამი და დავითი სამსახურის ძებნისას კვლავ არაერთ წინააღმდეგობას აწყდებიან. ისინი მთავარ პრობლემად არაადაპტირებულ სამუშაო გარემოს, მათ მიმართ დამოკიდებულებასა და პროგრამების არაეფექტურობას ასახელებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend