მთავარიმსოფლიოEUROPEAN UNIONევროკავშირი ვიდეოთვალთვალის სისტემებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას აპირებს

ევროკავშირი ვიდეოთვალთვალის სისტემებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას აპირებს

ვიდეოთვალთვალისას ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას სამოქალაქო სექტორში აპროტესტებენ და მასობრივი თვალთვალის საშიშროებაზე საუბრობენ.

მიმდინარე კვირის ბოლოს ევროპარლამენტმა განახლებული კანონმდებლობა უნდა მიიღოს საჯარო სივრცეებში ვიდეოთვალთვალის სისტემებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების დაშვების შესახებ. ეს ინიციატივა სამოქალაქო სექტორის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად ევროკავშირის ქვეყნებმა მაინც შეიმუშავეს.

არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ დემოკრატიის პრინციპი დაირღვევა, რადგან მოქალაქეების მასობრივი თვალთვალის რისკი არსებობს, თუ სახის ამოცნობის მეთოდოლოგია დაინერგება. განსხვავებულად ფიქრობს ზოგიერთი ევროპარლამენტარი. მათ მიაჩნიათ, რომ ახალი სისტემები მეტ სიკეთეს მოიტანს, ვიდრე ზიანს.

ევროკავშირის მასშტაბით სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობის მიუხედავად, ქუჩაში განთავსებული სათვალთვალო კამერების გამოყენებით სახის ამოცნობის გამოყენება შეიძლება გაიზარდოს. გასული წლის დეკემბერში ევროკავშირმა პირველი შეთანხმება მიიღო ხელოვნური ინტელექტის შესახებ. ამ გადაწყვეტილებით, თვალთვალის ახალი ტექნოლოგია მხოლოდ ტერორისტული თავდასხმების აღკვეთის ან გატაცებული ადამიანების ძებნისათვის იქნება დაშვებული, ისიც სასამართლოს ნებართვის შემთხვევაში.

„იდეის ავტორებმა საკმაოდ დიდი გზა გაუხსნეს პოლიციას, რათა გამოიყენოს ეს სისტემები. ჩვენ გვეშინია, რომ ბევრ აქამდე მიუღებელ მეთოდს ამიერიდან ლეგიტიმური ძალა მიეცემა. დემოკრატიულ საზოგადოებაში ამის დაშვება წარმოუდგენელია. რა მაგალითი უნდა მივცეთ სხვა ქვეყნებს, თუ ევროკავშირი ამას დაუშვებს?“ – აცხადებს ორგანიზაციის „დაიბრუნე შენი სახე“ წარმომადგენელი ელა ჯაკუბოვსკა.

ცნობილია, რომ ევროპარლამენტს ამ სისტემების აკრძალვა სურდა. თუმცა საფრანგეთის მკაცრი მოთხოვნით მთელი რიგი გამონაკლისების დაშვება მოხდა. ეს კი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით თვალთვალის გაუმჯობესებას ეხება, განსაკუთრებით ოლიმპიური თამაშებისას მაღალი უსაფრთხოების მისაღწევად. არასამთავრობო ორგანიზაციები გმობენ განახლებულ ევროპულ კანონმდებლობას, რაც მათი აზრით, მასობრივი თვალთვალისთვის მიიღეს. ზოგიერთი ევროპარლამენტარი კი თვლის, რომ თუ კანონში ბალანსს დაიცავენ, ეს ორმაგ სიკეთეს მოიტანს. ერთის მხრივ, დემოკრატიული უფლებები დაცული იქნება, მეორეს მხრივ, კი უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოხდება.

„ჯერ ეს კანონი დამტკიცებული არ არის. თუმცა თუ შევძლებთ მის დაბალანსებას, ძალიან კარგი საშუალება იქნება. თუ ავკრძალავთ ამ ტექნიკას, მაშინ ორი ცუდი რამ მოხდება. უპირველესად კი საზოგადოებისთვის. ტერორიზმისგან თავდაცვა ვერ გაუმჯობესდება. მეორეს მხრივ, სხვა ქვეყნები, მაგალითად, ჩინეთი გააგრძელებს ამ ტექნოლოგიის განვითარებასა და გამოყენებას. ჩვენ კი ისევ ძველი მეთოდოლოგიით ვიმუშავებთ“, – მიიჩნევს ევროპარლამენტარი არბა კოკელარი.

ამ პარასკევს, 2 თებერვალს, ევროკავშირის ქვეყნები კენჭს უყრიან კანონის საბოლოო ვარიანტს. თუმცა კანონპროექტის ტექსტში არის გადაუწყვეტელი საკითხებიც. თუ ეს კანონი ვერ დამტკიცდა, მაშინ ევროკავშირს ხელახლა მოუწევს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გამოყენებისთვის მოლაპარაკებების წარმოება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend