დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრებში ჩართვის უფლებას კვლავ ითხოვენ.
29 იანვარს საქართველოს პარლამენტი შეხვდა ოპოზიციურ პარტიებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებს.
შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი და პოლიტიკოსები ესწრებოდნენ. მთავარი განსახილველი საკითხი კი ევროკავშირის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების პროცესში პარლამენტის როლის შეფასება იყო.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ნაწილმა საკუთარ თხოვნაზე, ჩართულიყვნენ სამუშაო პროცესში – უარი მიიღეს. ახლა კი ისინი მომდევნო შეხვედრებში ჩართვისა და სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის ფორმატის გაფართოებას ითხოვენ.
მათი თქმით, პარლამენტი ვალდებულია უზრუნველყოს რეალური სამუშაო პროცესი, გააფართოოს სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის ფორმატი და ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას მისცეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა.
„29 იანვარს, ევროკომისიის 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციურ პარტიებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ხელმომწერი ორგანიზაციები არ ვართ პლატფორმის წევრები, თუმცა წლებია, ვმუშაობთ ევროკავშირის 9 დათქმით გათვალისწინებულ საკითხებზე. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტში იგეგმებოდა სამუშაო შეხვედრა, სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილმა წერილობით მივმართეთ პარლამენტის თავმჯდომარეს და სამუშაო პროცესში ჩართვა ვთხოვეთ. განცხადებაში, რომელსაც დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის თემაზე მომუშავე ორგანიზაციები ვაწერდით ხელს, პარლამენტს მოვუწოდეთ, გაეფართოებინა სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის ფორმატი და უზრუნველეყო ფართო სამუშაო ფორმატის გამართვა და მასში დაინტერესებული ორგანიზაციების ჩართვა. მიუხედავად ამისა, ჩვენი მიმართვა ამ ეტაპზე არ დაკმაყოფილდა და პარლამენტმა უარი თქვა სამუშაო პროცესში ჩართვის ინიციატივის მქონე საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეხვედრაზე მიწვევაზე.
მიგვაჩნია, რომ ევროკომისიის მე-9 დათქმის გათვალისწინებით, პარლამენტი ვალდებულია უზრუნველყოს რეალური სამუშაო პროცესი, გააფართოოს სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობის ფორმატი და ყველა დაინტერესებულ ორგანიზაციას მისცეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში ჩართვის შესაძლებლობა“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)“; „საფარი“; „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“; „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)“; „ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)“; „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)“; „ღია სივრცე კავკასია“; „უფლებები საქართველო“; „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრი“.
ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, საქართველოს მთავრობას სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფის პოლიტიკური ნება არ აქვს.
თუმცა ევროკომისიის მიერ წარდგენილი 9 დათქმიდან ერთ-ერთი, მეცხრე დათქმა ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესების შესახებ, სახელმწიფოს სწორედ სამოქალაქო საზოგადოებასთან კონსულტაციების გამართვას ავალდებულებს. დათქმაში ასევე ხაზგასმულია ამ ორგანიზაციების ჩართულობის უზრუნველყოფა კანონშემოქმედებითი და პოლიტიკის შემუშავების პროცესში და მათი თავისუფლად მუშაობის უზრუნველყოფა.
,,ხელისუფლებისთვის დისკომფორტია იმ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობა, რომლებიც ხშირად სამართლიანად კრიტიკულები არიან, რადგან რაღაც მიმართულებებით არ გვაქვს სათანადო პროგრესი. მე ვფიქრობ, რომ ხელისუფლებისთვის ეს არის კომფორტის საკითხი. მას ურჩევია, რომ ვიწრო, დახურულ წრეში გამართოს ეს შეხვედრები და თქვას, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ხვდება. ძალიან ბევრი ორგანიზაციაა, რომელთაც აქვთ ამ მიმართულებით გამოცდილება და პირდაპირ დააფიქსირეს სურვილი, რომ ისინი მზად არიან და აქვთ სურვილი მიიღონ მონაწილეობა – ამ ორგანიზაციებს უთხრეს უარი. ეს არავითარ შემთხვევაში არ წაადგება მე-9 პრიორიტეტის შესრულებას. ხელისუფლებამ უნდა გააცნობიეროს ეს. მე-9 პრიორიტეტი ნათლად ითვალისწინებს ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, რომ დათქმების შესრულების პროცესში აუცილებელია საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. ჯერჯერობით, ეს თანამშრომლობა არ ჩანს. თუმცა გვაქვს იმედი, რომ გამოჩნდება”, – ამბობს თამარ ხიდაშელი, ,,დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის” დირექტორი.
,,სამოქალაქო საზოგადოება საერთაშორისო მასშტაბით განიხილება როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვანი კონტრიბუტორი პოლიტიკის წარმოების პროცესში. ამ მხრივ ჩვენ გვაქვს საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება ისევე როგორც ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღები ანგარიშები. ამიტომაც ჩვენი მონაწილეობა დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია. სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფა განვითარებული დემოკრატიების მახასიათებელია. ამიტომაც არის ეს მოთხოვნა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან. სამოქალაქო საზოგადოება არის დემოკრატიული მშენებლობის ქვაკუთხედი”, – ამბობს გიორგი კლდიაშვილი, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი.
სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრა ორ კვირაში გაიმართება. განცხადებაზე ხელმომწერი ორგანიზაციების წარმომადგენლები იტოვებენ იმედს, რომ მთავრობა შეცვლის მიდგომას სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის მიმართ და წლის ბოლოს საქართველო ევროკომისიისგან დადებით შეფასებას მიიღებს.