მთავარიმსოფლიოსაბერძნეთში კონფერენცია EmTech Europe - ი ხელოვნური ინტელექტის განვითარებას ეძღვნება

საბერძნეთში კონფერენცია EmTech Europe – ი ხელოვნური ინტელექტის განვითარებას ეძღვნება

ბიზნესის პროდუქტიულობის გაუმჯობესება, დაავადებების შეჩერება, განათლების ყველასთვის ხელმისაწვდომობა – ხელოვნური ინტელექტი ყოველდღიურ ცხოვრებას უპრეცედენტოდ ცვლის.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზებით საბერძნეთში ტექნოლოგიების განვითარების საკითხებზე კონფერენცია EmTech Europe იმართება.

კონფერენციაზე მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის პროფესორმა ანანტ აგარვალმა წარმოადგინა edX-ის პლატფორმა, რომლის საშუალებითაც განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი ხდება.

„ხელოვნური ინტელექტი განათლების სექტორს ცვლის. edX-ის პლატფორმაზე საგანმანათლებლო კურსების საძიებლად ხელოვნური ინტელექტი სახელწოდებით –  “ექსპერტი” დავამატეთ. ამ ჩატბოქსით სტუდენტებს შეუძლიათ, მოიძიონ მათთვის სასურველი საგნები. მათი მასწავლებელი მალე ხელოვნური ინტელექტი იქნება. შესაბამისად, სტუდენტებს ადამიანებთან ერთად ხელოვნური ინტელექტიც ჩაუტარებს კურსებს“, – ამბობს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ელექტროინჟინერიისა და კომპიუტერული მეცნიერების პროფესორი, ანანტ აგარვალი.

პერსონალიზებული მედიცინა და თერაპია ჯანდაცვის მომავალია

ხელოვნური ინტელექტი ხელს უწყობს ახალი ინსტრუმენტების წარმოებას. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერები კიბოსა და ალცჰაიმერის დაავადებების განკურნების გზებზე მუშაობენ.

„ხელოვნური ინტელექტი ჩართულია ახალი წამლის კვლევისა და წარმოების პროცესში. კვლევა ეფუძნება შეგროვებულ ინფორმაციას. ხელოვნური ინტელექტი ცილის ფუნქციისა და მისი სტრუქტურის 3D-ში კოდირებისთვის გამოიყენება. ვიმედოვნებთ, რომ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ახალი წამლების საწარმოებლად საჭირო დრო საგრძნობლად შემცირდება“, – ამბობს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის ბიოლოგიის ჯგუფის ხელმძღვანელი მანოლის კელისი.

ხელოვნურ ინტელექტს რევოლუციური გავლენა აქვს კლასიკურ სამეცნიერო კვლევებზე. ამის შესანიშნავი მაგალითია „აითაკა“.

ეს ქსელი გუგლის მეცნიერმა, იანის ასაელმა შეიმუშავა. „აითაკა“ უძველეს დაზიანებულ ტექსტებს აღადგენს და დიდი ხნის დაკარგულ მნიშვნელოვან ინფორმაციას აბრუნებს.

„მსურდა, მსოფლიოსთვის მეჩვენებინა, რომ ხელოვნური ინტელექტი კლასიკურ კვლევებშიც კი შეიძლება იყოს განმსაზღვრელი. ჩვენ ეს “აითაკას” მეშვეობით შევძელით. ისტორიკოსებსა და მკვლევრებს, რომლებიც “აითაკას” იყენებენ, თავიანთ კვლევებში მნიშვნელოვანი აღმოჩენები აქვთ”, – ამბობს Google DeepMind-ის ხელოვნური ინტელექტის მკვლევარი იანის ასაელი.

ხელოვნური ინტელექტის ექსპერტები ენთუზიაზმით არიან განწყობილი, თუმცა  ისინი ასევე ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო რეგულირების აუცილებლობაზეც საუბრობენ, რათა ხელოვნური ინტელექტის უზარმაზარი პოტენციალი სწორად იქნეს გამოყენებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend