“ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადება ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით სამთავრობო ცვლილებების ანონსად აღიქვა პოლიტიკური სპექტრის ნაწილმა.
ჯერ კიდევ მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ოფიციალურ ფეისბუკ გვერდზე პარლამენტის წევრისა და პარტიული ფიგურისთვის არადამახასიათებელი წერილი გამოჩნდა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ამჯერად ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შესახებ მიმოხილვა წარუდგინა საზოგადოებას, სადაც რიცხვებითა და სხვადასხვა სტატისტიკით საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას უსვამს ხაზს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, შექმნილ პირველ გრაფიკაში მთლიანი შიდა პროდუქტით ერთ სულ მოსახლეზე 2012 წლის შედეგებია ნაჩვენები, მაშინ როდესაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში. მეორეში იმავე მაჩვენებლით საქართველოს გაზრდილ მონაცემებზეა აქცენტი გაკეთებული, უკვე 2023 წლის შედეგით „ქართული ოცნების“ მმართველობის 11 წლისთავზე.
მესამე გრაფიკა კი ეკონომიკურ გათვლებს ეფუძნება, სადაც საქართველოს კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური წინსვლაა პროგნოზირებული 2028 წლისთვის.
ეს განცხადება იმედისმომცემი ტექსტით სრულდება: „გვაქვს ყველანაირი რესურსი, 2030 წლისთვის მოწინავე ევროპულ ქვეყნებთან ჩამორჩენა მინიმუმამდე შევამციროთ, სიღარიბე სრულად აღმოვფხვრათ და მაღალშემოსავლიან ქვეყნად ვიქცეთ. ამისათვის კი მთავარი ეფექტიან ეკონომიკურ პოლიტიკასთან ერთად ქვეყანაში მშვიდობისა და მშვიდი გარემოს შენარჩუნებაა”.
მმართველი პარტიის დეპუტატები მიესალმებიან ირაკლი კობახიძის ამ განცხადების პათოსს და ამბობენ, რომ ამ მონაცემებში ზუსტადაა წარმოდგენილი „ქართული ოცნების“ გუნდის მიერ ბოლო წლებში გადადგმული ნაბიჯები. მათ არ ეუცნაურათ ირაკლი კობახიძის ასეთი განცხადება და არანაირ პოლიტიკურ ცვლილებებს არ უკავშირებდნენ.
“ქვეყანა სწორი ეკონომიკური მიმართულებით ვითარდება, ქვეყანას აქვს არჩეული სწორი პრაგმატული პოლიტიკა, ეკონომიკური თვალსაზრისით. ჩვენ მნიშვნელოვნად ვიყენებთ იმ გაზრდილ როლს, რომელიც შუა დერეფნის კომპონენტიდან გამომდინარე ქვეყანამ აითვისა და გაიზარდა ამ კუთხით ქვეყნის გამტარუნარიანობა როგორც ენერგორესურსების, ისე აღმოსავლეთ და დასავლეთის მიმართულებით საქონლის გადაადგილების თვალსაზრისით.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით, რომელთანაც ქვეყანამ თავისუფალ სავაჭრო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი და ესეც მიანიშნებს ქვეყნის განვითარებაზე, პოტენციალზე და ინვესტირების კუთხით მას უფრო საინტერესოს ხდის. რამდენიმე წელიწადში, სრულიად რეალურად, საქართველო მიაღწევს იმ მაჩვენებელს, რომელიც დამახასიათებელია ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, ეს მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის გზაზე,” – განაცხადა “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ.
განსხვავებული ახსნა აქვს ოპოზიციას. „ქართული ოცნების“ ოპონენტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ირაკლი კობახიძის ეს განცხადება მთავრობაში ცვლილებების ნიშანია, რადგან მათი თქმით, ირაკლი კობახიძე მთავრობის მეთაურის პოზიციიდან ალაპარაკდა. თავად ამ განცხადების შინაარსს კი საქართველოს ეკონომიკური წინსვლისა და მოსახლეობის უკეთ ცხოვრების შესახებ ციფრებში მანიპულირებას უწოდებენ.
„არ ვიცი, რა შლეიფს იქმნის და უკავშირდება თუ არა ეს გავრცელებულ ჭორებს დისპოზიციის ცვლილებაზე თუ სხვა რამეზე, მაგრამ თავის საქმეს მიხედოს. კაცი პარტიის თავმჯდომარეა და დაანებოს თავი იმაზე საუბარს, რაც არ იცის. პარლამენტის შენობაში დაცვით, 6 კაცით, რომ დადის, აბა გავიდეს ქუჩაში და მოსახლეობას აუხსნას, როგორ კარგად მიდის ქვეყანაში ეკონომიკური პროცესები. გავიდეს და იქ დაარწმუნოს ხალხი, როგორ კარგ ცხოვრებაშია ხალხი. მერე დაწეროს სტატუსები და მერე ისაუბროს ეკონომიკაზე”, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა.
სანამ „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის დეპუტატები ირაკლი კობახიძის მიერ სოციალური მედიით გამოქვეყნებული განცხადების მიზანსა და შინაარსს განიხილავდნენ, ცნობილი გახდა ტელეკომპანია “იმედის” ექსკლუზიური ინფორმაცია. ტელევიზიისთვის დადასტურებული ინფორმაციით, 1-ელ თებერვალს მმართველი პარტიის ყრილობა გაიმართება, სადაც სამთავრობო ცვლილებების შესახებ გახდება ცნობილი. კერძოდ, პარტიის მოქმედ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე წარადგენენ, ხოლო მოქმედი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.
ამის გარდა, ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მდივნის პოსტზეც დაინიშნება.
ამ მოულოდნელი პოლიტიკური ცვლილებების ინფორმაციის გავრცელებამდე, მმართველ პარტიაში კატეგორიულად უარყოფდნენ, რაიმე თანამდებობრივ გადაადგილებებს. მეტიც, ასეთ ცნობებს ღრმად სპეკულაციურსაც კი უწოდებდნენ. როგორც ჩანს, 2024 წლის მეორე თვე მნიშვნელოვანი პოლიტიკური რეორგანიზაციით დაიწყება „ქართული ოცნების“ გუნდში.
ალეკო გვეტაძე