მთავარიგადაცემებიClimate Nowსლოვენიას 2023 წელს ძლიერმა წყალდიდობამ გადაუარა - როგორ ემზადება ეს ქვეყანა ახლა...

სლოვენიას 2023 წელს ძლიერმა წყალდიდობამ გადაუარა – როგორ ემზადება ეს ქვეყანა ახლა მომავალში ექსტრემალურ ამინდთან გასამკლავებლად?

სლოვენიაში მთელი ქვეყნის მასშტაბით ჯებირებს აგებენ და გადასახადებს ზრდიან, რათა უფრო მომზადებული დახვდნენ ძლიერ წვიმებსა და უეცარ წყალმოვარდნებს. „ევრონიუსის“ გუნდი სლოვენიიდან გადაცემაში „კლიმატი ახლა“ მოგითხრობთ მდინარეების სანაპიროებზე მიმდინარე სამუშაოების ამბებსა და ასევე შემოგთავაზებთ კლიმატის ცვლილების მონიტორინგის თანამგზავრული სისტემის Copernicus Climate Change Service-ის ბოლო მონაცემებს. 

სანამ სლოვენიის წყალდიდობასთან გამკლავების სამზადისზე გადავალთ, კლიმატის ცვლილების მონიტორინგის თანამგზავრული სისტემის Copernicus Climate Change Service-ის ბოლო მონაცემებს გადავხედოთ, რათა გავიგოთ, თუ რა ხდება ჩვენს დამთბარ პლანეტაზე. ამ მონაცემების მიხედვით, შეიძლება დაზუსტებით ითქვას, რომ 2023 წელი მართლაც ყველაზე ცხელი წელი იყო, რაც კი აღნუსხულა. გრაფიკზე, რომელზეც ასახულია 1967 წლიდან მოყოლებული ტემპერატურის წლიური საშუალო მაჩვენებლები, ჩანს, რომ გასულ წელს ჰაერის ტემპერატურა თითქმის ერთ-ნახევარი გრადუს ცელსიუსით აღემატებოდა წინარეინდუსტრიული პერიოდის საშუალო მაჩვენებლებს, რომლებიც 1850-1900 წლებს მოიცავს.

საშუალო ტემპერატურა 1967-2023 წლებში – euronews

ასეთი მაღალი ტემპერატურა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა – მთავარი მიზეზი  კი სათბური აირების  გამონაბოლქვის მოცულობის ზრდა, უფრო დამთბარი ოკეანე და ზღვის ყინულის საფარის კლებაა.

ანომალიური ტემპერატურა 2023 წელს – euronews

Copernicus-ის ყოველთვიური მონაცემები აჩენებს, რომ დეკემბერი საანგარიშო პერიოდის  ყველაზე თბილი თვე იყო, რომლის განმავლობაშიც ჰაერის ტემპერატურა 0.8 გრადუსით აღემატებოდა 1991-2020 წლების საშუალო მაჩვენებელს.

ევროპაში, სკანდინავია-რუსეთის ზოლში, ჩვეულებრივზე მეტად ციოდა, ირლანდიიდან  შავი ზღვის ჩათვლით ზოლში კი უჩვეულოდ თბილი ამინდები იდგა.  დეკემბერი საკმაოდ ნალექიანი გამოდგა. დასავლეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას შტორმმა გადაუარა. ანომალიური ნალექების რუკაზე დატანილი მუქი ლურჯი ფერი ყველაზე უხვი ნალექების ზონას აღნიშნავს, სადაც გასულ თვეში საშუალოზე მეტი წვიმა ან თოვლი მოვიდა.

სლოვენია ძლიერი წვიმებისთვის ემზადება

“ქვეყნის ორ-მესამედზე მეტი ერთბაშად დაიტბორა,“ – იხსენებს სლოვენიის წყლის მართვის სააგენტოს დირექტორი ნეჟა კოდრე გასული წლის აგვისტოს გამანადგურებელ წყალდიდობას.

რამდენიმე თვის შემდეგ სლოვენიაში წყალმოვარდნებით გამოწვეული საფრთხეების გასანეიტრალებლად დიდი სამზადისი გაჩაღდა.  მთელი ქვეყნის მასშტაბით 250 ადგილზე მიმდინარეობს მდინარის ნაპირების გასამაგრებელი სამუშაოები, რათა მახლობლად მდებარე სახლები და ბიზნესები დაიცვან.

ქალაქ კამნიკის მახლობლად მდინარის სანაპიროზე, სადაც ჩვენ მივედით, კოდრემ აგვიხსნა ვითარება:

“ჩვენ მდინარის კალაპოტს ვასუფთავებთ, რათა ნაკადმა არსად გადაუხვიოს. ამავდროულად, ჯებირები შორს გადავწიეთ, რათა მდინარეს სივრცე მივცეთ“.

ტემპერატურის მატებამ შესაძლოა მდინარეებში წყლის დონის მატება გამოიწვიოს

აგვისტოს წყალდიდობამ თითქმის ყველაზე იქონია უარყოფითი გავლენა.  სლოვენიის 212 მუნიციპალიტეტიდან 183 დაზარალდა. ქვეყანაში გასულ ზაფხულს საშუალოზე 63 პროცენტით მეტი ნალექი მოვიდა.

ექსპერტი ტანია ცეგნარი  გვაფრთხილებს, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ტემპერატურის მატება წყალმოვარდნების რისკს გაზრდის.

ტანია ცეგნარი, სლოვენიის გარემოს დაცვის სააგენტოს კლიმატოლოგი:

“მომავალში კიდევ მეტი თავსხმა წვიმა მოვა, განსაკუთრებით ზაფხულში, როდესაც ჰაერი თბილია და ტენიანობა მაღალია“.

წყალდიდობის შემაკავებელი განსხვავებული მეთოდები

წყალმოვარდნებთან გამკლავების მიზნით სხვადასხვა ადგილზე შესაბამის ზომებს მიმართავენ. მდინარის ზედა წელში მთიან ადგილებში დამონტაჟდა სისტემები, რათა დაიჭიროს დიდი ტოტები და ხეები, სანამ ისინი შენობებს დააზიანებენ.

ლიუბლიანის მჭიდროდ დასახლებულ ადგილზე ყველაზე უპრიანია მდინარის ნაპირზე ძალიან მაღალი ჯებირის კედლის აღმართვა.

მდინარის ქვემო წელში საკმაოდ დიდი სივრცე საშუალებას იძლევა, რომ მდინარის კალაპოტი ისე გაფართოვდეს, ხეებიც შეინარჩუნონ და წყლის ნაკადიც შეასუსტონ. სლოვენიის წყლის მართვის სააგენტო ჰიდრავლიკის ინჟინერი როკ ფაზარინცი ამბობს, რომ ასეთი ბუნებრივი მეთოდი უფრო იაფია და ლანდშაფტიც უფრო ლამაზია, მაგრამ ის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს:

“მოვლა ყოველ წელს იქნება საჭირო, წელიწადში ორჯერაც კი, რათა ზედმეტი მცენარეები მოშორდეს, მაგალითად, გამხმარი და წაქცეული ხეები რომ გაიტანონ და ბუნება თავადვე აღდგეს.“

ეს სამუშაოები რომ დაფინანსდეს, მთავრობამ ხუთი წლით გადასახადები გაუზარდა ბანკებსა და კომპანიებს. სახელმწიფო მინისტრი ბოშტიან შეფიცი ამართლებს ამ გადაწყვეტილებას.

“გადასახადების გაზრდა არასდროს მოსწონთ, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ეს არის ინვესტიცია მომავალში. ეს ეკონომიკისთვისაც კარგია, რადგან უფრო გამძლე ინფრასტრუქტურის წყალობით უფრო დაცული ვიქნებით წყალდიდობისა და სხვა სტიქიური უბედურების დროს და ეს მოგვიანებით მოგვცემს ამონაგებს,“ – განმარტავს სახელმწიფო მინისტრი.

კიდევ ერთი პრობლემა ადგილობრივი მოსახლეობის დარწმუნებაა იმაში, რომ წყალდიდობისგან დამცავი ინფრასტრუქტურა აუცილებელია.

“ხალხს არ მოსწონს საჭირო ზომების გატარება საკუთარ ეზოებში, არ უნდათ მათთან ახლოს არსებული წყალსაკრები ჭები დააშრონ. ამიტომ უამრავი სამუშაოა ჩასატარებელი საზოგადოების, სხვადასხვა სექტორის ჩართულობის კუთხით, რაც მნიშვნელოვან პრობლემას გვიქმნის,“ -ამბობს სლოვენიის წყლის მართვის სააგენტოს დირექტორი ნეჟა კოდრე.

ავტორი: ჯერემი ვილქსი

უახლესი

სხვა ამბები

00:02:21

EMMY AWARDS 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend