გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ ისრაელს დაავალა „ჰამასის“ წინააღმდეგ ომში გენოციდის აქტების აღსაკვეთად ყველა საჭირო ზომა მიიღოს. თუმცა სასამართლომ არ დააკმაყოფილა სამხრეთ აფრიკის მოთხოვნა, დაუყოვნებლივ შეჩერებულიყო ისრაელის სამხედრო ოპერაცია ღაზაში.
WATCH LIVE: the #ICJ delivers its Order on the request for the indication of provisional measures submitted by South Africa in the case (#SouthAfrica v. #Israel) https://t.co/YTzlDwt0aZ
— CIJ_ICJ (@CIJ_ICJ) January 26, 2024
გადაწყვეტილების თანახმად, ისრაელმა თავიდან უნდა აირიდოს პალესტინელების მკვლელობა, მათთვის სერიოზული ფიზიკური ან მენტალური ზიანის მიყენება, ქმედებები, რომლებიც პალესტინელ ქალებს ხელს შეუშლის მშობიარობაში. ასევე ისრაელმა უნდა მიიღოს ზომები ღაზაში ჰუმანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
სასამართლომ ისრაელს მოსთხოვა, შეასრულოს გენოციდის კონვენციით გათვალისწინებული ვალდებულებები. მოსამართლე ჯოან დონიჰიუს განცხადებით, სასამართლო კარგად აცნობიერებს რეგიონში ადამიანური ტრაგედიის მასშტაბებსა და შეშფოთებულია მათი ტანჯვით. თუმცა ეს არ არის სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება და საქმის გამოძიებას, შესაძლოა, წლები დასჭირდეს.