მთავარისაქართველო“აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი” - საქართველო პოზიციებს კარგავს

“აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი” – საქართველო პოზიციებს კარგავს

“აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის” თანახმად, საქართველომ დაკარგა მნიშვნელოვანი პოზიციები დემოკრატიის, კარგი მმართველობის, კანონის უზენაესობისა და პოლიტიკის ევროკავშირთან თანხვედრის მიმართულებებით.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსი“ 2021 წლის სექტემბრიდან 2023 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში ექვსი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს სამი ძირითადი მიმართულებით აფასებს:

· დემოკრატია, კარგი მმართველობა და კანონის უზენაესობა – ამ მიმართულებით საქართველო მე-4 ადგილზეა, ხოლო პირველ სამ ადგილს მოლდოვა, უკრაინა და სომხეთი იკავებენ.

· პოლიტიკის თანხვედრა, დაახლოება ევროკავშირთან – საქართველო ამ მიმართულებით ლიდერობს და პირველ ადგილს მოლდოვასთან ერთად იყოფს.

· მდგრადი განვითარება – საქართველო ამ კუთხითაც მე-4 ადგილზეა. პირველ სამ ადგილს კი ბელარუსი, მოლდოვა და უკრაინა იკავებენ.

მთლიანობაში, 2023 წლის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის თანახმად, მოლდოვა და უკრაინა სტაბილურად განაგრძობენ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინსვლას. ლიდერობს მოლდოვა, რომელმაც მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა საარჩევნო რეფორმის, პოლიტიკური პლურალიზმის განვითარების, კორუფციასთან ბრძოლისა და თანაბარი შესაძლებლობების შექმნის მიმართულებებით. მეორე ადგილზეა უკრაინა, რომელიც ქვეყანაში არსებული რუსული აგრესიის მიუხედავად განაგრძობს მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებს.

რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანამ დაკარგა მნიშვნელოვანი პოზიცია როგორც დემოკრატიისა და კარგი მმართველობის, ისე პოლიტიკის თანხვედრის მაჩვენებლებში.

საერთო ჯამში ექვს ქვეყანას შორის საქართველო მესამე ადგილზეა 0.63 ქულით. მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ადგილები სომხეთს, აზერბაიჯანსა და ბელარუსს უკავიათ.

ანგარიშში არაერთი მნიშვნელოვანი მიგნება გვხვდება ასოცირებული ტრიოს ქვეყნების შესახებ.

  • 2022-23 წლების განმავლობაში ასოცირებული ტრიო სულ უფრო და უფრო ნაკლებად მკაფიო კავშირს წარმოადგენდა განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ სუსტდება ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკასა და ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას შორის არსებული ზღვრები. ამასთან ერთად, ასოცირებული ტრიოს ქვეყნები ევროინტეგრაციის გზაზე სხვადასხვა ეტაპებზე იმყოფებიან.

საქართველოსგან განსხვავებით მოლდოვა და უკრაინა უკვე ემზადებიან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ევროკავშირის პოლიტიკასთან თანხვედრის მაჩვენებლით ამ ქვეყნებს არ ჩამოუვარდება. თუმცა როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ქვეყანა განიცდის ფუნდამენტური უფლებების, თავისუფლებისა და დემოკრატიის რეგრესს. გარდა ამისა, მთავრობა ცალსახად უგულებელყოფს სამოქალაქო საზოგადოებას და მიდრეკილია რუსეთისთვის დამაკმაყოფილებელი პოლიტიკის გატარებისკენ, რაც ევროკავშირის პოლიტიკასთან შეუთავსებელია.

  • აღნიშნულია მნიშვნელოვანი პროგრესი საჯარო ადმინისტრირების კუთხით მოლდოვასა და უკრაინაში, თუმცა უკუსვლა პოლიტიკურად პოლარიზებულ საქართველოში.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში საჯარო ადმინისტრაციების ხარისხი განისაზღვრება ამ სფეროს ავტონომიის, მიუკერძოებლობის, პროფესიონალიზმისა და გამჭვირვალობის ხარისხით. ინდექსის თანახმად, არსებობს თანხვედრა საჯარო ადმინისტრირების ხარისხსა და იმას შორის, თუ რამდენად დახვეწილია ქვეყნის ურთიერთობა ევროკავშირთან, თუ რამდენად სერიოზულად უყურებს ესა თუ ის სახელმწიფო მნიშვნელოვანი რეფორმების გატარებას. როგორიცაა, მაგალითად დეოლიგარქიზაცია, ასევე თუ რამდენად ცდილობს სახელმწიფო სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით დემოკრატიის გამყარებას.

ინდექსის თანახმად, საგრძნობლად გაუმჯობესდა მოლდოვის საჯარო ადმინისტრირების სექტორი, ხოლო საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის გამო რიგი პოლიტიკური კავშირების შენარჩუნება კვლავ პრიორიტეტულია, თუნდაც, მიუკერძოებლობის დაკარგვის ხარჯზე.

  • სამოქალაქო საზოგადოება კვლავ ძლიერია – სამოქალაქო საზოგადოება უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში დიდი ხანია შეუცვლელ როლს თამაშობს ამ ქვეყნების ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლაში. 2021-2023 წლებში ეს ორგანიზაციები კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთნენ ამ პროცესში. ინდექსის თანახმად, ამ სამ ქვეყანაში სწორედ ამ ორგანიზაციების მხრიდან მოდიოდა მთავარი მამოძრავებელი ძალა ადამიანის უფლებების, გარემოსდაცვის, გენდერისა და დამოუკიდებელი მედიის და სხვა უამრავ სფეროში რეფორმების მიმართულებით. ის ცოდნა და ექსპერტიზა რაც ამ ორგანიზაციებში არის დაგროვილი, ასოცირებული ტრიოს ქვეყნებისთვის ფასდაუდებელი მნიშვნელობისაა.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საქართველო გაურკვეველ, ნახევრად დემოკრატიულ მდგომარეობაშია. მმართველ პარტია „ქართული ოცნებას“ კი თითქოს ურთიერთსაწინააღმდეგო მიზნები ამოძრავებს. ერთის მხრივ, ეს არის ქვეყნის დემოკრატიზაციის გზაზე წინსვლის ხელშეწყობა და მეორეს მხრივ, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამო ქვეყანაში უკვე დიდი ხანია კრიზისია, თუმცა ამას კიდევ უფრო აღრმავებს ქვეყნის შიგნით არსებული პოლარიზაცია, სოციოეკონომიკური პრობლემები და არაფორმალური მმართველობის ფორმები.

საერთაშორისო დამკვირვებლები კი ხაზს უსვამენ, რომ ქვეყანაში შენელდა დემოკრატიული კონსოლიდაცია, არის შერჩევითი მართლმსაჯულებისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნის შემთხვევები. პრობლემურად რჩება სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი, მედიის თავისუფლება და მრავალპარტიული მმართველობის საკითხები.

რაც შეეხება იმ მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორებს, რომლებთანაც გამკლავება მოუწია ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე, ანგარიშში ნახსენებია რუსეთთან ფრენების აღდგენა, მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან ანტიდასავლური განცხადებები და უცხოური გავლენის აგენტის შესახებ კანონიც, რომლის დამტკიცებაც სცადა მთავრობამ, მიუხედავად იმისა, რომ ამ კანონის შინაარსი აშკარად შეუსაბამო იყო ევროკავშირის წევრობის ყველაზე ფუნდამენტურ კრიტერიუმებთან. თუმცა აღნიშნულია ისიც, რომ ამ კანონის მიღების მცდელობით გამოწვეულმა მასობრივმა პროტესტებმა დაადასტურა, რომ ქართველი ხალხის ღირებულებები სინამდვილეში ბევრად ახლოსაა ევროკავშირის ღირებულებებთან.

თუმცა ეს ყველაფერი მაინც აჩენს სერიოზულ ეჭვებს ბრიუსელში. სამომავლოდ ევროკავშირისთვის შესაძლოა, პრობლემური გახდეს ქვეყნის სავაჭრო პოლიტიკაც და სტრატეგიული თანამშრომლობა ჩინეთთან.

ინდექსში ხაზგასმულია, რომ ამჟამად საქართველოსთვის გადამწყვეტი მომენტი დგას დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირთან დაახლოების კუთხით. მიმდინარე წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად კი იკვეთება, რომ ქვეყნის ევროპული მისწრაფებები საფრთხის ქვეშაა. ამ გადამწყვეტ მომენტში ქვეყანა თითქოს კარგავს წონასწორობასა და არჩეული საგარეო პოლიტიკის საფუძვლებს.

ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა თავის საგარეო პოლიტიკას პრაგმატიზმით ხსნის, აშკარაა, რომ იგი სულ უფრო და უფრო შორდება ევროკავშირის ღირებულებებზე დაფუძნებულ მიდგომას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend