მთავარისაქართველოზამთრის საბურავები ავტომობილებისთვის

ზამთრის საბურავები ავტომობილებისთვის

პირველი იანვრიდან პირველ მარტამდე პერიოდში ავტომობილებით გადაადგილებისთვის ზამთრის საბურავები აუცილებელია. გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ გაიზარდა ფასებიც. ზომისა და ცვეთის მიხედვით კი ზამთრის მეორადი საბურავები 300 ლარიდან 1000 ლარამდე მერყეობს.

მეორადი საბურავების მაღაზიებში იანვრის მიწურულს ნაკლები ხალხია და რიგებიც მიილია. სულ რამდენიმე კვირის წინ კი, ლამის ყველა მძღოლი თავისი ავტომობილისთვის ზამთრის საბურავებს ეძებდა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებისთვის 2024 წლის პირველი იანვრიდან ახალი ვალდებულებები აამოქმედა. პირველ მარტამდე ავტომობილით გადაადგილებისთვის ზამთრის საბურავები აუცილებელია.

  • საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო − ფიფქი;

  • მსუბუქი ავტომობილებისა და სატვირთოებისთვის საბურავის პროტექტორის სიღრმე უნდა იყოს არანაკლებ 3 მმ;

  • მიკროავტობუსისა და ავტობუსისთვის პროტექტორის სიღრმე უნდა იყოს არანაკლებ 4 მმ;

  • საბურავის დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი;

  • საბურავზე შესაძლებელი უნდა იყოს დამზადების თარიღის წაკითხვა;

  • მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში პირი დაჯარიმდება 100 ლარით.

მთავრობის დადგენილების მიხედვით, განსაზღვრულია იმ ადგილმდებარეობების ჩამონათვალი, სადაც ზამთრის საბურავებით გადაადგილება აუცილებელია, ძირითადად, მაღალმთიანი რეგიონები და უღელტეხილები. ჩამონათვალში ქალაქის შიდა გზები არ შედის.

კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში მიიღო, უკვე მოქმედებს. პირველ ეტაპზე ზამთრის საბურავებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. როგორც საბურავების გამყიდველები საუბრობენ, ფასიდან გამომდინარე მოთხოვნა ძირითადად, მეორად საბურავებზეა. 4 ერთეული მეორადი საბურავების ფასი კი ზომისა და ცვეთის მიხედვით 300-იდან 1000 ლარამდე მერყეობს.

ზამთარში ნალექის მატებასთან ერთად მაშინ, როდესაც მოცურების რისკი მაღალია, ავტოსაგზაო შემთხვევების რიცხვიც მატულობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ასევე შესაძლოა, დაწესდეს დამატებითი მოთხოვნა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით აღჭურვის შესახებ.

ზამთრის საბურავების ვალდებულება მოქმედი კანონით პირველ მარტამდეა განსაზღვრული, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებულ შემთხვევაში, მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით, შესაძლოა, ვადები შეიცვალოს.

გიორგი თუხარელი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend