მთავარიაზიაღაზაღაზაში ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში ჯანმომ 19 000 ლიტრი საწვავი შეიტანა

ღაზაში ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში ჯანმომ 19 000 ლიტრი საწვავი შეიტანა

ჯანმომ და პარტნიორებმა 22 იანვარს დაასრულეს კიდევ ერთი სარისკო მისია, რათა მიეწოდებინათ საწვავი ჩრდილოეთ ღაზაში მდებარე ალ-შიფას საავადმყოფოსთვის, სადაც ასობით ათასი ადამიანია დახმარების გარეშე.

ღაზის სექტორში დარჩენილი რამდენიმე საავადმყოფო კიდევ უფრო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდება, რადგან საომარი მოქმედებები ხშირად ხელს უშლის პაციენტების მკურნალობას, ჯანდაცვის მუშაკები გადაღლილი არიან, მედიკამენტებისა და საკვების მარაგი კი იწურება.

ბოლო ჰუმანიტარული დახმარება ღაზის ჩრდილოეთით 12 იანვარს შევიდა.

გუშინ კი მისიის ფარგლებში  ალ-შიფას საავადმყოფოს 19000 ლიტრი საწვავი მიაწოდეს, თუმცა მათ საგუშაგოზე დაბრკოლებები შეექმნათ.

საავადმყოფოსკენ მიმავალი გზები დაზიანებულია.

ჩრდილოეთ ღაზაში სასოწარკვეთილმა ათასობით მშვიდობიანმა მოქალაქემ გაეროს მანქანები ალყაში მოაქცია საკვებისა და წყლის პოვნის იმედით, რაც ასევე აჭიანურებდა მისიას. ალ-შიფას საავადმყოფოში ჩასულმა ჯანმოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ  ვითარება ბოლო მისიის შემდეგ გაუმჯობესებულია.

ალ-შიფას საავადმყოფოში ჯანდაცვის  120 მუშაკი და 300 პაციენტია განთავსებული. საავადმყოფოში ყოველდღიურად ტარდება 5-10 ოპერაცია, ძირითადად ტრავმული შემთხვევების გამო. დაშავებულები სასწრაფო დახმარებას საჭიროებენ.

გაძლიერებული სამხედრო მზადყოფნა და საომარი მოქმედებები სამხრეთ ღაზაში პაციენტებსა და ჯანდაცვის მუშაკებს  რისკის ქვეშ  აყენებს და საფრთხეს უქმნის ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას.

საომარი მოქმედებების გამო ღაზაში ჯანდაცვის მუშაკებს უჭირთ, მოამარაგონ საავადმყოფოები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანამშრომლები ამბობენ, რომ ხან-იუნისის საავადმყოფოებში მდგომარეობა “კატასტროფული და ენით აღუწერელია”.

სამხრეთ ღაზაში, სადაც ადრე 12 საავადმყოფო იყო, ახლა მხოლოდ 7 ფუნქციონირებს. კიდევ ორი, ალ-ხეირის საავადმყოფო და ნასერის სამედიცინო კომპლექსი მხოლოდ ნაწილობრივ მუშაობს.

ჯანმო კვლავ მოუწოდებს ომში ჩართულ მხარეებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი ღაზაში, დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა და მათ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შესაძლებლობა მისცენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend