მთავარისაქართველოგამოსახლება და პროტესტი

გამოსახლება და პროტესტი

აღსრულების პოლიციამ 23 იანვარს თბილისში, კეკელიძის 1-ელ ნომერში, მდებარე ბინიდან ოჯახი იძულებით გამოასახლა. იქ მცხოვრები ოჯახის მხარდასაჭერად დილიდან შეიკრიბნენ სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები.

პროცესი იქ შეკრებილთა და ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველებს შორის დაპირისპირების ფონზე რამდენიმე საათს გრძელდებოდა. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დაახლოებით 10 პირი დააკავეს. აღსრულების პოლიცია ბინაში შესვლას ორ საათზე მეტ ხანს ცდილობდა. მათ შედუღებული დახვდათ როგორც ბინაში, ისე სადარბაზოში შესასვლელი კარი. ადგილზე მივიდნენ საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურების წარმომადგენლები სპეციალური ტექნიკით. საბოლოოდ იქ მცხოვრებ ოჯახს იძულებით დაატოვებინეს ტერიტორია.

ამ ფაქტის შესახებ სპეციალური განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველმა. ომბუდსმენის თქმით, სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის გამოსახლების პროცესში აღსრულების პოლიციის ქმედებების კანონიერებას და ასევე მოინახულებენ დაკავებულებს შემდგომი რეაგირებისთვის.

გამოსახლების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა საქართველოს პრეზიდენტმაც. სალომე ზურაბიშვილის თქმით, ზამთარში ადამიანების გამოსახლება ყველა ევროპულ ქვეყანაში აკრძალულია. პრეზიდენტი ამბობს, რომ სწორედ ეს არის ევროპული ღირებულებებისა და ადამიანის უფლებების დაცვა.

კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლებისას სამართალდამცველებსა და იქ შეკრებილთა შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტს გამოეხმაურა აღსრულების ეროვნული ბიუროც. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ბინაში მყოფმა ადამიანებმა პროცესის ხელშეშლის მიზნით სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენეს, რა დროსაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. ბიუროს განმარტებით, გამოსახლების პროცესი აღსრულების პოლიციის მიერ 6 წლის განმავლობაში 5-ჯერ გადაიდო. მათივე ცნობით, კრედიტორი მოვალეს ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს სთავაზობდა, რაზეც მოვალემ უარი განაცხადა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend