მთავარისაქართველოელექტრონული არჩევნები - ცესკოს თავმჯდომარე პოლიტიკურ პარტიებს შეხვდა

ელექტრონული არჩევნები – ცესკოს თავმჯდომარე პოლიტიკურ პარტიებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდა. ღონისძიებაზე მმართველი და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებაზე ისაუბრეს.

დღის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე სადავო თემა კი ემიგრანტებისთვის არჩევნებში სრულფასოვნად მონაწილეობის უფლება გახდა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ნაწილი საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნასა და ემიგრანტებისთვის არჩევნებში ელექტრონულად მონაწილეობის შესაძლებლობის მიცემას ითხოვდა.

მმართველი პარტიის მოსაზრებით კი, ამ ცვლილების შეტანა კონფიდენციალურობისა და სამართლიანობის პრინციპების დარღვევის გარეშე შეუძლებელია, ხოლო ოპოზიციონერების განცხადებები ემიგრანტებში სახელმწიფოსადმი უნდობლობის გაღვივებას ემსახურება.

„ეს არის ელექტრონული ხმის დათვლა და არა ელექტრონული არჩევნები, რომ დაეშვათ ონლაინხმის მიცემა, რაც ემიგრანტებს მისცემდა ხმის მიცემის საშუალება, ეს იქნებოდა ელექტრონული არჩევნები. ეს არის უბრალოდ ხმის დათვლა ელექტრონულად, რაც თავისთავად კარგია, ბევრ პრობლემას, რაც არსებობდა საარჩევნო უბნებზე ეს სისტემა მოაგვარებს, თუმცა, ცხადია, კითხვები რჩება”, – ამბობს ზურაბ ჯაფარიძე, ,,გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი.

“საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ ონლაინ შეიძლება არჩევნებში მონაწილეობა, არის აბსოლუტურად თავსმოხვეული პრინციპი ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების მიერ. ისინი ახლა ცდილობენ, რომ როგორმე განაწყონ ჩვენს სამშობლოს მოწყვეტილი ადამიანები ქვეყნისა და ხელისუფლების წინააღმდეგ. წარმოუდგენელია, მობილური ტელეფონით არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, ეს არის დაუშვებელი. ეს პირველ რიგში არღვევს უმთავრესს – ფარულობის პრინციპს“, – ამბობს გია ცაგარეიშვილი, “ქართული ოცნების” დეპუტატი.

იმის გათვალისწინებით, რომ გასული წლის დეკემბერში საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო, მომავალი საპარლამენტო არჩევნები ქვეყნის უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.

მიმდინარე წლის განმავლობაში ევროკომისია საქართველოსგან მათ მიერ წარდგენილი 9 დათქმის შესრულებას მოელის. ამ 9 დათქმიდან ერთ-ერთი, მეოთხე სწორედ სამართლიანი, თავისუფალი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფას ეხება, განსაკუთრებით 2024 წელს. ევროკომისია აგრეთვე, მოელის ამომრჩეველთა ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფას არჩევნების დღემდე დიდი ხნით ადრე.

სწორედ ამ და სხვა დათქმების შესრულების შემთხვევაში შეძლებს საქართველო ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend