მთავარიევროპარუსეთიერთი საუკუნე ბელადის გარდაცვალებიდან - რუსეთში თანდათან ივიწყებენ ლენინს

ერთი საუკუნე ბელადის გარდაცვალებიდან – რუსეთში თანდათან ივიწყებენ ლენინს

„ლენინმა იცოცხლა, ლენინი ცოცხლობს, ლენინი იცოცხლებს!“ – ამ სიტყვებით ანუგეშა მგლოვიარე რუსეთი ვლადიმერ მაიაკოვსკიმ საბჭოთა კავშირის დამაარსებლის, ვლადიმერ ლენინის, გარდაცვალების შემდეგ.

მას შემდეგ ერთი საუკუნე გავიდა. მიუხედავად რევოლუციური მწერლის ცნობილი სიტყვებისა თანამედროვე რუსეთში ლენინს ნელ-ნელა ივიწყებენ.

საბჭოთა კავშირის დამფუძნებელი ვლადიმერ ლენინი, გორკი, 1922 წელი. Copyright AP Photo

კვირას, 21 ნოემბერს, კომუნისტური პარტიის წევრები და მხარდაჭერები ლენინის გარდაცვალებიდან 100 წლისთავზე წითელი მოედნის მავზოლეუმთან შეიკრიბნენ. აქ ვლადიმერ ლენინის ბალზამირებული ცხედარი დღემდე ღია სარკოფაგშია მოთავსებული.

რუსი კომუნისტები ლენინის პორტრეტითა და წითელი დროშებით, მოსკოვი, რუსეთი. Copyright AP Photo/Alexander Zemlianichenko

“ლენინი გარდაიცვალა, მაგრამ იგი მუდამ დარჩება კაცობრიობის გვერდით. ის იყო პირველი ვინც დედამიწაზე ზეციური სამეფოს შექმნა სცადა… სამეფოსი, სადაც იბატონებდა შრომა და არა კაპიტალი, სადაც ცხოვრების მთავარი აზრი იქნებოდა ჰუმანიზმი, სამართალი, ხალხთა მეგობრობა, სიკეთე ყველა ოჯახში და პური ყველა სახლში. იმედი მაქვს, პრეზიდენტი პუტინი მიხვდება, რომ ჩვენ ვერ გავიმარჯვებთ, თუ არ გავაგრძელებთ სვლას ლენინისა და სტალინის მიერ დასახულ გზაზე” – ამბობს გენადი ზიუგანოვი, კომუნისტური პარტიის ლიდერი.

იყო დრო, როდესაც მავზოლეუმის მონახულება თითქოს სავალდებულოც კი იყო. ახლა კი იგი კვირაში მხოლოდ 15 საათის განმავლობაში მუშაობს და მოსკოვის ზოოპარკთან შედარებით გაცილებით ნაკლებ დამთვალიერებელს იზიდავს.

ლენინის ხატი ქანდაკებებიდან ჯერ კიდევ მოჩანს, თუმცა მათი დიდი ნაწილი ვანდალიზმის სამიზნე გახდა. ბევრ ქუჩას, რომლებიც მის სახელს ატარებდა, ახლა სხვა სახელწოდება აქვს.

ვლადიმერ ლენინის მავზოლეუმი. ლენინი 1924 წლის 21 იანვარს გარდაიცვალა. მოსკოვი, რუსეთი, 1924 წლის 25 თებერვალი Copyright AP Photo, File

მიუხედავად იმისა, რომ კომუნისტური პარტია სახელმწიფო დუმაში ყველაზე დიდი ოპოზიციური დაჯგუფებაა, იგი მანდატების მხოლოდ 16%-ს ფლობს. თავად ვლადიმერ პუტინი კი ლენინის ფიგურისა და მისი იდეებისგან გარკვეულ დისტანციას ინარჩუნებს.

უკრაინაში ომის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, მან ქვეყნის სუვერენული სტატუსი ლენინის დროის არალეგიტიმურ გადმონაშთად შეაფასა. “ბოლშევიკური პოლიტიკის შედეგად წარმოიშვა საბჭოთა უკრაინა. დღეს, მას შეიძლება ვლადიმირ ილიჩ ლენინის უკრაინაც კი ვუწოდოთ, იგია მისი ავტორი და შემოქმედი“, – განაცხადა პრეზიდენტმა პუტინმა.

ვლადიმერ ლენინის ქანდაკება უკრაინის დროშის ფერებშია შეღებილი, ველიკა ნოვოსილკა, უკრაინა. 19 თებერვალი, 2015 წელი Copyright AP Photo/Vadim Ghirda

როგორც ისტორიკოსი ნიკიტა სოკოლოვი ამბობს: “რუსეთში უკიდურესად მწვავე სოციალური დაყოფაა. ხალხი სოციალურ სამართლიანობასა და თანასწორობას ითხოვს. ლენინი კი სწორედ სოციალურ სამართალთანაა ასოცირებული. რა თქმა უნდა, იმ სლოგანის გამო, რომელიც 1917 წლის რევოლუციასა და სამოქალაქო ომს უკავშირდება. ლენინი აღარ არის ისეთი აქტუალური ფიგურა როგორც ეს გორბაჩოვის დროს, პერესტროიკის წლებში, იყო. პირველ რიგში ეს სახელმწიფოს ისტორიული პოლიტიკითაა განპირობებული. ბოლო 20 წელია, პუტინის რეჟიმი ნებისმიერი სახის რევოლუციას ბოროტებად რაცხავს. რა თქმა უნდა, პუტინი ამჯობინებს კავშირის შექმნის სტალინისტურ ვერსიას, რომელიც არ დაუშვებს ფსევდოსახელმწიფოების წარმოქმნას. ამ თვალსაზრისით აშკარაა, რომ ლენინი პუტინისთვის უკიდურესად არასასურველი ფიგურაა. მისთვის ლენინი ორივე შემთხვევაში რუსეთის იმპერიისა და საბჭოთა კავშირისთვისაც დამღუპველი ფიგურაა”.

ნებისმიერ შემთხვევაში, პუტინი აცნობიერებს იმ ემოციურ ბმას, რაც ბევრ რუსს ჯერ კიდევ აკავშირებს საბჭოთა კავშირის დამაარსებელთან. იგი არ უჭერს მხარს ლენინის ცხედრის მავზოლეუმიდან გატანის ინიციატივას.

2022 წლის გამოკითხვის თანახმად, რუსების 29%-ს სჯეროდა, რომ ლენინის გავლენა მომდევნო 50 წლის განმავლობაში იმდენად შემცირდებოდა, რომ იგი მხოლოდ ისტორიკოსებს ემახსოვრებოდათ. თუმცა ლენინის გავლენა ჯერ კვლავ საკმარისად ძლიერია. სულ რაღაც 3 წლის წინ რუს არქიტექტორთა კავშირი საზოგადოების ცხარე პროტესტის სამიზნე გახდა, როდესაც მათ წითელი მოედნის მავზოლეუმის გადასაკეთებლად კონკურსი გამოაცხადეს. ამ კონკურსში ლენინის ცხედრის გატანა არც იყო ნაგულისხმევი, თუმცა პროექტი მაინც ჩაიშალა.

“პუტინი არ არის ის, ვინც ჩვენ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება ლენინი და სტალინი”.

“ვფიქრობ, ყველა ლიდერი უშვებს შეცდომებს. ლენინის იდეები არ იყო ცუდი… შემდეგ დაამახინჯეს. ალბათ, შესწორებების შეტანა ჯობდა და არა ყველაფრის განადგურება”.

რუსული საინფორმაციო სააგენტო “ტასის” მონაცემებით, ყოველწლიურად ლენინის ცხედარს 450 000-ამდე ადამიანი ნახულობს. ეს მოსკოვის ზოოპარკის სტუმართა დაახლოებით მესამედია და დიდად ჩამოუვარდება საბჭოთა პერიოდის მონაცემებს, როდესაც წითელ მოედანზე ერთი შეხედვით დაუსრულებელი რიგი იდგა.

ვლადიმერ ლენინი 1924 წლის 1-ელ იანვარს 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მასალა მომზადებულია “ასოშიეითიდ პრესის” მიერ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend