მთავარიამერიკააშშუაიომინგის შტატის ერთ-ერთ სკოლაში ჩაგვრის საწინააღმდეგო სპექტაკლი გააუქმეს

უაიომინგის შტატის ერთ-ერთ სკოლაში ჩაგვრის საწინააღმდეგო სპექტაკლი გააუქმეს

უაიომინგის შტატი იმ ორი შტატიდან ერთ-ერთია, სადაც სიძულვილის დანაშაულის შესახებ კანონი არ არსებობს

უაიომინგის შტატის ერთ-ერთ სკოლაში ჩაგვრის საწინააღმდეგო სპექტაკლი გააუქმეს, რომელიც ლგბტქ+ თემის პრობლემებზეც ჰყვებოდა. უაიმინგის შტატი იმ ორი შტატიდან ერთ-ერთია, სადაც სიძულვილის დანაშაულის შესახებ კანონი არ არსებობს. მეორე ასეთი შტატი სამხრეთ კაროლინაა. შტატში, სადაც 500 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს და მათი 92% თეთრკანიანია, ლგბტქ+ თემის წევრებს პრობლემები ხშირად ექმნებათ. მაგალითად, უაიომინგის უნივერსიტეტს უჩივლეს იმის გამო, რომ ქალების კლუბში ტრანსგენდერი ქალი მიიღეს. შტატის ზოგიერთ ადგილას აკრძალულია “დრაგ შოუები”. ასევე მაღალია საზოგადოების ზეწოლა ბიბლიოთეკების მიმართ და ითხოვენ საბავშვო წიგნებიდან ლგბტქ+ ამბები ამოიღონ.

12 წლის სკოლის მოსწავლე ოლივერ ბაეზი ორი თვის განმავლობაში ყოველდღე დადიოდა რეპეტიციებზე და ცდილობდა მისი პერსონაჟის დახვეწას. ოლივერის პერსონაჟი სპექტაკლის კეთილი გმირია, ის უპირისპირდება იმ მოსწავლეს, რომელიც ლგბტქ+ თემის წევრ სტუდენტს დასცინის და აბუჩად იგდებს. საბოლოოდ სპექტაკლში ლგბტქ+ თემის წევრი ჩაგვრის ფონზე სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს.

ამ სპექტაკლისთვის სკოლის მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად დიდხანს ემზადებოდნენ, თუმცა სპექტაკლისთვის პატარა სცენის დათმობა უიტლენდის სკოლაში დიდ პრობლემად იქცა. სკოლის ადმინისტრაციამ სპექტაკლი სახელწოდებით „ბულინგის კოლექცია“ გააუქმა და განმარტეს, რომ ის არ შეესაბამებოდა სკოლის ღირებულებებს.

„დირექტორმა თქვა, რომ სცენარის ენა შეუსაბამო იყო. ის ამბობდა, რომ სპექტაკლი არაფრის მთქმელი იყო და ლგბტქ+ თემის პოპულარიზაციას ეწეოდა და თქვა ისიც, რომ ეს არ ჯდებოდა საოლქო სკოლის ღირებულებებში. როდესაც მე მას ავუხსენი, რომ ეს არ იყო ვინმეს ან რაიმეს პოპულარიზაცია, უბრალოდ სპექტაკლი ბავშვებში ჩაგვრის შემცირებას ემსახურებოდა და ასევე აჩვენებდა იმასაც, რომ აბუჩად აგდებამ შეიძლება ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანოს, დირექტორმა მიპასუხა, რომ ჩვენი აზრები ერთმანეთს არ ემთხვეოდა“, – ამბობს სტეფან ბრედლი, უიტლენდის საჯარო სკოლის თეატრის ხელოვნების მასწავლებელი.

სცენის გარეშე დარჩენილი ახალგაზრდა პატარა მსახიობები ამ ფაქტმა ძალიან გააბრაზა. მათ დირექტორისგან მიიღეს 5-დოლარიანი სასაჩუქრე ბარათი და წერილი, სადაც დირექტორი ამბობდა, რომ მისი გადაწყვეტილების გამო წუხდა. მოსწავლეებმა სასაჩუქრე ბარათები უკან გაგზავნეს, წერილები კი დახიეს.

როგორც ოლივერ ბაეზი, სპექტაკლ “ბულინგის კოლექციის” მსახიობი ამბობს:  „საშინლად გაბრაზებული ვიყავი. ამდენი შრომა ჩავდეთ და შემდეგ სკოლამ უარი თქვა, თანაც, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე უბრალოდ აი ასე, საშინელება იყო. ეს უმიზეზოდ სახეში დარტყმას ჰგავს“.

„ჩვენ ძალიან, ძალიან გავბრაზდით, რადგან ამ სპექტაკლზე ბევრს ვმუშაობდით“, – ამბობს ერიკა ბიგსი, სპექტაკლ “ბულინგის კოლექციის” მსახიობი.

ოლივერ ბაეზი, სპექტაკლ “ბულინგის კოლექციის” მსახიობი: ”მე მჯერა, რომ ეს მნიშვნელოვანია, რადგან მინახავს ბევრი ლგბტქ+ თემის წარმომადგენელი, რომლებსაც ჩვეულებრივ დასცინიან და ჩაგრავენ. მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ეს ადამიანები საზოგადოების მნიშვნელოვანი წევრები არიან და რომ ჩვენ ყველამ უნდა მივიღოთ ისინი ისეთები, როგორებიც არიან. ასე რომ, სკოლის მხრიდან ამ სპექტაკლის გაუქმება იგივეა, რაც საზოგადოებამ თქვას, რომ ლგბტქ+ თემი არ უნდა იყოს საზოგადოების წევრი. სრული აბსურდია“.

სპექტაკლი „ბულინგის კოლექცია“ კი ადგილობრივმა დასმა გადაარჩინა და მართალია, ერთი თვის შემდეგ, თუმცა სპექტაკლი მაინც იხილეს სკოლაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend