მთავარისპორტიკიბერსპორტი - გართობა თუ პროფესია?

კიბერსპორტი – გართობა თუ პროფესია?

ბევრისთვის ბავშვური გართობა ზოგისთვის პროფესიად და შემოსავლის წყაროდ იქცა. კიბერსპორტს მომავლის პროფესიასაც უწოდებენ.

„ლეგენდები“, „აიდიქეი“, „ლოკომოტივი“, „ზესტა სითი“ – ეს კიბერფეხბურთის იმ გუნდების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც საქართველოს კიბერეროვნულ ლიგაში მონაწილეობენ და მთელი სეზონის განმავლობაში ერთმანეთს ეჯიბრებიან.

ეს კიბერფეხბურთია, მომავლის პროფესია და შეჯიბრება საფეხბურთო სიმულატორში. სპორტი, რომელიც უკვე წლებია არსებობს და საქართველოში პროფესიონალი კიბერსპორტსმენების რაოდენობაც დროთა განმავლობაში იზრდება.

ბევრისთვის ბავშვური გართობა, რაც მათი აზრით, დროის ფუჭი ხარჯვაა, 24 წლის ნიკოლოზ ასათაშვილმა უკვე პროფესიად და შემოსავლის წყაროდ აქცია. ნიკოლოზი 2023 წლის საუკეთესო კიბერსპორტსმენიც გახდა. ახლა მისი ოცნება მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მოხვედრა და გამარჯვებაა. სწორედ ამიტომ დღეში 5-6 საათს ვარჯიშობს და ტურნირებისთვის ემზადება.

2017 წლიდან არსებობს საქართველოს კიბერფეხბურთის ფედერაცია, რომელიც მოთამაშეებს განვითარებაში ეხმარება. ისინი ცდილობენ, დაანგრიონ სტერეოტიპები და კიბერსპორტის განვითარებასთან ერთად ხალხს შთააგონონ, რომ ეს შეიძლება იყოს ჩვეულებრივი პროფესია და ამ საქმით დაინტერესებული ადამიანები იყვნენ სრულფასოვანი სპორტსმენები.

კიბერფეხბურთში, როგორც რეალურ ფეხბურთში, არსებობს მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატები, სადაც სხვადასხვა ქვეყნის კიბერსპორტსმენები მონაწილეობენ და გამარჯვებულებს სოლიდური პრიზებსაც აძლევენ.

მსოფლიოში პირველი კიბერსპორტული ტურნირი 1972 წელს ჩატარდა.

კიბერსპორტი მხოლოდ ფეხბურთი არ არის, არსებობს უამრავი ონლაინთამაში: „ლიგ ოფ ლეჯენდსი“, „დოტა 2“, „სი ეს გოუ“, რომლებშიც მუდმივად ტარდება ტურნირები. 2019 წელს კიბერსპორტული ინდუსტრიის შემოსავლმა 950 მილიონი დოლარი შეადგინა.

დღეს განვითარებულ სამყაროში ინტერნეტთან წვდომა უფრო და უფრო მეტ ადამიანს აქვს და, შესაბამისად, კიბერსპორტის გულშემატკივართა რაოდენობაც იზრდება. ამ სპორტის ასეთ წარმატებას კი სწორედ მილიონობით კიბერმაყურებელი განაპირობებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend