ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ პირობას დებს, რომ წინ წაიწევს და ,,ჰამასს“ დაამარცხებს.
ამასთან, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელს სჭირდება უსაფრთხოების კონტროლი იორდანიის დასავლეთის მთელ ტერიტორიაზე. ბრძოლა კი გაგრძელდება იქამდე, სანამ ყველა მძევალი არ გათავისუფლდება.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, ომი არ შეჩერდება, რადგან ეს მხოლოდ სისუსტეს აჩვენებს ისრაელის მტრებს.
,,ნებისმიერ მომავალ შეთანხმებაში ისრაელს სჭირდება უსაფრთხოების კონტროლი იორდანიის დასავლეთით მდებარე მთელ ტერიტორიაზე. ეს აუცილებელი პირობაა და ეს ეწინააღმდეგება პალესტინის სუვერენიტეტის იდეას. რა შეგიძლიათ გააკეთოთ? ამას ვეუბნები ჩვენს ამერიკელ მეგობრებს. მე უკვე შევაჩერე ყველანაირი მცდელობა, რომელიც ზიანს აყენებს ისრაელის უსაფრთხოებას“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
თელ–ავივში შეკრებილმა ისრაელელებმა კი ყველაზე ახალგაზრდა მძევლის კფირ ბიბასის დაბადების დღე აღნიშნეს. იგი, მისი ძმა და მშობლები ,,ჰამასის“ მიერ არიან დაკავებული.
მძევლებისთვის საჭირო მედიკამენტი უკვე შეიტანეს ღაზაში. შეთანხმება კატარისა და საფრანგეთის შუამავლობით გაფორმდა.
,,ჰამასი“ აცხადებს, რომ საერთაშორისო „წითელი ჯვარი“ უზრუნველყოფს მედიკამენტების მიწოდებას დატყვევებული ისრაელელებისთვის.
„წითელი ჯვრის“ საერთაშორისო ორგანიზაცია კი ამტკიცებს, რომ არ მონაწილეობს რაიმე სახის გარიგებაში. გაეროში კი აცხადებენ, რომ საომარი მოქმედებების გამო ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება პალესტინელებისთვისაც დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული.