მთავარისაქართველორაკურსის ძიებაში - ბესო კობახიძის ხელოვნება

რაკურსის ძიებაში – ბესო კობახიძის ხელოვნება

ბესო კობახიძე თბილისიდან მშობლიურ რაჭაში ათი წლის წინ დაბრუნდა, ამბროლაურში საკუთარი სახლის მეორე სართულზე პატარა სახელოსნო მოაწყო და აქ ტილოებსა და მცირე ზომის ქანდაკებებს ქმნის. ყველაზე დიდ დროს ამ სახელოსნოში ატარებს.

ამბობს, რომ ხელოვანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საკუთარ თავს არ უღალატო: “საკუთარ თავთან უნდა იყო გულწრფელი. ის უნდა აკეთო, რაც მართლა გინდა და არ უნდა იფიქრო იმაზე, ვინ რას იტყვის, სხვებს მოეწონებათ, არ მოეწონებათ, ან რა რეაქცია ექნებათ. თუ გულწრფელი იქნები შენს ნამუშევართან, ნამუშევარიც გულწრფელი იქნება თითოეულ მნახველთან”, – ამბობს ბესო კობახიძე.

მისი ნამუშევრები თან თამამია, თანაც მშვიდი და სევდიანი. ამბობს, რომ მთელი მისი შემოქმედება ავტოპორტრეტია.

“ხშირად მიფიქრია, რომ სიჩუმე, სიწყნარე და ეს ზედმეტი სიმშვიდე უფრო მეტ ენერგიას მაძლევს, რომ უფრო მეტი ვიბრძოლო და ეს სიმშვიდეც დავძლიო. ძნელია. შეიძლება ერთი კვირა, ერთი თვე იმუშაო და იყო საკუთარ თავთან სრულიად მარტო, მოწყვეტილი მთელი სამყაროსგან, მაგრამ მთელი ცხოვრების ასე გატარება რთულია”, – აცხადებს ხელოვანი.

ამბროლაურში სახვითი ხელოვნების მუზეუმს ხელმძღვანელობს და აქ დაცული კოლექციის მთავარი გულშემატკივარია. სამსახურიდან დაბრუნებული სახელოსნოში ადის და გვიან ღამემდე მუშაობს. თბილისელ მეგობრებს სოციალური ქსელებით ეკონტაქტება. თავის ნამუშევრებსაც ხშირად აქვეყნებს ინტერნეტში და კოლეგების შემოქმედებასაც აქვე ადევნებს თვალს.

დრამატურგი დათო გაბუნია ამბობს, რომ ბესო კობახიძის ნამუშევრები და მისი ხელწერა განსაკუთრებულია.

“აღარ მახსოვს სად ვნახე მისი პირველი ნამუშევარი, მაგრამ მახსოვს რა იყო. ეს იყო პასტელებით დახატული სხეულები ძალიან უცნაურ პოზებში, მდგომარეობასა თუ რაკურსში. ძალიან დავინტერესდი. თვალში მომხვდა და მეუცნაურა. მით უფრო გაძლიერდა ინტერესი, როცა გავიგე, რომ ტილოები ქართველი ავტორის ყოფილა.

დღეს, როდესაც მხატვრობაში ფიგურატულობა ისე არ ფასობს, როგორც ოდესღაც და როცა სხვადასხვა ტიპის აბსტრაქციებმა ტალღებად გადაიარა, ფერწერაში ზღვარი მოშლილია. ხვდები მხატვარს, რომელიც ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით არის მხატვარი, რომელმაც ხატვა იცის და საინტერესო, უჩვეულო, თავისებურ რაღაცებს, თუ ვიღაცებს ხატავს. ამ ფიგურებს, ამ სხეულებს, ის ხატავს გამუდმებით, ამოჩემებით. ამ თემას არ ეშვება. გამუდმებით იკვლევს, მაგალითად, რაკურსს. როგორც თვითონ ამიხსნა, ამ სხეულების მოძრაობას ხატავს. ეს რაკურსები თითქმის ყოველთვის არის უჩვეულო და უცნაური. ხვდები, რომ ეს მისი ხელწერაა და მას რაღაც განსაკუთრებული ახასიათებს“.

თბილისში ცხოვრების წლებში ძალიან აქტიური იყო. რამდენიმე წელი სამხატვრო აკადემიაშიც მუშაობდა, თუმცა როგორც თავად ამბობს შემოქმედებითი ცხოვრება რაჭაში დაბრუნების შემდეგ დაიწყო. მას აქეთ, მის სახელოსნოს ბევრი დამთვალიერებელი სტუმრობს. საკუთარი ნამუშევრები ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გამოფინა და 2020 წელს გერმანიაშიც გეგმავდა ექსპოზიციის მოწყობას, თუმცა პანდემიამ გეგმები ჩაუშალა.

ყველაფერს, რასაც აკეთებს, მუდმივად კრიტიკულად უყურებს. ამბობს, რომ თვითკრიტიკულობა განვითარებაში ეხმარება, თუმცა…

“მეგობრები და კოლეგები მეუბნებიან, რომ ზედმეტად კრიტიკული ვარ საკუთარი თავისა და შემოქმედების მიმართ. ყოფილა შემთხვევები, როცა ისე ვგრძნობდი თავს, რომ ყველაფრის გადაყრა მინდოდა.

ფიქრი და რაღაც ახლის ძიება უნდა გინდოდეს საკუთარ თავში. შემდეგ თავისთავად მოდის იდეაც და კონცეფციაც, თუ რა გინდა და რა უნდა გააკეთო”.

ბოლო პერსონალური გამოფენა „გალერეა ნოვოში“ ჰქონდა. 20-ამდე ნამუშევრისგან შექმნილ ექსპოზიციას „გაექცე, თუ შეებრძოლო?“ დაარქვა და სცადა, შიშისა და სასოწარკვეთისთვის ფიზიკური სახე მიეცა. გამოფენის ორგანიზატორმა რუსო დოლიძემ გვითხრა, რომ ამბროლაურელი მხატვრის ნამუშევრებმა დამთვალიერებელი სასიამოვნოდ გააოცა.

“ეს პროტესტი, ეს რაღაცნაირი დამოკიდებულება სენსიტიური საკითხებისადმი მას ყოველთვის მისცემს შემოქმედებით იმპულსს. მისი შემოქმედებისთვის თვალის დევნება ყოველთვის ძალიან საინტერესო იქნება.

ის, რასაც ბესო აკეთებს, სხვა მხრივაც არის მნიშვნელოვანი. იქ ბავშვები იზრდებიან. მას სტუდენტები, ახალგაზრდები, მოსწავლეები ხედავენ. ეს ძალიან დიდი ტრამპლინია მათთვის, რომ უფრო მეტად დაინტერესდნენ და ხელოვნებაზე მეტი ინფორმაციის მიღება მოუნდეთ. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ბესო ამბროლაურში ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს”, – გვეუბნება რუსო დოლიძე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend