მთავარიამერიკაარგენტინადაბადების დღის წვეულება იუბილარის გარეშე

დაბადების დღის წვეულება იუბილარის გარეშე

არგენტინაში კფირ ბიბასის ერთი წლის დაბადების დღე აღნიშნეს. ბავშვის, რომელიც უკვე სამი თვეა ღაზაში „ჰამასის“ ტყვეობაშია

ბუენოს აიერსში 17 იანვარს ძალიან სევდიანი ღონისძიება გაიმართა. კფირ ბიბასის ერთი წლის დაბადების დღე აღნიშნეს. ბავშვის, რომელიც უკვე სამი თვეა ღაზაში, „ჰამასის“ ტყვეობაშია.

ბავშვის, რომელზეც „ჰამასი“ ამბობს, რომ ისრაელის თავდასხმის დროს დაიღუპა და რომლის სიკვდილსაც ვერ ადასტურებს ისრაელი.

კფირ ბიბასი 7 ოქტომბერს, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის დროს გატაცებულთაგან ასაკით ყველაზე პატარაა.

ერთი წლის კფირის დაბადების დღე ასობით ადამიანმა აღნიშნა.

ღონისძიებაზე იყო ბუშტები, ბავშვის ფოტო, დიდი ტორტი და მოკლედ თითქმის ყველაფერი, იუბილარის გარდა. სწორედ ამიტომ გამოვიდა დაბადების დღის ეს წვეულება ასეთი სევდიანი.

კფირ ბიბასი 17 იანვარს ერთ წლის გახდა, ან გახდებოდა – ახლობლებმა დადასტურებულად არ იციან ცოცხალია თუ არა ის. არც მისი 4 წლის ძმასა და დედაზე სმენიათ რამე.

„ჰამასი“ ამბობს, რომ ისინი ისრაელის მიერ ღაზის სექტორის დაბომბვის დროს დაიღუპნენ. ისრაელის მხარე კი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და ამბობს, რომ მათი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია „ჰამასის“ ფსიქოლოგიური ტერორის ნაწილია.

„კფირ მე შენი დეიდა ვარ. დედაშენის და… და აქ ვარ, შენს დაბადების დღეზე. ჩვენ აქ ვართ… როგორც ნებისმიერი ნორმალური ოჯახი უნდა იქცეოდეს ისე. ვემზადებით ბავშვის ერთი წლის დაბადების დღისთვის, მაგრამ ჩვენი ბიჭი ჩვენთან არ არის. 7 ოქტომბრის შემდეგ კფირზე არაფერი მსმენია. მასზე სამ თვეზე მეტია არაფერი გამიგია. არც მის ძმაზე, არც დედაზე, არც მამაზე. „ჰამასის“ ტერორისტებმა ისინი სახლიდან 7 ოქტომბერს დილით გაიტაცეს და მანდ შეწყდა კონტაქტი ჩვენს შორის.

დღეს ჩვენი სურვილი მხოლოდ ერთია – ჯანმრთელი და უვნებელი დაბრუნდეს კფირი. ყველა გატაცებული დაუბრუნდეს სახლებსა და ოჯახებს“, –  ამბობს სანდრა მიასნიკი, კფირ ბიბასის დეიდა.

„ჰამასის“ წევრები ამბობენ, რომ მძევლებს მანამ არ გაათავისუფლებენ, სანამ არ იქნება ცეცხლის მუდმივი შეწყვეტის გადაწყვეტილება მიღებული, რასაც ისრაელი გამორიცხავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend