“ჰამასის” ტყვეობიდან გათავისუფლებული მძევალი ღაზაში გატარებულ დღეებს იხსენებს. ისრაელელი ქალი საუბრობს იმაზე, თუ როგორ პირობებში ჰყავდა “ჰამასს” ტყვეები, როგორ ექცეოდნენ მათ, რაზე ფიქრობდნენ მაშინ, როდესაც ირგვლივ ყველაფერი იბომბებოდა. რისი ეშინოდათ ყველაზე მეტად, რა აიმედებდათ და როგორ ეხმარებოდნენ ერთმანეთს კრიტიკულ მომენტებში.
ისრაელელი ქალი, რომელიც “ჰამასის” წევრებმა მეუღლესთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად გაიტაცეს, ღაზაში ტყვეობის ამბავს იხსენებს. უმძიმესს და ჯოჯოხეთურს, როგორც თავად უწოდებს იქ გატარებულ 3 თვეს. იხსენებს ქმარს, რომელიც კვლავ “ჰამასის” მძევალია და არ იცის, გადარჩება თუ არა…
„მძიმე მომენტშიც კი ყოველთვის ახერხებდა ხუმრობას. მე მას იქ ვუთხარი, რომ საუკეთესო კაცია, ვისაც კი ოდესმე შევხვედრივარ… მან მიპასუხა, რომ დრო მოვიდა, კარგად გავრკვეულიყავი ამ საკითხში… გამომშვიდობებისას ეს იყო მისი ბოლო სიტყვები – „იბრძოლე ჩემთვის, არ დანებდე. დამეხმარე, რომ აქაურობას თავი დავაღწიო”. ბოლოს კი ეს მითხრა – “მეშინია ამ ჯოჯოხეთის“, – ჰყვება შერონ ალონი.
შერონი იხსენებს დღეებს, როდესაც ძალიან ახლოს იყო სიკვდილი… და როდესაც ამისთვის თავადაც მზად იყვნენ.
„უკვე გონებას ვკარგავდი, რა დროსაც დანიელმა შემაძრწუნებელი რაღაც მითხრა – მოდი გავაღოთ ფანჯარა და გადავხტეთო. ჯობს გვესროლონ, ეს უსასრულო ტანჯვა მაინც დასრულდებაო. ამ საშინელ ტკივილს მაინც ვეღარ ვიგრძნობთო. მითხრა, რომ იქ, იმ ოთახში, უბრალოდ დავიხრჩობოდით, ჩვენს ტყუპ გოგოებთან ერთად… დამეწყო ფსიქიკური აშლილობა, პანიკური შეტევები. ისინი არ მაძლევდნენ იმ წამლებს, იმ ანტიდეპრესანტებს, რომლებსაც ტყვეობამდე რეგულარულად ვიღებდი ისრაელში“, – ამბობს გათავისუფლებული მძევალი.
შერონი ჰყვება, რომ ის და მისი ოჯახი მალევე გადაიყვანეს ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც ტყვეებს მალავდნენ.
„დაახლოებით 9 დღის შემდეგ ჩვენ გვერდით სახლი დაიბომბა. ამ დაბომბვის დროს ჩვენთანაც იმსხვრეოდა მინები, იშლებოდა კედლები და ყველაფერი თავზე გვემხობოდა… ამიტომ, ჩვენი იქიდან გადაყვანა გადაწყდა. ჩემს მეუღლეს თეთრეული გადააფარეს, ისე როგორც გვამს… მე ტრადიციული არაბული სამოსი ჩამაცვეს. ბავშვებიც ჩვენთან ერთად იყვნენ. ასე ჩაგვსვეს სასწრაფოს მანქანაში და გადაგვიყვანეს კლინიკაში.
წაგვართვეს ყველაფრის უფლება… შეზღუდული გვქონდა აბაზანისა და საპირფარეშოს გამოყენების შესაძლებლობაც. როდესაც გასვლას მოვითხოვდით, ზოგჯერ 5 წუთს გვალოდინებდნენ, ზოგჯერ კი 2 საათს. გვექცეოდნენ ისე, როგორც ცხოველებს გალიაში…
როდესაც საავადმყოფოში გადაგვიყვანეს, მდგომარეობა გამწვავდა… მოჰქონდათ ცოტა პური და ყველი. ყველას გვქონდა ღებინება და დიარეა. ერთ დღეს მოგვიტანეს ცხარე ბრინჯი და ხორცის პატარა ნაჭრები. იქ მყოფი 12 ადამიანისთვის ხორცის 6 ნაჭერი ძალიან მცირე ულუფა იყო. მე მადლობელი ვარ იქ მყოფების, რომ თავიანთი წილიც ჩემს გოგოებს დაუთმეს“, – იხსენებს შერონი.
ტყვეობიდან გათავისუფლებული ქალი ამბობს, რომ ვეღარასოდეს დაბრუნდება იმ სახლში, საიდანაც გაიტაცეს… ვეღარ იცხოვრებს იქ, სადაც შვილებს ზრდიდა… მან ჯერ არ იცის, რა იქნება მომავალში. ახლა მთავარია, მეუღლისთვის მიცემული პირობა შეასრულოს და იბრძოლოს მის დასაბრუნებლად…
„ყოველდღე ვტირი… ვუყურებ მის ვიდეოებს ჩვენს გოგონებთან ერთად… ვათვალიერებ მის ფოტოებს ტელეფონში და ვუსმენ მის ხმოვან შეტყობინებებს…
და ამას ვაკეთებ უამრავჯერ“.