მთავარიმსოფლიოევროკავშირი უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს - ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირი უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს – ურსულა ფონ დერ ლაიენი

შვეიცარიაში, ქალაქ დავოსში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით გამოვიდა.

ზელენსკიმ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდების აუცილებლობაზე ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოკავშირე სახელმწიფოებს მოუწოდა, უკრაინის მხარდამჭერ პროცესებში უფრო აქტიურად ჩაერთონ. მან რუსეთის პრეზიდენტს კორუმპირებული და ომის დამნაშავე უწოდა.

„თუკი ვინმეს მიაჩნია, რომ ეს მხოლოდ ჩვენ გვეხება, ძალიან ცდება. მიმდინარე ომი მხოლოდ უკრაინის გამოწვევა არ გახლავთ. რუსული აგრესიის სამიზნე და მსხვერპლი ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს. გულწრფელად გკითხავთ, რომელი თქვენგანი არის მზად, რომ დღეს რუსულ არმიას წინ დაუდგეს? თქვენი სახელმწიფოდან რამდენი კაცი და ქალია მზად გაწიროს სიცოცხლე? რუსეთის ფედერაციის გაყინული აქტივები კრემლის მიერ წარმოებული ომისგან თავდაცვის მიზნით უნდა გამოვიყენოთ, ასევე ომის შემდგომი რეკონსტრუქციისთვის. პუტინს მხოლოდ ფული ადარდებს, მას და მის ოლიგარქებს მხოლოდ და მხოლოდ ფული აინტერესებთ და ამ ფულის დაკარგვის გამო პუტინი ომის დაწყებას ინანებს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

პრეზიდენტ ზელენსკის გამოსვლას გამოეხმაურნენ ევროპელი ლიდერები. მათ კიდევ ერთხელ გამოხატეს მზადყოფნა უკრაინის მხარდასაჭერად.

„დროა, რიტორიკა შევცვალოთ. მრავალი დასავლელი პარტნიორისგან გვესმის, რომ ჩვენ უკრაინის მხარდაჭერას მანამდე გავაგრძელებთ, სანამ ამის საჭიროება იქნება. მიმაჩნია, რომ ეს უნდა შეიცვალოს. ჩვენ უნდა განვაცხადოთ, რომ  უკრაინას მხარს დავუჭერთ იქამდე, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს“, – განაცხადა ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩმა.

დავოსში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში კიევში რამდენჯერმე იმყოფებოდა

ევროკომისიის პრეზიდენტი კმაყოფილებას გამოთქვამს, რომ კორუფციასთან ბრძოლის კუთხით უკრაინაში შესაბამისი ნაბიჯები იდგმება.

ფონ დერ ლაიენი იმედოვნებს, რომ საჭიროების შემთხვევაში ბრიუსელი უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების პაკეტის გამოყოფას უნგრეთის მთავრობის თანხმობის გარეშეც შეძლებს.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის 27-ვე წევრ სახელმწიფოსთან თანამშრომლობა, რათა ოთხი წლის განმავლობაში უკრაინისთვის 50 მილიარდი ევრო გამოვყოთ. ჩვენ ამისთვის ვემზადებით და ამ თემას 1 თებერვალს ევროპის საბჭოს საგანგებო შეხვედრაზე განვიხილავთ. ეს რთული საკითხია. ჩემი მიზანია, რომ დახმარების პაკეტზე 27-ვე სახელმწიფო შეთანხმდეს. თუმცა თუ ეს შეუძლებელი გახდება, ჩვენ მზად ვართ შეთანხმებას 26 ქვეყანასთან ერთად მივაღწიოთ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მირჩევნია, რომ შეთანხმებას 27-ვე ქვეყანამ მიაღწიოს“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენი.

სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების გარდა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე შეხვდა მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ბანკების აღმასრულებელ დირექტორებს და ტექნიკური სამყაროს წარმომადგენლებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend