მთავარისპორტიმეთორმეტე მოთამაშე

მეთორმეტე მოთამაშე

ფეხბურთი და გულშემატკივრები

წლების განმავლობაში ქომაგების სიხარული და იმედგაცრუება ხან იმატებდა და ხან იკლებდა. ქართულ ფეხბურთს კი ეს ენერგია და მხარდაჭერა განსაკუთრებულად სჭირდება, ისე როგორც კარგი თამაში.

ფეხბურთის გულშემატკივრობა ცალკე ამბავია, დიდი ვნება და ენერგია, რომელიც ათასობით ადამიანს აერთიანებს.

ბექა ნოზაძე უკვე 11 წელია ქართული სპორტის გულშემატკივართა გაერთიანების „ქომაგები“ წევრია, როგორც ის ამბობს, ყოველი მათი შეკრება სასიამოვნო და საპასუხისმგებლოა, თუმცა ქომაგობას დიდი დრო და ენერგია სჭირდება.

„არ ხდება ისე, რომ მიხვიდე უბრალოდ სტადიონზე, დადგე ტრიბუნაზე, უქომაგო, იმღერო, ასე მარტივი არ არის ყველაფერი. საკმაოდ დიდი დრო და ენერგია სჭირდება, თუმცა ჩვენ უკვე გვაქვს იმხელა გამოცდილება, რომ ამ ყველაფერს მარტივად ვაკეთებთ. ვფიქრობ, ჩვენი წვლილი შეგვაქვს ჩვენი ნაკრების, ჩვენი სპორტსმენების წარმატებაში“, – ამბობს ბექა ნოზაძე, “ქართული სპორტის ქომაგების” წარმომადგენელი.

თავად ფეხბურთელებისთვის ქომაგების როლი განსაკუთრებულია. ნიკა გაგნიძე საქართველოს 21 წლამდე ნაკრების ფეხბურთელია, ამბობს, რომ მისთვის გულშემატკივრის ყოფნა მოედანზე ყველაზე მნიშვნელოვანია.

„ის მუხტი, რაც მათგან მოდის, ჩემი აზრით, არის სიტუაციისა და თვითონ თამაშის მომენტში გარდამტეხი, სულ რომ ენერგია არ გქონდეს, გულშემატკივარი ისეთ ენერგიას გაძლევს, რომ შეგიძლია შეუძლებელი შეძლო იმ მომენტში“, – ამბობს საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელი ნიკა გაგნიძე.

სპორტული ჟურნალისტისა და კომენტატორის გიორგი პავლიაშვილის თქმით, ფეხბურთი მაყურებლის გარეშე არ არსებობს, რაც მისი აზრით, კარგად გამოჩნდა საქართველოს ნაკრების მიერ გამართულ რამდენიმე მატჩში.

„მილიარდობით ადამიანია ფეხბურთში ჩართული და შესაბამისად, გულშემატკივრის გარეშე კიდევ ერთხელ გავიმეორებ ფეხბურთი არ არსებობს. საუბარი იმაზე, რომ საქართველოში გულშემატკივარს ფეხბურთი არ უყვარს, რა თქმა უნდა, სისულელეა, უყვარს და ეს ყველაფერი ჩანს საქართველოს ნაკრების თამაშებზე, გამოჩნდა ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაშის დროსაც, როცა გულშემატკივარი სამწუხაროდ, არ დაუშვეს ტრიბუნაზე და ჩემი აზრით, დიდწილად ამითაც იყო განპირობებული, რომ საქართველომ მაშინ ვერ მოხერხა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა“, -ამბობს სპორტული კომენტატორი გიორგი პავლიაშვილი.

 “გულშემატკივარიც ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია, რომელიც თავის საყვარელ გუნდს აძლევს მოტივაციას, რომ ბევრად უკეთ ითამაშოს”.

„სტადიონზე როცა მიდის მაყურებელი, დიდი ატმოსფერო იქმნება, რაც ეხმარება მოთამაშეებს და აძლევთ მათ მოტივაციას“.

„ფეხბურთში დიდი მნიშვნელობა აქვს მხარდაჭერას, გულშემატკივრობას, ძალიან დიდ მუხტსა და ენერგიას აძლევს ეს ფეხბურთელებს“.

წლების განმავლობაში ქომაგების სიხარული და იმედგაცრუება ხან იმატებდა და ხან იკლებდა. ქართულ ფეხბურთს კი ეს ენერგია და მხარდაჭერა განსაკუთრებულად სჭირდება, ისე როგორც კარგი თამაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend