მთავარისაქართველო“მარტო ცხოვრება მინდა…”

“მარტო ცხოვრება მინდა…”

დამოუკიდებლად ცხოვრების პრობლემები და გამოწვევები

საქართველოში მშობლებისგან დამოუკიდებლად ცხოვრება სულ უფრო პოპულარული ხდება. თუმცა ამ გზაზე დაბრკოლება ბევრია: ბინების ქირის ფასის გაზრდა, ახალგაზრდების გამოუცდელობა, ოჯახის წინააღმდეგობა.

რა გამოწვევებს აწყდებიან ახალგაზრდები, როცა დამოუკიდებლად გადაწყვეტენ ცხოვრებას…

სიყმაწვილეში ერთხელ მაინც გაფიქრებული – „18 წლის რომ გავხდები მარტო გადავალ საცხოვრებლად“, ზოგისთვის რეალობად იქცა, ზოგისთვის – ვერა. თორნიკე ბართია 21 წლის ახალგაზრდაა, რომელსაც დამოუკიდებლად ცხოვრება დიდი ხანია უნდა. თუმცა ის დღემდე მშობლებთან ერთად ცხოვრობს, ამის მთავარ მიზეზად კი, თბილისში ბინის ქირის სიძვირეს ასახელებს.

თორნიკე ბართია, 21 წლის სტუდენტი: “რა თქმა უნდა, მარტო გადასვლა მინდა. მე მაქვს ჩემი პირადი სივრცე, როგორც ყველა ადამიანს და ჩემს პირად სივრცეს ახლა სჭირდება ცალკე ცხოვრება. ამ ეტაპზე ვერ გადავდივარ მარტო საცხოვრებლად იმიტომ, რომ ბინები შედარებით ძვირია და გადასახადის გამო ჯერ ვერ შევძლებ”.

გიორგი კულელაური, „თბილისი სერვისის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ დედაქალაქში 1 წლის განმავლობაში ბინების ქირის ფასმა დაახლოებით 200-250%-ით მოიმატა. „ფასები იმდენად არის მომატებული, საქართველოს მოსახლეობისთვის აღარ არის ბიუჯეტური. საქართველოში დღევანდელი ყოფა და შემოსავალი რომ გავითვალისწინოთ, ქართველი სტუდენტისთვის 1200 ლარიდან (ქირა) და მეტი ძალიან დიდ სირთულეს წარმოადგენს. გამონაკლისის სახით შეგვიძლია ვთქვათ, როდესაც რამდენიმე ადამიანი ერთიანდება და საერთო ბიუჯეტით ქირაობენ ფართს. მხოლოდ და მხოლოდ ეს გამოსავალი აქვს ახალგაზრდა სტუდენტს“.

ბოლო ხანს საქართველოში პოპულარული გახდა ახალგაზრდების მიერ ერთობლივი ძალებით ერთი ოთახის დაქირავება.

როგორც პლატფორმის თანადამფუძნებელი მარიკა ხანთაძე ამბობს, ბინის ქირის მომატების შემდეგ ახალგაზრდები, განსაკუთრებით სტუდენტები, მიხვდნენ, რომ მათთვის რთული იქნებოდა დამოუკიდებლად საცხოვრებლის მოძიება. დღეს მათ ვებგვერდზე 4000-ზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული. მათი უმეტესობა კი 18-იდან 30 წლამდე ახალგაზრდები არიან.

„ახლა უფრო მეტი ადამიანი ეძებს “რუმმეითს”. მთავარი მიზეზი ის არის, რომ ბინის ქირის ხარჯი გაიზარდა და ლოგიკურად საჭიროებაც უფრო მეტად გაჩნდა. მეორე მხრივ, საქართველოში ახლა უფრო მეტად იწყება დამოუკიდებლობის კულტურა. უფრო მეტ ადამიანს უნდა თავისი მშობლებისგან დამოუკიდებლად იცხოვროს და ეს ერთგვარი ტრენდიცაა“.

მარიკას გამოცდილებით, მათი პლატფორმით სარგებლობენ არა მარტო რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტები, არამედ ის ახალგაზრდებიც, რომლებსაც მშობლებისგან დამოუკიდებლად უნდათ ცხოვრება.

ნუცა აგულაშვილი სტუდენტია, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა მარტო ცხოვრობს. როგორც თავად ამბობს, გერმანიაში ცხოვრებისას მიღებულმა გამოცდილებამ გაუადვილა ამ გადაწყვეტილების მიღება.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მთელი 19 წელი ვცხოვრობდი ჩემს და-ძმასთან ერთად და თითქმის არასდროს მქონია ცალკე ოთახი. გერმანიაში რომ გადავედი საცხოვრებლად, პირადი სივრცე ძალიან ძვირფასი გახდა. სამსახური რომ დავიწყე და მქონდა ფინანსური შესაძლებლობა, გადავწყვიტე, რაღაცები დამეკლო, კომფორტი შემომეტანა ჩემს ცხოვრებაში და მარტო მეცხოვრა, პირადი სივრცე მქონოდა“, – ამბობს ნუცა.

გადაწყვეტილების მიღება მისთვის მარტივი იყო, თუმცა ნუცას დედისთვის რთული აღმოჩნდა.

საქართველოში მარტო გადასვლა ცოტა ახალი ხილია და დედაჩემმაც ისე ვერ მიიღო ეს მოვლენა, როგორც მე მინდოდა. თუმცა მოვლენებზე დაკვირვების შემდეგ ორივემ გავიაზრეთ ის, რომ ეს არ ნიშნავდა, რომ ერთმანეთს ვშორდებოდით, უბრალოდ ჩემი პირადი სივრცის პატივისცემა იყო. ახლა ძალიან კარგად ვართ. ისიც მოდის ჩემთან, მეც მივდივარ მასთან“.

თბილისში ხალხი ახალგაზრდების მარტო დამოუკიდებლად ცხოვრებას დადებითად უყურებს, მეტიც, ისინი აღნიშნავენ მის დადებით გავლენას ახალგაზრდების ცხოვრებაზე.

მშობლებისგან დამოუკიდებლად ცხოვრება რამდენადაც სასურველია ახალგაზრდებისათვის, იმდენადვე რთულია და გამოწვევებით აღსავსე. ეს არის ფინანსური სახსრების ნაკლებობა, გამოუცდელობა, ოჯახის წინააღმდეგობა და ასევე ყოველდღიური ყოფის დამოუკიდებლად წარმართვის სირთულე. და მაინც, ნუცა, გიორგი თუ თორნიკე, ამ წინააღმდეგობების გადალახვას და დამოუკიდებლად ცხოვრებას ამჯობინებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend