მთავარიევროპაშვეიცარიახელოვნური ინტელექტი - მთავარი გლობალური საფრთხე

ხელოვნური ინტელექტი – მთავარი გლობალური საფრთხე

გლობალური რისკების ანგარიშის თანახმად, ხელოვნური ინტელექტი მომდევნო ორწლიან პერსპექტივაში მთავარი საფრთხეა.

მსოფლიო ლიდერები დავოსში რიგით 54-ე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმისთვის ემზადებიან. 2024 წლის ფორუმის მთავარი თემა “ნდობის აღდგენა” იქნება.

ღონისძიების მოახლოებასთან ერთად ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე რთული გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, გამოქვეყნდა გლობალური რისკების ანგარიშიც, რომლის თანახმადაც მოკლევადიან პერსპექტივაში ყველაზე დიდ საფრთხედ ხელოვნური ინტელექტი მიიჩნევა.


მედიის წარმომადგენლებთან გამართულ ბრიფინგზე მომხსენებლებმა აღნიშნეს, რომ ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით გამარტივდა დეზინფორმაციის გავრცელება და გაფართოვდა მისი არეალი, რამაც შესაძლოა მსოფლიოს გარშემო დემოკრატიულ პროცესებსაც კი შეუშალოს ხელი.

საადია ზაჰიდი, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მმართველი დირექტორი: “ვფიქრობ, 2024 წელს საკმაოდ პესიმისტური მიდგომით ვხვდებით. მომდევნო 2 და 10 წლის განმავლობაში ამ მიდგომის გაუარესებაა მოსალოდნელი. 2-წლიან პერსპექტივაში ნომერ პირველ რისკად დეზინფორმაცია მიიჩნევა. მას მოჰყვება ექსტრემალური ამინდი, საზოგადოებრივი პოლარიზაცია და სახელმწიფოთაშორისი შეიარაღებული კონფლიქტი”. ‌

კაროლინა კლინტი, კომერციული ოფიცერი: “იმის გათვალისწინებით რომ მომხმარებელზე მორგებული ხელოვნური ინტელექტის სისტემები, როგორიცაა chatgpt, მარტივად ხელმისაწვდომი გახდა, სულაც არაა გასაკვირი რომ დეზინფორმაციის გავრცელება ნომერ პირველ რისკად მიიჩნევა მოკლევადიან პერსპექტივაში. მაღალია იმის ალბათობა, რომ მომდევნო ორი წლის განმავლობაში ხელოვნური ინტელექტი იქონიებს გავლენას საარჩევნო პროცესებზე მსოფლიოს გარშემო. რასაკვირველია, შედეგად შეექმნება საფრთხე დემოკრატიულ პროცესებსაც, რამაც შესაძლოა მეტი პოლარიზაცია, არეულობა, გაფიცვა და ძალადობა გამოიწვიოს. თუმცა მეორეს მხრივ კარგი ამბავი ისაა, რომ ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია დაგვეხმაროს უკეთ გავუმკლავდეთ კიბერთავდასხმას. მას დიდი რაოდენობის ინფორმაციის დამუშავება შეუძლია და ისეთი სქემების აღმოჩენა, რაც შესაძლოა ადამიანების ყურადღების მიღმა დარჩეს”.

რაც შეეხება გრძელვადიან პერსპექტივას, რომელიც მომდევნო 10 წლით განისაზღვრება – მთავარ საფრთხედ კლიმატის ცვლილებაა მიჩნეული. ექსტრემალურ ამინდთან ერთად ადამიანები ბიომრავალფეროვნების დაკარგვას, ეკოსისტემების ნგრევასა და ბუნებრივი რესურსების ნაკლებობას შიშობენ. ყოველწლიური ფორუმი ამჯერად 120 ქვეყნიდან 2800-ზე მეტ სტუმარს უმასპინძლებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend