მთავარიამერიკააშშაშშ-ში გაზრდილი ინფლაცია რიგითი მოქალაქეებისა და მცირე ბიზნესის ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახა

აშშ-ში გაზრდილი ინფლაცია რიგითი მოქალაქეებისა და მცირე ბიზნესის ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახა

3.4%-იანი ინფლაციის შედეგად, აშშ-ში ენერგომატერებლებზე ტარიფები გაიზარდა. ამან კი ყველა სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯის ზრდა გამოიწვია.

ეკონომისტები 2024 წლის ბოლოსთვის ინფლაციის 2%-მდე დაწევას პროგნოზირებენ, რაზეც გავლენას ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებიც მოახდენს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში გასული წელი ინფლაციის საშუალოდ 3.4%-იანი მაჩვენებლით დასრულდა.

გაზრდილი ინფლაცია, რომელიც 2021 წლიდან იმატებს და პიკურ მაჩვენებელს 2022 წელს მიაღწია, ნეგატიურ გავლენას ახდენს მოსახლეობისა და მცირე ბიზნესის ეკონომიკაზე. ფასები ძირითადად ენერგომატარებლებზეა გაზრდილი, რაც სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯებსაც აძვირებს.

ფლორიდის შტატში მცხოვრები მეგან ჩერისთვის და მისი ექვსწევრიანი ოჯახისთვის, გაზრდილი ინფლაციის შედეგად მომატებული ფასები დისკომფორტს წარმოადგენს. ამბობს, ხარჯები იმდენად გაეზარდათ, რომ მათ სტანდარტულ საკვებ რაციონსაც დაეტყო. არ შიათ, თუმცა მნიშვნელოვან ეკონომიას აკეთებენ, რათა სამი შვილისთვის სხვა პირობებიც უზრუნველყონ.

„არც ისე დიდი ხნის წინ დიდ სუფრას ვშლიდით და მრავალფეროვანი კერძები გვქონდა განსაკუთრებით ვახშამზე. ექვსწევრიან ოჯახს მოგეხსენებათ სათანადო კვება სჭირდება. ამას დამატებული სხვა საყოფაცხოვრებო ხარჯები, ბავშვების სწავლა და ასე შემდეგ. ახლა ყველაფერი გაგვიძვირდა. ძალიან რთულია ყველა ხარჯთან გამკლავება. ფსიქოლოგიურად ძალიან დამღლელია იმაზე ფიქრი, რომ მომზადებული ერთი სახის კერძი ყველას ისე ეყოს, რომ მშიერი არავინ დარჩეს ოჯახში. იმდენად შევცვალეთ ცხოვრების წესები, რომ უარი ვთქვით გაზიან სასმელებზე. ვეღარ ვყიდულობთ, არადა ბავშვებს ძალიან უყვართ“, – ამბობს მეგან ჩერი.

ინფლაციის შედეგები ნეგატიურად არა მხოლოდ მოქალაქეების ოჯახების ეკონომიკურ მდგომარეობაზე, არამედ ბიზნესზეც მოქმედებს. რობერტო ტორესი, რომელიც „ბრმა ვეფხვის“ სახელით ცნობილი კაფეს მფლობელია, ამბობს რომ გაძვირდა სასმელებიც და საკვები ინგრედიენტებიც, რაც მათ ობიექტზე არსებულ მენიუში ფასებზეც აისახა.

„იმის გამო ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე ფასებმა მოიმატეს, ახლა მუყაოს ჭიქებსა და თეფშებს ვყიდულობთ, რათა ნაკლები იყოს დანახარჯი და ჭურჭლის რეცხვა არ დაგვჭირდეს. მე ემიგრანტი ვარ პანამიდან. 26 წელია უკვე აქ ვცხოვრობ, ამ კაფეს 10 წელია ვფლობ. როცა ეს კაფე გავხსენი, რძის 1 ბოთლი 3,50$ ღირდა. ახლა 5$ ღირს. მიწოდების ჯაჭვში ყველაფერი გაძვირდა. ეს ბიზნესს აზიანებს, რადგან კაფეში ხალხი ნაკლებად შემოდის“, – ამბობს რობერტო ტორესი

2022 წლიდან შეერთებულ შტატებში ინფლაცია მზარდ ტემპს განიცდიდა, რამაც ცალკეულ შტატებში მაცხოვრებლებზე მნიშვნელოვანი ნეგატიური ეკონომიკური გავლენა მოახდინა. ეკონომისტების დათვლებით, მისი სამიზნე მაჩვენებელი 2% ან 3% უნდა იყოს.

ექსპერტების თქმით, საშუალოდ ერთ ფლორიდელს ხარჯები 0,3%-ით გაეზარდა, რაც მრავალწევრიანი ოჯახისთვის არც ისე მცირეა.

ფასები გაიზარდა საცხოვრებელი სახლის გადასახადებზე, საწვავზე. შესაბამისად, გაძვირდა საკვებიც და მომსახურებაც.

ეკონომისტები გათვლებს, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოლოდინებზეც აკეთებენ. მათი ვარაუდით, არჩევნების შედეგი მათ შორის ინფლაციის ზღვარზეც იმოქმედებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend