ღაზის ცენტრში, ქალაქ დეირ ელ-ბალაჰში, ისრაელის სამხედრო შეტევას 20 ადამიანი ემსხვერპლა.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელმა საჰაერო იერიში ორსართულიან შენობაზე მიიტანა, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობდა. ისრაელის მხარე კი აცხადებს, რომ ისინი მხოლოდ დაჯგუფება „ჰამასს“ უტევენ, „ჰამასის“ წევრები კი სპეციალურად არიან ისეთ ადგილებში, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს.
სამხედრო მოქმედებები ძირითადად ღაზის სექტორში მიმდინარეობს, მაგრამ ისრაელის ლიდერები აცხადებენ, რომ თუ ლიბანის სამხედრო დაჯგუფება „ჰეზბოლა“ იერიშებს გააგრძელებს, მაშინ ისრაელი მზადაა, ბრძოლა ჩრდილოეთით ლიბანის საზღვართანაც დაიწყოს.
„ღაზაში არ არსებობს კვადრატული კილომეტრი, სადაც ვერ შევაღწევთ. რაც არ უნდა გააკეთოთ, მაინც ვერ დაგვემალებით. „ჰეზბოლას“ ქმედების გამო არც ლიბანშიც იქნება ისეთი ადგილი, სადაც ვერ შევალთ და ტერორისტულ დაჯგუფებას ვერ გავანადგურებთ”, – განაცხადა ვიცე-პოლკოვნიკმა ჰერცი ჰალევმა.
ვითარება ისრაელსა და ლიბანს შორის კიდევ უფრო დაიძაბა 2 იანვარს, როდესაც ქალაქ ბეირუთში "ჰამასის" ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს.https://t.co/g5vavMb1k8
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) January 5, 2024
ლიბანში „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა დადებითად შეაფასა გაეროში სამხრეთ აფრიკის წარმომადგენლობის გადაწყვეტილება
გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში სამხრეთ აფრიკამ ისრაელის წინააღმდეგ გენოციდის საქმე წამოიწყო. „ჰამასის“ ლიდერების თქმით, ეს ისტორიული და გაბედული ნაბიჯია.
„ჩვენ მივესალმებით და ვაფასებთ იმ ქვეყნების პოზიციას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ისტორიულ, გაბედულ გადაწყვეტილებას, მათ სარჩელი შეიტანეს ნაცისტური ოკუპაციის წინააღმდეგ. მოვუწოდებთ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს, არ მოექცეს ზეწოლის ქვეშ და არ დაემორჩილოს ამერიკის ადმინისტრაციის მიერ მიცემულ მითითებებს, რომლებიც სასამართლო პროცესებს აფერხებს. ამერიკის ადმინისტრაცია თანამშრომლობს ისრაელთან, ამიტომ ის პასუხისმგებელია იმ გენოციდზე, რომელიც ღაზაში ჩვენი ხალხის წინააღმდეგ არის მიმართული”, – აცხადებს „ჰამასის“ მაღალჩინოსანი, ოსამა ჰამდანი.
ისრაელი კი გენოციდთან დაკავშირებულ ყველა ბრალდებას უარყოფს.