მთავარისაქართველოსაქართველოში კორონავირუსზე მეტად გრიპის ვირუსებია გავრცელებული

საქართველოში კორონავირუსზე მეტად გრიპის ვირუსებია გავრცელებული

სეზონური ვირუსებიდან საქართველოში ყველაზე მეტად ე.წ. “ღორის გრიპია“ გავრცელებული. კორონავირუსის გავრცელება კი მცირეა. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში საქართველოში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას აფასებენ.

ზამთრის ვირუსული სეზონი ტრადიციულად წელსაც მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს მთელი მსოფლიოსთვის. ჯანდაცვის სპეციალისტების ცნობით, ახლა მსოფლიოში სამი ძირითადი რესპირატორული ვირუსი ცირკულირებს. ესენია: გრიპის, COVID-19-ისა და სხვა რესპირატორული ინფექციები. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გაფართოებული ფორმატის სხდომაზე ამ საკითხზეც ისაუბრეს. ჯანმოს ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადანომ გებრეიესუსი და ჯანდაცვის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ კოვიდის ვირუსის ახალი შტამის JN.1-ის გავრცელება საყურადღებოა. განსაკუთრებულ გამოწვევას კი ამ ვირუსების ბავშვებში გავრცელება და პათოლოგიები წარმოადგენს. მათი რჩევით სახელმწიფოებმა კოვიდისა და გრიპის ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინაციის წახალისება უნდა მოახერხონ.

„იმის მიუხედავად, რომ COVID-19 აღარ წარმოადგენს გლობალური მასშტაბის პანდემიას და ამ მხრივ აღარ არის საგანგებო მდგომარეობა, ვირუსი კვლავ ცირკულირებს, იცვლება მუტაციების სახით და კლავს. სხვადასხვა სარწმუნო წყაროდან მიღებული ინფორმაციით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ გასული წლის დეკემბრის განმავლობაში ვირუსის გავრცელების რაოდენობა გაიზარდა. ეს დიდწილად სადღესასწაულო შეკრებებითაც არის გამოწვეული და თან ამ პერიოდში ახალი შტამი JN.1 ვარიანტიც გამოვლინდა. ახლა ის მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ვარიანტია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2023 წლის დეკემბრის მონაცემებით, მსოფლიოში კოვიდით სიკვდილის 10 000-ამდე შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებულთა ჰოსპიტალიზაცია 42%-ს აღწევს, რაც გასული წლის ნოემბერთან შედარებით 62%-ით მაღალი მაჩვენებელია“, – აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს ადანომ გებრეიესუსი.

საქართველოში ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, გრიპის სეზონური ვირუსებიდან მიმდინარე პერიოდში ყველაზე მეტად ე.წ. ღორისა და რესპირატორული ვირუსებია გავრცელებული.

“რაც შეეხება კორონავირუსს, მისი სხვადასხვა შტამის გავრცელება არც ისე საგანგაშო ნიშნულზეა”, – აცხადებენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში.

“საქართველოში გავრცელებული ვირუსებიდან კი კოვიდი მხოლოდ 3%-ს უდასტურდება”, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. ამავე ორგანიზაციის ინფორმაციით, ქვეყანაში მხოლოდ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინებია ხელმისაწვდომი, კორონავირუსის ვაქცინები კი არა. ამის მთავარ მიზეზად კოვიდით ინფიცირებისა და აცრების სიმცირე სახელდება.

“მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, გავრცელებულ ვირუსთა შორის საქართველოშიც გრიპის ვირუსები დომინირებს. თუმცა ამ ეტაპზე ვითარება საგანგაშო არ არის”, – ამბობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე. მისი თქმით, დაინფიცირებულთა 40%-ზე მეტ შემთხვევაში H1N1-ის ვირუსი, ე.წ. „ღორის გრიპი“, გვხვდება. კორონავირუსების შტამების გავრცელება კი მხოლოდ 3%-ამდეა, რაც ყველაზე მცირეა სხვა ვირუსთა შორის. რაც შეეხება კოვიდის ახალ შტამს JN.1-ს, მისი თქმით, ის ჯერ საქართველოში არ გავრცელებულა და სავარაუდოდ, იანვრის ბოლომდე არც გამოვლინდება. პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ ჰოსპიტალური სექტორი განსაკუთრებით ბავშვებში გავრცელებული დაავადებების მართვას კარგად უმკლავდება და არც ვითარების დამძიმებას ელის.

“ჩვენთან ძირითადად გავრცელებულია A ტიპის გრიპის ვირუსები. მათ შორის ყველაზე მეტად დაახლოებით 40%-ის შემთხვევაში გავრცელებულია H1N1-ის ვირუსი, ე.წ. „ღორის გრიპი“. ძირითადად ბავშვებში უფრო მეტად ხდება ინფიცირება რთულ ფორმებში. თუმცა ეს არ არის საგანგაშო ვითარება. რაც შეეხება კორონას, ჯერჯერობით ამ ვირუსის გავრცელება მცირეა. ჩვენი დაკვირვებით, ინფიცირებულთა 3%-ს უდასტურდება ეს პანდემიური ვირუსი. ამათგან, ყველაზე საყურადღებო გრიპის ვირუსებია. ამ ვირუსების გავრცელების მეორე ტალღა შეიძლება იყოს თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისში. რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორსა და მართვას, შემიძლია ვთქვა, რომ კორონავირუსის პანდემიას გამკლავებული ჯანდაცვის სისტემა, კარგად ართმევს თავს მოცემულ ვითარებაში და არც დამძიმების შემთხვევაში გაუჭირდება“, – აცხადებს პაატა იმნაძე.

ვირუსების წინააღმდეგ საბრძოლველად პაატა იმნაძე მთავარ მნიშვნელობას ვაქცინაციას ანიჭებს. მისი თქმით, ქვეყანაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების საკმარისი მარაგია. რაც შეეხება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებს, მისი თქმით, ეს ვირუსი ჯერ ისე არ გავრცელებულა, რომ ამ ვაქცინების შემოტანის აუცილებლობა იყოს. თუმცა მისივე თქმით, ახალი შტამის ახალი ვაქცინის შემოტანისთვის სახელმწიფო მოლაპარაკებებს აწარმოებს.

„ვაქცინაცია, რა თქმა უნდა, კვლავ რჩება თავის დაცვის საუკეთესო საშუალებად. დღეს გავრცელებისა და სიმძიმის მხრივ გრიპის ვირუსებია წამყვანი და მათი საწინააღმდეგო ვაქცინების მარაგი ქვეყანაში საკმარისია. მიმდინარეობს ვაქცინაციაც. კოვიდი როგორც გითხარით ჯერ არ გავრცელებულა მასშტაბურად და არ გვაქვს მისი საწინააღმდეგო ვაქცინა, მით უმეტეს, ახალი შტამის. მისი ვაქცინა მოგეხსენებათ სულ ახალია და თუ არ ვცდები ოქტომბერში შეიმუშავეს. ამიტომ ბევრ ქვეყანაში ჯერ არ აქვთ. თუმცა მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ჩვენთანაც შემოვიტანოთ“, – აცხადებს პაატა იმნაძე.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ საქართველოში სეზონური ვირუსების გავრცელების ორი ტალღა ვლინდება. პირველი შემოდგომა-ზამთრის, მეორე კი გალახულის პირველი ნახევრის. სპეციალისტების პროგნოზით, გრიპისა და სხვა რესპირატორული ვირუსების გავრცელების მხრივ, გაზაფხულის სეზონი უფრო მძიმეა, ვიდრე ზამთრის. მედიკოსების რჩევით, პირბადის ტარება, ჰიგიენური ღონისძიებები და ვაქცინაცია, დაავადებებთან ეფექტური ბრძოლის საუკეთესო საშუალებებად რჩება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend