საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც მოუწოდებს მატრონა მოსკოველის ხატის შემომწირველებს, შეცვალონ ეპიზოდი სტალინთან დაკავშირებით.
განცხადებაში წერია, რომ ხშირად ხატებზე წმინდანების ცხოვრების ეპიზოდებია გამოსახული, თუმცა “რადგან წმ. მატრონას სტალინთან შეხვედრის საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს, აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა”.
მატრონა მოსკოველის ხატის შესახებ ფოტო და ვიდეომასალა სოციალურ ქსელში 6 იანვრის საღამოს გავრცელდა. მოგვიანებით, “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა ირმა ინაშვილმა დაწერა, რომ ხატი სამების საკათედრო ტაძარს მან შესწირა.