ეკვადორის პრეზიდენტმა დანიელ ნობოამ სამი დღის განმავლობაში უკვე მეორე განკარგულება გამოსცა ქვეყანაში მოქმედ ნარკორეალიზატორთა 20 დაჯგუფების ტერორისტულ ჯგუფებად გამოცხადების შესახებ. ბრძანების საფუძველზე სამხედროებს მათი განეიტრალების უფლება აქვთ.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სამხრეთამერიკულ ქვეყანაში შიდაშეიარაღებული დაპირისპირებაა
გუშინ, 9 იანვარს ნიღბიანი პირები იარაღითა და ასაფეთქებლებით ეკვადორის საზოგადოებრივ ტელევიზიაში პირდაპირი ეთერის მიმდინარეობისას შეიჭრნენ.
ნიღბიანი და შეიარაღებული პირები ხმამაღლა ამბობდნენ, რომ თან ჰქონდათ ბომბები. კადრში გასროლის ხმაც ისმოდა. ჯერჯერობით უცნობია, დაშავდა თუ არა ტელევიზიის რომელიმე თანამშრომელი.
ეკვადორის ეროვნული პოლიციის უფროსმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ხელისუფლებამ დააკავა ყველა თავდამსხმელი. სესარ საპატამ აღნიშნა, რომ ამოღებულია იარაღი და ასაფეთქებლები, რომლებიც თავდამსხმელებს ჰქონდათ თან.
ეკვადორში ძალადობა მას შემდეგ გახშირდა, რაც ერთ-ერთი დაჯგუფების ლიდერი ადოლფო მასიასი თავისი საკნიდან გაუჩინარდა. იგი იმ დღეს მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში უნდა გადაეყვანათ.
პოლიციამ გამოძიება დაიწყო და პატიმრის შესაძლო გაქცევასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენა ორ ბადრაგს, თუმცა პოლიციას, სასჯელაღსრულების სისტემისა და ფედერალური მთავრობის წარმომადგენლებს არ დაუდასტურებიათ, ნამდვილად გაიქცა თუ არა პატიმარი. შესაძლოა, იგი დაწესებულებაშივე იმალებოდეს.