მთავარიევროპაუკრაინარუსული სარაკეტო იერიში უკრაინაში

რუსული სარაკეტო იერიში უკრაინაში

უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა მტკიცებით, რუსეთი სარაკეტო იერიშების დროს სხვადასხვა ტიპის რაკეტას იყენებს. “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ანგარიშის მიხედვით, ესაა ჰიპერბგერითი რაკეტები „კინჯალები“, ფრთოსანი რაკეტები, საჰაერო მართვადი რაკეტები და ბალისტიკური რაკეტები „ისკანდერები“. ამავდროულად, კრემლი კვლავ აქტიურად იყენებს ირანულ უპილოტო საფრენ აპარატებსაც. ამ ფონზე უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა იური იჰნატმა აღნიშნა, რომ მხოლოდ „პატრიოტის“ სისტემის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს შეუძლია მსგავსი იერიშების მოგერიება. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ რუსულ იერიშებს მალე შესაბამისი რეაქცია მოჰყვება.

“სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ მასშტაბური სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინაზე. დაიბომბა ხარკივი, ხარკივის რეგიონი, ზაპორიჟია, კრივი-რიჰი, ხმელნიცკის რეგიონი. 45 ადამიანია დაშავებული. გარდა ამისა, ამ მომენტისთვის გვაქვს ინფორმაცია, რომ 4 ადამიანია დაღუპული. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებს. ტერორისტული სახელმწიფო მალე იგრძნობს ჩვენს პასუხს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში რუს ოკუპანტებთან 67 სამხედრო შეტაკება იყო. ოფიციალური მონაცემებით, ოკუპანტებმა 55 სარაკეტო და 22 საავიაციო იერიში მიიტანეს უკრაინულ ქალაქებზე. რუსული არტილერიით დაიბომბა დაახლოებით 130 დასახლებული პუნქტი, მათ შორის ჩერნიჰივის, სუმის, ხარკივის, ლუჰანსკის, ხერსონის, მიკოლაივის, დონეცკისა და ზაპორიჟიის ოლქები. არიან დაშავებულები და დაღუპულები. “ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” მონაცემებით, უკრაინის არმია, რომელიც იარაღის ნაკლებობას განიცდის, ბრძოლის ველზე არსებულ გამოწვევებს ეგუება. 

“ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ცნობით, კიევს საარტილერიო ჭურვების მწირი რაოდენობა აქვს, ამ დანაკლისს კი იმით ივსებს, რომ ინტენსიურად მიაქვს იერიში  დრონებით.  ბოლო მონაცემებით, უკრაინაში 450 000 რუს სამხედროზე მეტი იმყოფება. ამავდროულად, რუსულ სამხედრო ბლოგებზე გავრცელდა ცნობები, რომ ბელგოროდი კვლავ უკრაინული დრონების სამიზნეა. გართულებული კლიმატური პირობების გამო კი სახმელეთო იერიშების ტემპი მნიშვნელოვნადაა შემცირებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend