მთავარიამერიკააშშ"ოპენჰაიმერმა" "ოქროს გლობუსის" ხუთ ნომინაციაში გაიმარჯვა

“ოპენჰაიმერმა” “ოქროს გლობუსის” ხუთ ნომინაციაში გაიმარჯვა

აშშ-ში, ლოს ანჯელესში, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოპრემიის “ოქროს გლობუსის” 81-ე დაჯილდოება გაიმართა.

ცერემონიას წლის ყველაზე გამორჩეული და წარმატებული ფილმების მთავარი როლის შემსრულებლები და რეჟისორები ესწრებოდნენ, მათ შორის იყვნენ “ბარბის”, “ოპენჰაიმერის”, “ვონკას”, “საცოდავი არსებების”, “ყვავილის მთავრის მკვლელებისა” და სხვა კინონამუშევრების შემსრულებლები.

წლევანდელ პრემიაზე ყველაზე მეტ 9 ნომინაციაში იყო წარდგენილი გრეტა გერვიგის “ბარბი”. ფილმმა ოქროს გლობუსი კინემატოგრაფიული და კომერციული წარმატებისთვის მოიპოვა.

მარგო რობი, “ოქროს გლობუსის” დაჯილდოების ცერემონია Copyright Photo by Jordan Strauss/Invision/AP

თუმცა წლევანდელ დაჯილდოებაზე ყველაზე მეტი პრემია კრისტოფერ ნოლანის ოპენჰაიმერს ერგო. სულ 5 ოქროს გლობუსი 8 ნომინაციიდან.

კრისტოფერ ნოლანი საუკეთესო რეჟისორად დასახელდა, მისი ნამუშევარი კი საუკეთესო მხატვრულ ფილმად. დრამის ჟანრში საუკეთესოდ შესრულებული კაცის როლისთვის ჯილდო კილიან მერფიმ მიიღო, რობერ დაუნი უმცროსმა კი საუკეთესოდ შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის მხატვრულ ფილმში. ფილმმა ასევე მიიღო ჯილდო საუკეთესო ორიგინალური კინომუსიკისთვის.

კრისტოფერ ნოლანი: “ვფიქრობდი, მარტივი იქნებოდა ჩემთვის ამ ჯილდოს მიღება, როგორც რეჟისორისთვის, მაგრამ ახლა როცა აქ ვარ, ვხვდები, რომ ამ ჯილდოს მიღება მხოლოდ და მხოლოდ სხვა ადამიანების ნაცვლად შემიძლია. როგორც რეჟისორები ჩვენ ადამიანებს ვაერთიანებთ და ვცდილობთ მათი საუკეთესო მხარეები გამოვავლინოთ”.

კილიან მერფი:”როგორც კი პირველად დავდგი ფეხი კრისტოფერ ნოლანის გადასაღებ მოედანზე, მაშინვე მივხვდი, რომ იქ რაღაც განსხვავებული ხდებოდა. მე იქ სულ სხვა დონის მონდომება, ფოკუსი და თავდადება დავინახე. მსახიობებს დაჯდომის შესაძლებლობაც კი არ გვქონდა. ვიცოდი, რომ განსაკუთრებული ხედვის მქონე რეჟისორის ხელში ვიყავი”.

დრამაში ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაში ლილი გლედსტონმა გაიმარჯვა, მის მიერ განსახიერებული როლისთვის მარტინ სკორსეზეს ფილმში “ყვავილის მთვარის მკვლელები”.

იორგოს ლანთიმოსის “საცოდავი არსებები” საუკეთესო მხატვრულ ფილმად დასახელდა მიუზიკლს ან კომედიის ჟანრში. ემა სტოუნი კი ამ ფილმში შესრულებული როლისთვის ჟანრში საუკეთესო მსახიობ ქალად დასახელდა.

ამავე ნომინაციაში კაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ოქროს გლობუსი პოლ ჯიამატიმ მიიღო. საუკეთესო ანიმაციად კი ჰაიო მიაზაკის “ბიჭი და ყანჩა” დასახელდა.

საუკეთესო სცენარისთვის დაჯილდოვდნენ ჟუსტინ ტრიე და არტუტ ჰარარი ფილმისთვის “დაცემის ანატომია”, რომელიც ამავდროულად საუკეთესო არაინგლისურენოვან ფილმადაც დასახელდა.

საუკეთესო ორიგინალური სიმღერისთვის ოქროს გლობუსი ბილი აილიშიმა და ფინეას ო-კონელმა მიიღეს “ბარბისთვის” დაწერილი სიმღერისთვის.

საუკეთესო სერიალი დრამა „მემკვიდრეობა“ გახდა, საუკეთესო სერიალი მიუზიკლი ან კომედია კი „დათვი“.

“ოქროს გლობუსს” ყოველწლიურად ჰოლივუდში აკრედიტებული უცხოელი ჟურნალისტები გასცემენ.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პრემიის გარშემო არაერთი სკანდალი შეიქმნა, 2023 წლის ივნისში, მრავალწლიანი დავის შემდეგ, დაიშალა “ოქროს გლობუსის” დამფუძნებელი ორგანიზაცია “ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაცია”. 2024 წელს კი ახალ ტელეარხზე გამოჩნდა ახალი ოქროს გლობუსი, რომელსაც ხელახლა მოუწევს მოიპოვოს აღიარება “ოსკარისა” და “გრემის” დაჯილდოებების მსგავსად.

რობერტ დაუნი უმცროსი: “და ბოლოს… ოქროს გლობუსის ჟურნალისტებო, გმადლობ, რომ შეცვალეთ თქვენი თამაში, და შესაბამისად, შეცვალეთ თქვენი სახელიც”.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend