მთავარიაზიაღაზაღაზის მთავარ საავადმყოფოს ექიმების დიდი ნაწილი ტოვებს

ღაზის მთავარ საავადმყოფოს ექიმების დიდი ნაწილი ტოვებს

ღაზიდან ვრცელდება ცნობები, რომ მოახლოებული ბრძოლების გამო ექიმები, პაციენტები თუ სხვა პირები ცენტრალური ღაზის მთავარი საავადმყოფოდან გარბიან. “ჰამასსა” და ისრაელს შორის შეტაკებები რაიონს სულ უფრო და უფრო უახლოვდება, სწორედ ამიტომ „ძალზე სახიფათოს“ უწოდებს დეირ ალ-ბალაჰში მდებარე ალ-აქსის საავადმყოფოში დარჩენას სხვადასხვა ჰუმანიტარული ჯგუფი, მათ შორის „ექიმები უსაზღვროდ წევრები,“ რომლებმაც რაიონი უკვე დატოვეს. ამ ფაქტმა იმ ადამიანებს შორის, რომლებიც ალ-აქსას კლინიკაში რჩებოდნენ, პანიკა დათესა, ბევრი მათგან ვისაც წასვლა შეეძლო, გაიქცა, თუმცა ამ საავადმყოფოში რჩება ძალიან ბევრი პაციენტი და ასევე ცოტა ექიმი. ადგილზე არიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს წარმომადგენლები. ისინი მსოფლიოს საავადმყოფოს დაცვისკენ მოუწოდებენ. ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ბრძოლა კიდევ მრავალ თვეს გასტანს მანამ, სანამ “ჰამასი” სრულად არ განადგურდება.

ღაზას ცენტრში ალ-აქსას საავადმყოფოს წინა მხარეს თავდასხმის შედეგად დაღუპულთა სულებისთვის ლოცულობენ და დგანან პალესტინელები ერთმანეთის მონაცვლეობით, ისინი ვინც დარჩნენ…

ალ-აქსას საავადმყოფოში ისრაელის დაბომბვის შედეგად დაშავებულები მიჰყავთ, ღაზის სექტორი Copyright Anadolu Agency

გვამები მიაქვთ მანქანით, სახურავითა თუ სავარძლით, მიაქვთ ხელითაც და ხალიჩის დახმარებით, ყველა შესაძლო გზით..
და თან მაშინ, როცა იქ დგომაც სახიფათოა.

„მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, დაიცვან ჩვენი სამედიცინო პერსონალი და ჩვენი საავადმყოფოები. დღეს ჩვენ რეალური კატასტროფის ზღვარზე ვდგავართ და თუ ეს კატასტროფა მოხდება, ჩვენ აღარ გვექნება შესაძლებლობა სამედიცინო მომსახურება გავუწიოთ ქუჩაში მძიმედ დაჭრილ ჩვენს ხალხს“, – იად აბუ ზაჰერი, ალ-აქსას საავადმყოფოს დირექტორი.

“ჰამასის” თავდასხმის საპასუხოდ ისრაელის მიერ წამოწყებულ იერიშს ღაზაში 22 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაიჭრა 58 ათასზე მეტი. ღაზის 2 მილიონნახევრამდე მოსახლეობის თითქმის 85% იძულებით გადაადგილებულ პირად იქცა. მოსახლეობის ერთი მეოთხედი კი შიმშილის ზღვარზეა. კლინიკიდან მოახლოებული საფრთხის ფონზე მედპერსონალი გარბის, თუმცა ვერ გარბიან პაციენტები.


“ერთ-ერთი ის მოთხოვნა, რომლითაც საავადმყოფოს დირექტორმა მოგვმართა, იყო კლინიკის დაწესებულების დაცვა და ჩვენ ვამბობთ, რომ ეს აუცილებელია. საავადმყოფოები დაცული უნდა იყოს. ჯანდაცვის მუშაკები დაცულები უნდა იყვნენ. პაციენტები უსაფრთხოდ უნდა იყვნენ. და ჩვენ აქ ვხედავთ, რომ ეს საავადმყოფო ნამდვილად იბრძვის პაციენტების გადასარჩენად. ბევრი, უამრავი დაშავებულია და ძალიან ცოტაა სამედიცინო პერსონალი. ეს ნაწილობრივ იმიტომაც ხდება, რომ ექიმებსა თუ ექთნებს აქ მოსვლის ეშინიათ… ბევრი მათგანი გაიქცა. თუმცა ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დაცვა. ჯანდაცვის დაწესებულებების დირექტორმა მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, ჯანმო-სა და გაეროს, რომ მაქსიმალურად დაიცვან ეს საავადმყოფო და სხვა საავადმყოფოები ღაზას სექტორში დარწმუნდნენ, რომ პაციენტები და მოსახლეობა განაგრძობენ დახმარების მიღებას. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი და ეს არის ის, რატომაც ვართ დღეს აქ”- შონ კეისი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი.

„ამ საავადმყოფოს შიგნით გვყავს ბავშვები, რომლებსაც ახლახანს მოხვდათ ნამსხვრევები. ჩვენ გვყავს ბავშვები, რომლებსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ახლახანს ესროლეს. ჩვენ გვყავს ქალი, რომელიც 6 დღის განმავლობაში ცდილობდა საავადმყოფომდე მოსვლას და ვერ ახერხებდა, რადგან მის ირგვლივ შეტაკებები იყო. ასე რომ პირველ რიგში აქ იმისთვის ვართ, რომ ალ-აქსას საავადმყოფო დარჩეს დაცული. და აუცილებლად უნდა დარჩეს დაცული. ექიმები და ექთნები, აი, ისინი ვინც აქ მუშაობენ, გმირები არიან. რაც შეუძლიათ ყველაფერს აკეთებენ,  არ სძინავთ, არ ჭამენ, არ იციან მათი ოჯახის წევრები ცოცხლები არიან თუ არა და სხვების სიცოცხლისთვის იბრძვიან. ეს ადამიანები, ეს საავადმყოფო უნდა იყოს დაცული!“ – ჯემა კონელი, ღაზის გუნდის ლიდერი, გაეროს ჰუმანიტარული საქმეთა კოორდინაციის ოფისი.

ისრაელის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში ძირითადად დასრულდა სამხედრო ოპერაციები და ამჟამად კონცენტრირებულები არიან ცენტრალურ ნაწილსა და სამხრეთში მდებარე  ქალაქ ხან-იუნისზე. ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, ბრძოლა კიდევ მრავალ თვეს გასტანს მანამ, სანამ “ჰამასი” სრულად არ განადგურდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend