მთავარიევროპაუკრაინაჯონ კირბი: „რუსულ არმიაში მართვისა და კონტროლის მხრივ სავალალო მდგომარეობაა“

ჯონ კირბი: „რუსულ არმიაში მართვისა და კონტროლის მხრივ სავალალო მდგომარეობაა“

რუსეთის საოკუპაციო არმია კვლავ ბომბავს უკრაინის ქალაქებს. ოფიციალური მონაცემებით, ერთ დღეში უკრაინის მცველებს 58 საბრძოლო დაპირისპირება ჰქონდათ რუს ოკუპანტებთან. ამავდროულად, კრემლმა 58 საავიაციო და 57 საარტილერიო იერიში მიიტანა უკრაინის ტერიტორიაზე. დაიბომბა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. სამაშველო დანაყოფებთან ერთად მოხალისეებიც ცდილობენ დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას. ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორის ჯონ კირბის აზრით, რუსეთმა სარაკეტო იერიში იმიტომ გააქტიურა, რომ უკრაინის ქვეით ძალასთან პირისპირ ბრძოლა უჭირს. ამ ფონზე კი გარკვეული დანაკლისის შევსებას კრემლი სხვა ქვეყნების დახმარებით ახერხებს. როგორც ჯონ კირბი აღნიშნავს, დრონებით იერიშის დროს კრემლი ირანულ შეიარაღებას იყენებს.

„პუტინს, ზელენსკისგან განსხვავებით, არ სჭირდება, აუხსნას საკუთარ მოქალაქეებს დამატებითი მობილიზაციის მიზეზები. ასევე იცით, რომ პატიმრებსაც უშვებენ ფრონტის ხაზზე. ბოლო ორი წლის განმავლობაში პუტინმა დიდძალი ცოცხალი ძალა დაკარგა, თუმცა ის მაინც აგრძელებს ომს. მედლის მეორე მხარეა ის, რომ რუსულ ჯარში მართვისა და კონტროლის მხრივ კვლავ სავალალო მდგომარეობაა. მორალი აღარ არსებობს. ისინი ძირითადად შორ მანძილზე ურტყამენ, რადგან ეს უკეთ გამოსდით. როდესაც რუსები უკრაინულ ძალებს პირისპირ ებრძვიან, ვერ აღწევენ წარმატებას. რუსულ კონტრიერიშსაც შედეგი არ ჰქონია. ამ არმიამ ვერაფერი ისწავლა ორი წლის განმავლობაში“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

შეიარაღების დანაკლისს უკრაინული არმიაც განიცდის. უკრაინის პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყანას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან 37 მილიარდი დოლარის მხარდაჭერა სჭირდება. პრემიერ-მინისტრი შმიჰალი დასძენს, რომ უკრაინა დიდ ზარალს განიცდის რუსული სარაკეტო იერიშების გამო, თუმცა ქვეყნის ენერგეტიკამ გაუძლო გამოცდას. ბიუჯეტის დაგეგმარებისას კი მთავარი აქცენტი 2024 წელს სამხედრო მრეწველობის მნიშვნელოვნად გაზრდაა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მონაცემებით, აქტიური საბრძოლო მოქმედებები ფრონტის აღმოსავლეთ ფლანგზე გრძელდება. განსაკუთრებით სასტიკი ბრძოლა კვლავ დასახლება ავდიივკასთანაა, სადაც 27 სხვადასხვა ინტენსივობის იერიში მოიგერია უკრაინის არმიამ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend